რა მოგდით პირველად თავში, როდესაც მოზარდებზე ფიქრობთ? აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა მათ ეგოცენტრულებად, ჯიუტებად და უცნაურად ჩაცმულებად ახასიათებენ. მაგრამ მშობლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ყველა მოზარდი ერთნაირი არ არის და მოზარდების დიდი ნაწილი მშვიდი ხასიათით, სწავლისადმი ინტერესითა და კარგი დისციპლინით გამოირჩევა. გარდატეხის ასაკში გადასვლა არ არის წამოჭრილი სირთულეების განმაპირობებელი. კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი კრიზისი განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელია. მოზარდობის ერთ-ერთი მახასიათებელი გარეგნობის ცვლილების სურვილია. რატომ იცვლიან გარეგნობას მოზარდები – გადაცემის 7 რჩევა ფსიქოლოგისგან სტუმარია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაწყებითი განათლების კონსულტანტი, ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა.
რა თავისებურებებით გამოირჩევა გარდამავალი ასაკი?
გარდამავალი ასაკი გამოირჩევა იმით, რომ ამ პერიოდში მოზარდის განვითარების ყველა მხარე განიცდის სერიოზულცვლილებებს: იგი ეხება ანატომიურ – ფიზიოლოგიურ,გონებრივ და სოციალურ-პიროვნულ სფეროს. მოზარდობა 10-11 წლიდან 16_19 წლამდე პერიოდს მოიცავს. ასეთი სერიოზული ცვლილებები მხოლოდ მუცლადყოფნისა ან ჩვილობის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, პატარებისგან განსხვავებით, მოზარდები ამ ცვლილებებს ინტერესის, შიშისა და სიხარულის შეგრძნებით აკვირდებიან. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მოზარდებს უჩნდებათ დიდი ინტერესი სხეულის შეცვლილი ხატის, სხვების მისსადმი დამოკიდებულებისა და ახალი იერით, შესაძლებლობებით სოციუმში ადგილის დამკვიდრების მიმართ.
მკვეთრად მატულობს როგორც ზრდის, ისე სასქესო ჰორმონების გამომუშავება და იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით გამოიხატება. ამასთანავე მომწიფების პროცესს შეიძლება თან ახლდეს წონაში მატება, ზოგჯერ აკნე (სახეზე გამონაყარი), დაჩქარებული ზრდის გამო მოუქნელობა. თუ მოზარდს არ ეცოდინება, რომ ეს ყოველივე კანონზომიერმიერი და დროებითი მოვლენაა, შესაძლოა მასში ამ ყოველივემ მასში ძლიერი დისკომფორტი გამოიწვიოს.
უკავშირდება თუ არა გარეგნობის ცვლილებების სურვილი შემეცნებით განვითარებას?
მოზარდები იწყებენ აბსტრაქტული ცნებებით აზროვნებას, პრობლემის გადასაჭრელად მათ უკვე აღარ სჭირდებათ – თვალსაჩინო ნიშნები ან ნაცნობი ფაქტები. ამიტომაც, მოზარდები იწყებენ ფიქრს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – სიყვარული, მეგობრება, ერთგულება, პატიოსნება.
სხეულსა და აზროვნების პროცესში ცვლილებები იწვევს ისეთ თავისებურებას როგორიც არის – წარმოსახული აუდიტორია. მას შემდეგ, რაც მოზარდებს უჩნდებათ უნარი საკუთარი აზრების გაანალიზებისა და ძირითადად თვითანალიზით არიან დაკავებულნი, თვლიან, რომ სხვებსაც ასევე აინტერესებთ მათი გარეგნობა, საქციელი და გონებრივი შესაძლებლობები. მოჭარბებული სიმორცხვე ან ხალხმრავალ გარემოში არადეკვატური ქცევა ამ ასაკში სწორედ ,,წარმოსახული აუდიტორიით“ და მასზე შთაბეჭდილების მოხდენით იხსნება.
აგრეთვე, იმის გამო, რომ მათ მუდამ აკვირდება წარმოსახული აუდიტორია, მათ უჩნდება საკუთარი განუმეორებლობის განცდა. რომ რაღაც უნარები, პრობლემები მხოლოდ მათ ახასიათებთ და სხვა არავის. ამ თავისებურებამ შეიძლება გარკვეული პრობლემებიც გამოიწვიოს: რომ ექსტრემალურმა სპორტმა ან გატაცებებმა შეიძლება სხვას ავნოს, მათ კი არავითარ შემთხვევაში.
ცვლილებებიდან გამომდინარე მოზარდს – უჩნდება კითხვები: ,,ვინ ვარ?”, ,,როგორი ვარ?”. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი ვარ) და მოახდინოს ამ მრავალრიცხვოვანი ,,მე”-ს ხატების გამთლიანება პიროვნულ იდენტობაში. თუ მოზრდი წარმატებით გადაწყვეტს ამ ამოცანას, ის გააცნობიერებს იმას, თუ “ვინ” არის და რა უნდა, რის გამოც იგი მეტად გაცნობიერებულ არჩევანს გააკეთებს მეგობრების, პროფესიისა თუ პარტნიორის შერჩევის თვალსაზრისით (თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იდენტობის სრულყოფა და მასში სხვადასხვა როლების ინტეგრაცია ამ პერიოდში არ სრულდება და შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს).
რამდენად დიდი როლს თამაშობს თანატოლთა წრე?
მოზარდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანატოლები ხდებიან. ვინც სწორედ იმ დროს განიცდიან ცვლილებებსა და მათთან შეგუების პროცესს. მათზე უმცროსები მათთვის სოციალურად უმწიფარნი არიან, ხოლო უფროსები კვლავ პატარებივით ეპყრობიან, მოზარდები კი სწორედ მათი კონტროლისგან ცდილობენ თავის დაღწევას და თანასწორობაზე ორიენტირებულ ურთიერთობებს ეძებენ.
ეს თავისებურებები ვლინდება მოზარდთა ჩაცმის სტილშიც. მოზარდები სწორედ უფროსებისგან განსხვავებულ ჩაცმის სრილს ირჩევენ, რითაც ერთის მხრივ ხაზს უსვამენ, რომ არც პატარები აღარ არიან და არც დიდები, და მეორეს მხრივ პროტესტს უცხადებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. ამასთანავე, ჩაცმის სტილით ცდილობენ გამოხატონ გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა.
“ამიტომაც, მოზარდები გარკვეულ სუბკულტურებში ერთიანდებიან. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური. ფორმალური ჯგუფის ქვეშ შეიძლება მოვიაზროთ როგორც კონკრეტული სკოლა, კლასი, კლუბი და ა.შ. რაც შეეხება არაფორმალურ ჯგუფებს/სუბკულტურებს, ეს არის გარკვეული წრე, სადაც მოზარდები დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებენ. მოზარდები ცდილობენ იპოვონ საკუთარი თავი საზოგადოებაში, იყვნენ გარკვეული სოციუმის წევრები, რომელიც უფროსების ჩარევისგან იქნება თავისუფალი. მოზარდებს სჭირდებათ სხვების მხრიდან მიღება, წახალისება და ჩართულობა. თუმცა ისეც ხდება, რომ მოზარდები ერთვებიან დევიანტურ სოციუმში. მიიჩნევა, რომ ამგვარ დაჯგუფებებში მოხვედრის დიდი ალბათობა აქვთ მოზარდებს, რომლებიც მეტად გრძნობენ გარიყულობას, გაუცხოებასა და აგრესიას. რაც ოჯახური კონფლიქტებით, ძალადობითა და მოზარდის უფროსების მხრიდან არ მიღებით ამ სასტიკი კრიტიკით იყოს გამოწვეული, – აცხადებს ფსიქოლოგი.
ჩაცმის სტილი მოზარდებში…
ვინაიდან მოზარდები – იდენტობისა და გარკვეული სოციალური ჯგუფის მიკუთვნებულობისკენ ისწრაფვიან, ამიტომ დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმის სტილს, რომელიც გაუსვამს ხაზს როგორც მათ ინდივიდუალობას, ამავდროულად გარკვეული ჯგუფის წევრობას. მოზარდის ჩაცმულობა ხშირად განაპირობებს მათდამი დამოკიდებულებას. ჩაცმის სტილით ისინი იმაღლებენ თვითშეფასებას, ცდილობენ მოაწონონ თავი გარშემომყოფებს. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს კავშირს ჩაცმის სტილსა და სოციუმის მიერ მოზარდის მიღებას შორის.
მოზარდები, რომლებიც ზოგჯერ კონფრონტაციაში არიან მშობლებთან/უფროსებთან – შეიძლება ისეთ ვარცხნილობას ატარებდნენ, რომელიც მათთვის გამაღიზიანებელია. ამავდროულად, რაც მეტად აპროტესტებენ მშობლები, მით მეტად უსვამენ მოზარდები ხაზს საკუთარ ინდივიდუალურ სტილს.
მიიჩნევა, რომ სხვადასხვა დროში მოზარდთა ჩაცმულობა სწორედ მოზრდილთა საზოგადოების ღირებულებიბისადმი გამოხატული პროტესტი გახლდათ. მაგ., პურიტანულ საზოგადოებაში თუ მიიჩნეოდა, რომ ,,სისუფთავე სიწმინდის დაა’’, ის მოზარდები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ უფროსთა კონფორმიზმსა და მერკანტილიზმს, სწორედ მოუწესრიგებელ ჩაცლის სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას, 60 – იანი წლების ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი იყო პროტესტი ომისა და მილიტარისტული კამპანიის წინააღმდეგ. ამიტომაც, მათ აქსესუარებში წარმოდგენილი იყო – მშვიდობის ნიშანი, ყვავილები, წვერი და გრძელი თმა. 90 – იანი წლების თავისუფალი სამოსიც სწორედ საკუთარ თავისუფლებაზე ხაზგასმას წარმოადგენდა.
მაგრამ, ყურადღება არის გასამახვილებელი იმ ფაქტზეც, რომ განსაკუთრებით ექსტრავაგანტული სტილი, ბევრი ტატუ შეიძლება იყოს როგორც სტილის, ამავდროულად შინაგანი კონფლიქტის მიმანიშნებელი და ამ დროს შეიძლება მოზარდს სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.
7 რჩევა ნინო ლაბარტყავასგან:
გადაცემის ჩანაწერი: