რატომ იტყუებიან ბავშვები – ამ თემაზე გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ისაუბრა.
როდის იტყუებიან ბავშვები?
ხშირად გვესმის მშობლებისგან წუხილი, რომ ბავშვი უმალავს რაღაცეებს, ან ატყუებს და საერთოდაც, გაურბის მშობლებთან ყველანაირ სიღრმისეულ დიალოგს. მშობლებს საუკეთესო განზრახვა აქვთ და ყოველთვის ზრუნვა და სიყვარული ამოძრავებთ, რომ მთავარი საზრუნავი და აზრი შვილები არიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი ბავშვების დამეგობრებისა და მათი ნდობის მოპოვებისთვის, მშობლის მცდელობის მიუხედავად ხშირად ბავშვი აგრძელებს ჩუმად მოქმედებას, ურჩევნია განმარტოვდეს და საათობით ტელეფონში იყოს.
რატომ ხდება ასე?
ბავშვის ცხოვრებაში წარმოუდგენლად დიდი როლი აქვს მშობლების დამოკიდებულებას, მათ შეხედულებებს. რაღაც ასაკამდე, ბავშვს სრულიად სჯერა და მინდობილია მშობლის შეფასებებს, წარმოდგენებს, სურვილებს. რომც არ ემთხვეოდეს მშობლისა და შვილის აზრები, ბავშვს უჭირს საწინააღმდეგოს გამოთქმა, რადგან მშობლის სიყვარულის დაკარგვის შიში იპყრობს. ბავშვი ეყრდნობა ამ სიყვარულს. პირველი გახლეჩვა და კონფლიქტი ბავშვის შინაგან სამყაროში ხდება მაშინ, როდესაც უწევს დაპირისპირება მშობელთან ან საკუთარ თავთან. ზუსტად ამ მომენტში, როდესაც რეალურად ძალიან უჭირთ და განიცდიან, ზოგი ცნობიერად, ზოგიც კი ქვეცნობიერად ბავშვები იწყებენ ტყუილის თქმას. ისინი აღარც საკუთარ თავს ეკუთვნიან და ვერ მშობლის მოთხოვნის შესრულებას ახერხებენ. ამას აქვს გაგრძელებაც, მშობელი ხვდება, რომ ბავშვი, ატყუებს, ან არის ძალიან დემოტივირებული, გამოხატავს წყენას, ბრაზს, დარდს… მშობლის ეს ემოციები კიდევ უფრო ამძიმებს და აშფოთებს ბავშვს, იწვევს დანაშაულის განცდას, სირცხვილს, რაც განაპირობებს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შედეგად ბავშვი უფრო იკეტება და იზოლირდება, ან ხდება აგრესიული, იწყებს თავის დაცვას მიუღებელი ფორმით და “თავხედობს“.

სად არის გამოსავალი?
მაქვს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რაც მშობლებს უნდა გამოადგეთ: იყავით ფრთხილი ბავშვის შეფასების დროს, თქვენი შეფასება დადებითიც რომ იყოს, ხშირად იწვევს ბავშვში შფოთვას, რომ თქვენი მოლოდინი ვერ გაამართლოს. მიზნად დაისახეთ მას თავად დაანახოთ, აგრძნობინოთ მისივე შესაძლებლობები.
პატარაობიდანვე იზრუნეთ მათ დამოუკიდებლობაზე, ნუ შეგეშინდებათ მისცეთ დამოუკიდებლად კეთებისა და ქმედების უფლება, თქვენ დარჩით მასთან, როგორც მხარდამჭერი, თუმცა არ მოაკლოთ საკუთარი თავის რეალიზების, თვითშემეცნებისა და თვითგამოხატვის სიამოვნება. ასე იცნობს ის საკუთარ თავს და ამ გზით ენდობა ის საკუთარ შესაძლებლობებს. ძლიერი რესურსით ბავშვი ნაკლებად იტყუება, შიშიც ნაკლები აქვს და ლაღად მიუყვება ცხოვრებას, შეცდომები მისთვის გამოცდილებაა და არა ტრაგედია, მაშინ, როდესაც შინაგანად სუსტი და ვერ რეალიზებული ბავშვი შეცდომებს მალავს, გაურბის და იტყუება.
შეხედეთ ტყუილს, როგორც ბავშვის სისუსტეს და შეეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობა, რა გაიძულებდათ გეთქვათ ტყუილი, ამის გახსენება დაგეხმარებათ შეხვიდეთ შვილის მდგომარეობაში და სხვა გზით ეცადოთ გამოსავლის პოვნა. იყავით გულწრფელი და ღია თქვენს ქმედებებში, სიტყვებში, რეალიზებული მშობელი კარგი მაგალითია ბავშვისთვის იცხოვროს და არ იარსებოს მხოლოდ მოლოდინების გასამართლებლად.