რა ინფორმაციას გვაძლევს TSH-ისა და FT4-ის კვლევა და რაზე მიუთითებს ცვლილებები, რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპოთირეოზი და როდის ინიშნება პრეპარატი, რა შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებულმა მკურნალობამ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა თამარ ხასაიამ უპასუხა.
-თამარ, პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს ჰიპოთირეოზი და რატომ გახშირდა საზოგადოებაში ეს დიაგნოზი?
-ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მისი ფუნქციის დაქვეითებით, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზის დეფიციტით. მაგალითად, ჩიყვის შემთხვევაში თუ მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სიხშირე 10-დან 30 %-მდე გაიზარდა. რაც შეეხება, თვითონ ჰიპოთირეოზს ის მოსახლეობის 1-2 %-ში აღინიშნება. მისი სუბკლინიკური ფორმა 7-10 %-ში. აღსანიშნავია, რომ 2 %-ით უფრო ხშირად გვხვდება ქალებში ვიდრე მამაკაცებში. ჰიპოთირეოზის განვითარების სიხშირე 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებში უფრო დიდია. გარდა ამისა, გაიზარდა დაავადების დიაგნოსტირების საშუალება, რამაც გაზარდა მონაცემებიც. რაც შეეხება, დაავადების განვითარებას ესეც გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა, როგორც სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები. მასზე გავლენას ახდენს გარემო პირობები და სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები.
-ექიმთან მისულ პაციენტებს ხშირად ენიშნებათ TSH-ისა და FT4-ის კვლევა. რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ეს კვლევა და როდის ითვლება, რომ მიღებული პასუხები საყურადღებოა?
–TSH და FT4 განსაზღვრავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ჰიპოთირეოზის დროს TSH მაჩვენებელი არის მაღლა, ანუ გადაცილებულია ნორმის ზღვარს, ხოლო FT4 ჩამოცილებულია ნორმის ქვედა ზღვარს. ამას ჰქვია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, კლინიკური ჰიპოთირეოზი. სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ TSH-ის განსაზღვრა ხდება და არ მოწმდება FT4. რის გამოც შეუძლებელი ხდება განისაზღვროს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დასაწყისი სტადია. თუ ჩვენ FT4-ს არ განვსაზღვრავთ შესაბამისად სუბკლინიკური ფორმის დიაგნოსტირება ვერ მოხერხდება, რაც ზრდის მოსალოდნელი გართულებების რისკს. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი გახლავთ, როდესაც TSH არის ზედა ზღვარზე და FT4 ნორმაშია, ან პირიქით TSH არის ნორმაში და FT4 არის ქვედა ზღვარზე. როდესაც, ვსაუბრობთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებაზე აუცილებლად უნდა განისაზღვროს TSH და FT4. მნიშვნელოვანია, ასევე ანტისხეულების განსაზღვრა. ანტისხეულებიც ჩვენი ნივთიერებებია, ჩვენს ორგანიზმშივე გამომუშავდება, მაგრამ გარკვეულ სტრესზე, მაპროვოცირებელ ფაქტორებზე ის აღწევს პათოლოგიურ ზღვარს და იწყებს საკუთარი ფარისებრის ქსოვილის უცხოდ აღქმას, რაც ხდება შემდგომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების მიზეზი. თუ ჩვენ არ ვნახავთ ანტისხეულებს, არ გვეცოდინება რა იყო ჰიპოთირეოზის ჩამრთველი მექანიზმი. დიაგნოზის დასმასთან ერთად მნიშვნელოვანია დაავადების გამომწვევი მიზეზის ცოდნაც, რომ მოხდეს პაციენტის სწორად მართვა. რაც შეეხება, დეფინიციებს ანუ მაჩვენებლების სწორად წაკითხვას, აქ მთავარი მონაცემების თანაფარდობაა და არა ის, ჯდება თუ არა ზღვარში, ლაბორატორიულად მოცემული ციფრები. იმისთვის, რომ შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა უნდა განისაზღვროს, როგორც TSH და FT4 ასევე, ANTI TPO და ANTI TG. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია ვუთხრათ პაციენტს მისი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მდგომარეობა .
-რა სიმპტომები მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე?
-ჩივილები იმდენად ბევრია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, არასამედიცინო პირმა შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალოს. ეს სიმპტომებია: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, საერთო სისუსტე, თმის ცვენა , ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, იდაყვებსა და ქუსლებზე კანის გაუხეშება, გულის ცემის აჩქარების შეგრძნება, ოფლიანობა, ხელის გულების ჭარბი ოფლიანობა, მხრის კუნთების ადვილად დაღლა, შეკრულობა, მუცლის შებერილობა, ემოციურობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ასევე სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, წვივის და ფეხის თითების კუნთების გაკვანძვა.
-დაკავშირებულია თუ არა ანალიზში ციფრების ცვალებადობა სიმპტომების სიმკვეთრე ერთმანეთთან?
-ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, შეიძლება კლინიკური სიმპტომატიკა უფრო გამოხატული იყოს, ვიდრე ლაბორატორიული ციფრები შეცვლილი და პირიქით, შეიძლება ციფრები მნიშვნელოვნად იყოს შეცვლილი, მაგრამ სიმპტომატიკა და ჩივილები იყოს ნაკლები. მაგალითად, 40-ის ზემოთ TSH ეს არის მიქსედემური კრიზის მაღალი რისკი, რაც არის ჰიპოთირეოზის ყველაზე არასასურველი გართულება, როდესაც მთელი ნივთიერებათა ცვლის დონე ირღვევა. ფარისებრი მართავს ნივთიერებათა ცვლას. ცილოვანი, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, მინერალური ცვლა ორგანიზმში იმართება ფარისებრის ფუნქციონირების ხარჯზე. როდესაც, ვიღებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, თან მკვეთრ დონეზე, მთელი ნივთიერებათა ცვლის დონეები ირღვევა. მყოლია პაციენტი, რომელსაც 40-ზე მაღალი TSH-ს ფონზე მინიმალური სიმპტომატიკა ჰქონდა, მაგრამ ასევე მყოლია პაციენტი, რომელსაც 6 TSH-ზეც კი ჰქონია ჰიპოთირეოიდული კრიზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ყველა პაციენტის შემთხვევა განსხვავებულია, ამიტომ მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა სტანდარტული.
-რა არის მედიკამენტის „ლევოთიროქსინი“ დანიშვნის აუცილებელი პირობა და როგორ ხდება დოზირების განსაზღვრა?
-როგორც კი ჩვენ ვნახულობთ სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზსს, ანუ ფარისებრის ფუნქციის დაქვეითების დასაწყის სტადიას, ეს უკვე ნიშნავს, რომ პაციენტს უნდა დაენიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი გახლავთ მდგომარეობა, რომელიც ასახავს ფარისებრის მიერ გამომუშავებული ჰორმონის დეფიციტს. მკურნალობის მიზანია ადამიანს მივაწოდოთ ის ნივთიერება რისი დეფიციტიც აქვს. როცა არის სუბკლინიკური ფორმა, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ გაცილებით დაბალ დოზებზე, ვიდრე კლინიკური ფორმის შემთხვევაში. მკურნალობის დაწყება უმჯობესია საწყის სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში დოზებიც ნაკლებია და გართულებებიც.
-ზემოთ აღნიშნული პრეპარატის მიღებისას პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ დაეწყოთ გულის ცემის აჩქარება. დაკავშირებულია თუ არა ეს ყველაფერი არასწორ დოზირებასთან ?
-როგორც წესი, გულის ცემის აჩქარება წამლის დიდი დოზით მიღებას უკავშირდება. გულის ცემის აჩქარება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჰიპოთირეოზმა , ანუ ჰორმონის დეფიციტმა, ასევე ჰიპერთირეოზმა, ჰორმონის სიჭარბემ. ამიტომ, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით არ ხდება დოზის შერჩევა. რა თქმა უნდა, წნევაც უნდა გაიზომოს, პულსიც და სხვადასხვა გამოკვლევების შედეგად უნდა მოხდეს დოზის შერჩევა.
-პრეპარატის მიღების შემდეგ, როდესაც უკვე დაკორექტირდება ეს ციფრები შეგვიძლია თუ არა შევწყვიტოთ წამლის მიღება ?
– რაც შეეხება, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას, პაციენტებს ჰგონიათ, რომ პრეპარატს ეჩვევიან. პრეპარატს ვერ შევეჩვევით, „ლევოთიროქსინი“ ეს არის სინთეზური ანალოგი FT4-ის, ანუ იმ ჰორმონის, რაც ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი ორგანიზმში მიღებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაში რჩება. ენდოკრინოლოგიური დაავადებები ქრონიკულად მიმდინარეა, ანუ დაავადება არ ქრება, შესაბამისად მკურნალობას, რომ ვიწყებთ და ვიღებთ TSH-ის და FT4-ის ნორმალურ მაჩვენებელს, ეს არის იმ პრეპარატის დოზის დამსახურება, რასაც პაციენტს ვუნიშნავთ. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მკურნალობის კურსის შეწყვეტა. არსებობს ჰიპოთირეოზის გარდამავალი, ტრანზიტორული ფორმები, ამ დროს გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორების ფონზე ხდება ეპიზოდურად ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება, ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ორსულობაც. ორსულობის დროს ნაყოფის განვითარება ხდება დედის მიერ გამომუშავებული ფარისებრის ჰორმონის რაოდენობის ხარჯზე, ამიტომ ორსულობისას თუ ვლინდება სუბკლინიკური ან კლინიკური ჰიპოთირეოზი, არცერთ ვარიანტში არ შეიძლება პრეპარატის არ მიღება. ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ დედის ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ, არამედ ნაყოფისაც. ორსულობის ფონზე არა ნამკურნალევი ჰიპოთირეოზის ფორმა შეიძლება გახდეს ორსულობის შეწყვეტის, თვითნებური აბორტის, სისხლდენის, პლაცენტის პათოლოგიის მიზეზი. ასეთი დაავადების დროს თვითნებურად პრეპარატის არ მიღება არ შეიძლება. თუ ორსულობის დროს გამოვლენილი ჰიპოთირეოზის ფორმა გარდამავალი იქნება და მშობიარობის შემდეგ კვლავ აღდგება ნორმა, ასეთ დროს რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება წამლის შეწყვეტა. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გაკონტროლებული, გადამოწმებული და გამშვები მექანიზმი ამ დაავადების უნდა იყოს დადგენილი. თუ პრობლემა ავტოიმუნურია პრეპარატის მიღების შეწყვეტა არც მშობიარობის შემდგომ არ შეიძლება. იმიტომ, რომ თუ ერთხელ დაფიქსირდა ავტო-იმუნური თირეოიდი ის არსად არ გაქრება და მთელი ცხოვრება მისი მატარებელი იქნება ადამიანი.
-მედიკამენტის მიღების გარეშე თუ შეიძლება ამ დარღვევის დარეგულირება, თუ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი?
-არა, არ შეიძლება. ჰორმონის ჩანაცვლება შეიძლება მხოლოდ ჰორმონით, სხვა ნივთიერებით ის არ ჩანაცვლდება.
-როდესაც, ვსაუბრობთ შეცვლილ ლაბორატორიულ მონაცემებზე, სისხლის ანალიზში ცვლილება თუ ნიშნავს რომ ულტრასონოგრაფიულ კვლევაშიც დაგვხვდება ცვლილება?
-ფარისებრის ექოსკოპია წარმოდგენას გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე, უჯრედულ შენებაზე, ანუ როგორია ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, როგორია მისი უჯრედული შენება, როგორია სისხლმომარაგება. ლაბორატორიული მაჩვენებლები გვიჩვენებენ, როგორ ფუნქციონირებს ის. იმისთვის, რომ თირეოიდული მდგომარეობა განისაზღვროს აუცილებელია, როგორც ექოსკოპია ასევე ლაბორატორიული მონაცემები. მთლიანობაში უნდა შეფასდეს ორივე მონაცემი. როცა ფუნქცია შეცვლილია ეს არ ნიშნავს, რომ ფარისებრ ჯირკვალში დაგვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნები და პირიქით. კვანძების ირგვლივ ქსოვილმა იმდენად შეიძლება ჩართოს საკომპენსაციო მექანიზმი, რომ ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაში შეიძლება დაგვხვდეს.
-ექოსკოპიამ კიდევ რა სახის ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესახებ?
-პირველ რიგში, ექოსკოპია ფარისებრის მოცულობაზე გვაძლევს ინფორმაციას. ჰიპოთირეოზის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის შემცირება. ქალებში ნორმაა 8-18 სმ, ხოლო მამაკაცები 18-25 სმ. მოცულობა შეიძლება შემცირდეს ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ, ან შეიძლება იყოს თანდაყოლილი ფორმა, ამას ჰქვია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია. ფარისებრის პატარა მოცულობა ხშირად ხდება მიზეზი ფარისებრის ფუნქციის დაქვეითების. ის ფიზიკურად ვერ გამოყოფს იმდენ ჰორმონს რაც წესით და რიგით საჭიროა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ექოსკოპიის მეშვეობით, ასევე ვიგებთ, როგორია უჯრედული შენება. ყოველი სიტყვა ექოსკოპიურ სურათში მიუთითებს ფარისებრ ჯირკვალში განვითარებული ცვლილებების შესახებ. რაც საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ არის თუ არა კვანძოვანი ჩანართები და როგორია ეს კვანძები.
-არის თუ არა კვანძების რაოდენობასა და ზომაზე დამოკიდებული გვჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა?
-რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვანძების რაოდენობა და ზომა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია როგორია კვანძის უჯრედული შენება. თუ 8 მმ-ზე მეტია კვანძი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით მას ეკუთვნის პუნქციური ბიოფსია. მაგრამ, არის სიტუაციები როდესაც 8 მმ-ზე ნაკლებ ზომის კვანძში გვინახავს პაპილარული კარცინომა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. რა თქმა უნდა, ყველა კვანძს არ სჭირდება არც პუნქციური ბიოფსია და არც ქირურგიული ჩარევა. საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ კვანძი შეიძლება ქირურგიული ჩარევის გარეშე გაქრეს მცდარია.
-უმჯობესია თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში მოხდეს კვანძის მოშორება?
-ეს დამოკიდებულია მის უჯრედულ შენებაზე და ლაბორატორიულ ცვლილებებზე. განსაკუთრებით, გამშვებ მექანიზმებზე. თუ არის მაღალი ავტოიმუნური თირეოიდი, რომელიც მიმდინარეობს ანტისხეულების მაღალი ტიტრით, სახეზეა არაერთგვაროვანი უჯრედული შენება, მკვეთრად გაზრდილი სისხლმომარაგება, როგორც კვანძის შიგნით ასევე მის გარეთ, მაღალია მისი ზრდის ალბათობა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობია ქირურგიული ჩარევა, რომ პაციენტი არ დადგეს კვანძების გადაგვარების რისკის ქვეშ.
-თუ სახეზეა მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, არც ლაბორატორიული სურათია კარგი, მაგრამ პაციენტმა არ მიაქცია ამ ყველაფერს ყურადღება. ასეთ შემთხვევაში რამ შეიძლება იჩინოს თავი და სადამდე შეიძლება მივიდეს პაციენტის მდგომარეობა?
-გამომდინარე იქიდან, რომ ფარისებრი ჯირკვალი არის ნივთიერებათა ცვლის მაჟორი, მას შეუძლია ნებისმიერი ორგანოს ფუნქცია დაარღვიოს, მათ შორის თავის ტვინის. შეიძლება დაარღვიოს გულსისხლძარღვთა სისტემა. ძალიან დიდი პროცენტი მოციმციმე არითმიების განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით. ავტოიმუნური თირეოდიტით და მისი შემდგომი სტადიით ჰიპოთირეოზით. შეიძლება, ასევე მაპროვოცირებელი გახდეს ინფარქტების და ინსულტების, შეიძლება გამოიწვიოს სანაღვლე გზების დისკინეზია , ასევე გაუვალობაც, არღვევს რეპროდუქციულ ფუნქციას, შეიძლება გამოიწვიოს, ციკლის დარღვევა და უშვილობაც კი.
-არსებობს თუ არა, კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეასრულონ პაციენტებმა გარდა დანიშნული მკურნალობისა?
-პირველ რიგში, აუცილებელია არ დაგვეზაროს ექიმთან მისვლა და პრეპარატის ყოველდღიურად მიღება. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი.