ბათუმში ავეჯის რამდენიმე მაღაზია ლიკვიდაციისთვის ემზადება. „ლაბორატორია ჩემი სახლი“ ბათუმის ფილიალს მიმდინარე თვის ბოლოს დახურავს. ამავე პერიოდში შეწყვეტს ფუნქციონირებს ბათუმში ავეჯის სახლი ”ვალენტინიც”.
”ფორტუნა” შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ტოვებენ ავეჯის მაღაზიები ბათუმის ბაზარს. როგორც ”ვალენტინში” განაცხადეს, ბრენდი აჭარიდან არ გადის. ბათუმში ავეჯის სახლი 2 ფილიალითაა წარმოდგენილი და აქედან მხოლოდ ერთი დაიხურება.
”ერთ ლოკაციაზე გვაქვს ორი მაღაზია, ერთში მხოლოდ იტალიური ავეჯი იყიდება, მეორეში კი – არაიტალური. სწორედ ამ უკანასკენლის დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვინაიდან მუშაობის ახალ ფორმატზე გადავდივართ. ამიერიდან, მხოლოდ იტალიური ავეჯის რეალიზაციის კუთხით ვიმუშავებთ და სხვა წარმოების ავეჯს აღარ გავყიდით”, – განმარტეს ”ვალენტინში”.
მათივე ინფორმაციით, იმ ფილიალში დასაქმებული კადრები, რომელიც დღედღეზე დაიხურება, სამსახურის გარეშე არ დარჩებიან. ”ყველა მათგანს გააჩნია საკმარისი კვალიფიცია იმისთვის, რომ იტალიურ ავეჯზე იმუშავოს. ამიტომ, გადავიყვანთ პირველ ფილიალში და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას”, – აღნიშნეს ავეჯის სახლ ”ვალენტინში”.
რაც შეეხება „ლაბორატორია ჩემი სახლს”, აქ ბათუმის ფილიალის დახურვის მიზეზებზე არ საუბრობენ და კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ”ფორტუნას” ავეჯის სახლში განუმარტეს, მაღაზია თვის ბოლოს დაიხურება, ვინაიდან კომპანიას გარკვეული სახის ცვლილებები აქვს დაგეგმილი. თუმცა, არ არის გამორიცხული რომ ბრენდი აჭარის ბაზარზე მაინც დარჩეს.
”ამ ფილიალის დახურვის ბევრი მიზეზია, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებთ. ამასთან, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, აჭარის რეგიონი არ დავტოვოთ და ”ლაბორატორია ჩემი სახლი” სამომავლოდ აქ წარმოდგენილი მაინც იყოს”, – განმარტეს ავეჯის სახლში.
ცნობისთვის, „ლაბორატორია ჩემი სახლი“ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის კომპლექსური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას. „ლაბორატორია ჩემი სახლი“ ერთი სარკმლის პრინციპით სთავაზობს მომხმარებელს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს , მორგებულს სხვადასხვა ცხოვრების სტილზე. 10 000 კვ. მ-ის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. აქვე შესაძლებელია ოთხი წამყვანი იტალიური ბრენდის – Aran, Tomassela, Colombini, Dialma Brown შოურუმის ნახვა. „ლაბორატორია ჩემი სახლი“ 3 მიმართულებას აერთიანებს: ავეჯის სტილისტურად მდიდარ არჩევანს, დეკორაციისა და აქსესუარების მაღაზიას, ასევე ბიბლიოთეკას.
ავეჯის სახლი “ვალენტინი” კი 1996 წელს დაარსდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. თუ მომხმარებელმა მაღაზიაში წარმოდგენილ ექსპოზიციებს შორის არჩევანი ვერ გააკეთა, მას შეუძლია კატალოგების მიხედვით აირჩიოს და შეუკვეთოს ნებისმიერი დასახელების იტალიური ავეჯი.