ენდოსკოპიური ქირურგია უშვილობის დიაგნოსტიკისა და გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ოქროს სტანდარტია. რეალურად რა როლი აქვს ჰისტეროსკოპიასა და ლაპაროსკოპიას უშვილობის პრობლემების გადაჭრაში, როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია და ინ ვიტრო განაყოფიერება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის „ინ ვიტრო“ გინეკოლოგმა, ქირურგმა-ლაპაროსკოპისტმა გიორგი დოლიძემ ისაუბრა.
ბატონო გიორგი, დავიწყოთ იმით, რა მიმართულებებია დანერგილი კლინიკა „ინ ვიტროში“?
ძირითადად, გინეკოლოგიური ხასიათის მიმართულებები გვაქვს. ხელოვნურ განაყოფიერებას სჭირდება ქირურგიული მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მოკლე ვადაში ჩავაბაროთ ჩვენს რეპროდუქტოლოგებს გაჯანსაღებული პაციენტი.
რა როლი აქვს ენდოსკოპიას თანამედროვე გინეკოლოგიაში?
ნებისმიერ ქირურგიაში ენდოსკოპიას უკვე წამყვანი როლი აქვს. ის მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებს, ხდება პაციენტის სწრაფი რეაბილიტაცია. მინიმალური დეფექტია სხეულზე და რაც უფრო ნაკლებია ტკივილი, პაციენტიც უფრო კმაყოფილია. ჩვენი ოპერაციების 95% სწორედ ენდოსკოპიური მიდგომით ტარდება.
რა ტიპის ოპერაციები ტარდება „ინ ვიტრო“-ში?
იმის მიხედვით, თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ჩარევაც შესაბამისია. თუ საშვილოსნოს ღრუს შიდა პათოლოგიაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ჰისტეროსკოპია. ეს არის ყველაზე თანამედროვე მიდგომა და ის ვიზუალიზაციას ითვალისწინებს, ანუ ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მსგავსი მანიპულაციები – როდესაც იყო პოლიპები, კვანძები და ა.შ. წინათ საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკვით სრულდებოდა, ახლა კი მინიმალური დაზიანებითა და მაქსიმალური შედეგით ხდება პრობლემის აღმოფხვრა. იმ პათოლოგიებზე კი, რომლებიც საშვილოსნოზეა, მაგალითად დიდი ზომის კვანძები, მილების გადაგვარებები და ა.შ. ჩარევა მუცლის ღრუდან, ენდოსკოპიური მიდგომით ხორციელდება.
რა როლს თამაშობს ჰისტეროსკოპია და ლაპაროსკოპია უშვილობის პრობლემების გადაჭრაში?
თუ წყვილის თანაცხოვრებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ხდება დაორსულობა, მიიჩნევა, რომ უშვილობის პირველად დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ვიწყებთ ჰორმონალური სტატუსის შემოწმებას, აუცილებელი კვლევების ჩატარებას და თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენც ვერევით. შესაძლოა, ესა თუ ის პათოლოგია ექოსკოპიურად არ ჩანს, ამ დროს სპეციალისტი საჭიროდ მიიჩნევს სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია დანიშნოს.
შეიძლება თუ არა ჰისტეროსკოპია ჩატარდეს ყოველგვარი ჩვენების გარეშე და მინიმუმ რამდენწლიანი უშვილობის დიაგნოზი უნდა იყოს ამ დროს?
არსებობს ასეთი ტერმინი – იდიოპათიური უშვილობა, როდესაც ვერანაირი კვლევა ვერ ავლენს პათოლოგიას. ამ დროს ვაკეთებთ სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპიას და ვამოწმებთ, ხომ არ არის რაიმე პათოლოგია საშვილონოს ღრუში. გარდა ამისა, უშვილობის მკურნალობისას, ან ინ ვინტროს წინ, კარგია საშვილოსნოს ღრუს სკრეჩინგი, ანუ იგივე დასერვა, ან რეცეფციის გაზრდა საშვილოსნოს ღრუში, რომლის დროსაც დადებითი შედეგი უფრო მაღალია. ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული სქესობრივი კავშირის ფონზე, თუ არ დგება ორსულობა, ერთ–ერთ ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ჰისტეროსკოპიის ჩატარება.
რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰისტეროსკოპიის შემდეგ ორსულობა სწრაფად დგება?
ერთ-ორ თვეში აუცილებლად დგება ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალბატონები ინ ვინტროსთვის ემზადებოდნენ, ჩვენ გავაკეთეთ ჰისტეროსკოპია, გავზარდეთ რეცეფცია და როდესაც ემბრიონების გადასატანას ვაპირებდით, დაგვხვდა ორსულობა. საკმაოდ ეფექტურია ჰისტეროსკოპია რეცეფციის გაზრდასთან ერთად.
საშვილოსნოს (ღრუს შიდა) ყველაზე ხშირი პათოლოგიებზე რომ ვისაუბროთ…
ჩვენს კლინიკაში მხოლოდ უშვილობის პრობლემის ენდოსკოპია არ კეთდება, კეთდება ასევე რადიკალური ქირურგია. იგულისხმება ის პათოლოგიები, რომლებიც კორექციას აღარ ექვემდებარებიან და ჩარევა უფრო მეტად არის საჭირო. თუ უშვილობის პრობლემის გამო მოგვმართავს პაციენტი, შესაძლოა იყოს პოლიპი, მიომური კვანძი, ძგიდე ან შეხორცებითი პროცესი – ეს ყველაფერი ითვალისწინებს ჰისტეროსკოპიულ კორექციას. ამ ყველაფრის დიაგნოსტიკა წლების წინ რთული იყო და ხშირად ქალბატონები საშვილოსნოს კარგავდნენ, ახლა ჰისტეროსკოპია ძალიან აადვილებს ამ ყველაფერს. ხდება პროცესის ჩაწერა. პაციენტის ნდობის მოპოვება ყველაზე დიდი პრიორიტეტია. მარტივად შეგვიძლია ვაჩვენოთ პაციენტს რა პროცედურა ჩავატარეთ და რწმენის ფაქტორი შემდეგ რეზულტატზეც ძალიან დადებითად აისახება.
რა განსხვავებაა ჰისტეროსკოპიასა და ლაპაროსკოპიას შორის, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ პროცედურაზე…
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის ჰისტეროსკოპია. ჰისტეროსკოპია ითვალისწინებს საშვილოსნოს ღრუს შიდა დათვალიერებას ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ლაპაროსკოპია კი ჭიპის გავლით, ენდოსკოპიურად ითვალისწინებს მუცლის ღრუს დათვალიერებას. ის არის მცირედ ინვაზიური პროცედურა და მაქსიმალურად ინფორმატიულია სპეციალისტებისთვის.
როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ ერთმანეთთან ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია და ინ ვიტრო განაყოფიერება?
თუ ყველაფერი გამოკვლეულია და ერთი წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა, ამის შემდეგ არის სწორედ დამატებითი საფუძვლიანი კვლევები საჭირო. რაც შეეხება კავშირს – პაციენტი არ მოდის ჩვენთან თუ არ აქვს პრობლემა. ინ ვინტროში მოდიან ქალბატონები მაშინ, როდესაც რეპროდუქტოლოგთან ვიზიტების შემდეგ ვლინდება, რომ არის პათოლოგია. ჩვენ ვამზადებთ პაციენტებს ქირურგიული პროცედურებისთვის, ძირითად შემთხვევაში ჰისტეროსკოპია და ლაპაროსკოპია ერთად ტარდება, რადგან ერთი ნარკოზის ქვეშ მოხდეს ორივე კვლევის განხორციელება. დაკორეგირებული პაციენტი ისევ უბრუნდება რეპროდუქტოლოგს, რომელიც განაგრძობს მკურნალობას.
პაციენტების მომართვიანობაზე მინდა გკითხოთ, ძირითადად რა კონტიგენტი მოგმართავთ?
მომართვიანობა 18 წლიდან 50 წლამდეა. ჩვენთან არიან პაციენტები, რომლებმაც გვიან ასაკში გადაწყვიტეს შვილის ყოლა. ჩვენი რეპროდუქტოლოგები დიდი პროფესიონალიზმით მართავენ ასეთ პაციენტებს. ჩვენ მოგვმართავენ ასევე გინეკოლოგიური პრობლემებითაც და ვატარებთ ისეთ მასშტაბურ ოპერაციებს, როგორიც არის ჰისტეროქტომია დანამატებთან ერთად, რომელიც გარკვეულ ასაკში საჭიროებას წარმოადგენს.
რა არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ოპერაციის ირგვლივ, იგივე შიშები და მოლოდინები?
ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა. სედაციის ქვეშ როდესაც არის პაციენტი, ის დროს ვერ განსაზღვრავს და წესით, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გასტანს ოპერაცია. ხშირია კვებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველაზე ხშირად მაინც აინტერესებთ ეყოლებათ თუ არა შვილი. მე ვპირდები ჩვენს პაციენტებს, რომ დიაგნოზს დავსვამთ და ეცოდინებათ, აქვთ თუ არა შანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დრო არ დაკარგოს პაციენტმა და გადავიდეს ხელოვნური განაყოფიერების ეტაპზე და ა.შ.
რა როლს თამაშობს პაციენტებთან ურთიერთდამოკიდებულება?
პაციენტი გენდობა, მოდის – ეს ჩვენთვის ერთი ჩვეულებრივი დღე და სამუშაო პროცესია, მისთვის კი ცხოვრების ერთი ეპიზოდია. უნდა აუხსნა მას ყველა დეტალი და უნდა გქონდეს ძალიან კარგი დამოკიდებულება. ვცდილობთ დავიმეგობროთ, მოვიპოვოთ ნდობა. დამოკიდებულება პაციენტსა და ექიმს შორის საუკეთესო უნდა იყოს, არ უნდა დარჩეს შეკითხვა, რომ არ დაიკარგოს სასიამოვნო მუხტი.
რას გულისხმობს ინოვაციები ლაპაროსკოპია – ჰისტეროსკოპიაში?
რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არსებობს. საქართველოში ეს მიმართულება ძალიან კარგად არის განვითარებული. შეიძლება ითქვას, რომ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ძალიან კარგი ექიმები მუშაობენ ენდოსკოპიაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტკივილი მაქსიმალურად ნაკლებია და რეაბილიტაცია ძალიან სწრაფად ხდება. იტალიასა და საფრანგეთში მინი და მიკრო ლაპაროსკოპიისკენ არის ტენდენცია. ტროკარეა არის ინსტრუმენტი, რომელიც თავსდება მუცლის ღრუში და აქედან ხდება ინსტრუმეტის შეყვანა. მისი დიამეტრი ხუთი მილიმეტრიდან 3.5 მილიმეტრამდე შემცირდა და ეს ნიშნავს, რომ ტკივილის მომენტი კიდევ უფრო ნაკლებია. ასევე, კოსმეტიკურ ეფექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ჰისტეროსკოპიას, საუკეთესო სტანდარტად მიიჩნევა ბეტოკის ჰისტეროსკოპი. ყელის გაუფართოებლად შეგვიძლია საშვილონოს ღრუდან მივიღოთ ინფორმაცია. ყველა ის ოპერაცია, რაც თანამედროვე სტანდარტებით არის მოწოდებული, ჩვენთან მაღალ დონეზე ტარდება.
კლინიკა „ინ ვიტრო“ მდებარეობს მისამართზე: დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, ტელეფონი: 2 15 77 77.
გადაცემის ლაივი
გადაცემის აუდიოჩანაწერი