დღეს საკმაოდ საინტერესო შემთხვევას შევესწარით სააკაძის მოედანზე, პირდაპირ ძეგლის ქვეშ. თბილისში ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნოა მძღოლებისთვის. შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ ამ ადგილზე იქმნება საცობი.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას: სანაპიროს მხრიდან ძეგლთან წრიულ მოძრაობაზე შემოსული Nissan-ის მარკის ავტომობილი, შარტავას ქუჩიდან მომავალ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად, არც ერთი მძღოლი არ დაშავებულა, დაზიანებები მხოლოდ ავტომობილებმა მიიღეს. თუმცა, აი რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო…
გარდა იმისა, რომ საქმე უყურადღებობასთან გვაქვს, ვხვდებით რამდენიმე სახის მოძრაობის წესების უხეშ დარღვევას, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე შემთხვევის შესახებ, თვითმხილველებს გავესაუბრეთ და აი რას ამბობენ ისინი:
ნიკა: 27 წლის თვითმხილველი
ასეთ შემთხვევებს თბილისის მასშტაბით თითქმის ყოველდღე ვხვდები. სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ ვხვდები მსგავსი შეცდომები როგორ მოსდით. მეც მყავს ავტომობილი, ავარიაც მომსვლია… მაგრამ ის რასაც აქ ხედავთ, უბრალოდ უყურადღებობის შედეგია და მეტი არაფერი. Opel-ის მძღოლს ოდნავ უკეთ რომ ესწავლა მოძრაობის წესები, ან უბრალოდ მეტად მობილიზებული ყოფილიყო, ასეთი რამ არ დაემართებოდა.
გიორგი: 40 წლის თვითმხილველი
არ ვიცი რა გითხრათ… გაოგნებული ვარ. (იცინის) ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში ისაა, რომ პატრულის მოსვლას ელოდებიან და ადგილიდან არ იძვრიან. სწორედ მსგავსი სიტუაციების გამო ხდება მოძრაობის პარალიზება, გაიხედეთ შარტავას ქუჩისკენ და თავად დარწმუნდებით (მანიშნებს შარტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილების ნაკადზე, სადაც ნამდვილად შეიქმნა საცობი). როგორ შეიძლება აი ასეთი მანევრით მოძრაობა ამბობს Nissan-ის მარკის ავტომობილზე. სარკე ხომ გაქვს, გაიხედე რა, მიხატული ხომ არ გაქვს. მისი ბრალია, აუცილებლად უნდა გაკონტროლებინა სიტუაცია და თავიდან აეცილებინა შეჯახება. მოვა ეხლა პატრული და წავა „კაჩაობა,“ ნეტა პატრულის თანამშრომელი ვიყო, კაი 300 ლარიან ჯარიმას გამოვუწერდი…
შალვა: 33 წლის თვითმხილველი
ამდენი უცოდინარი და უყურადღებო მძღოლი რომ მართავს ავტომობილს, მაგიტოა ამხელა საცობები. აბა შეხედეთ, დადგა ორივე „ჯორივით“ შუა გზაზე და რამხელა საცობია უკან. შე დალოცვილო, გავიგეთ, სწავლაზე დიდად მონდომებული არ იყავი, მაგრამ ელემენტარულად მახსოვრობის უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეს? ხედავ, რომ სავალ ნაწილზე დახატულია ნიშანი, (თეთრი სამკუთხედი) რომელიც გეუბნება – გზის ამ მონაკვეთზე, ვალდებული ხარ დაუთმო გზა. დავიჯერო ასეთი ნიშანი არსად არ აქვს ნანახი ამ ბიჭს? (მიმანიშნებს ოპელის მძღოლზე)… არა ისე, მეორეც დამნაშავეა, გავიგეთ რო შენი გზაა, მარა ხო შეგიძლია ოდნავ მოაბრუნო თავი და ჩაიხედო მაგ სარკეში, იქნებ რა ხდება…
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ზუსტად აგიხსნით რა მოხდა: შარტავას ქუჩიდან გამოსასვლელში, წრიული მოძრაობის დასაწყისში, გზის სავალ ნაწილზე (ასფალტზე) თეთრად ხატია სამივე ზოლში – დაუთმე გზა, რაც ნიშნავს იმას, რომ წრიული მოძრაობიდან შემოსულ ავტომობილს გზა უნდა დაუთმო. რაც Opel-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა არ შეასრულა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, მოძრაობი წესები მანაც გვარიანად დაარღვია. როდესაც ვახუშტის ხიდიდან სააკაძის ძეგლთან წრიულ მოძრაობაზე შედიხარ, გაქვს 2 სამოძრაო ზოლი, ერთი რომელიც წრიულად მოძრაობის გაგრძელების საშუალებას გაძლევს და მეორე რომელიც სპორტის სასახლისკენ მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების საშუალებას გაძლევს. წესით, 2 ზოლიანი მოძრაობიდან სამ ზოლიან მოძრაობაში გადასვლის დროს, უნდა იმოძრაო უკიდურეს მარცხენა მესამე და მეორე ზოლში და არა უკიდურესად მარჯვენა ზოლში.
„იმის გამო, რომ Opel მარკის ავტომობილმა არ დაიცვა მოძრაობის წესი და არ შეანელა სვლა დაუთმე გზი-ს ნიშანზე, ხოლო Nissan-ის მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, გააგრძელა სვლა წრიული მოძრაობის მეორე ზოლიდან, უკიდურეს მარჯვენა, პირველ ზოლში, ორივე ავტომობილის მძღოლი სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის. გარდა ამისა, მათ დაეკისრებათ მოძრაობის შეფერხებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან ისინი გაჩერებულნი იყვნენ გზის სავალ ნაწილზე“ – განაცხადა შემთხვევის ადგილზე მოსულმა პატრულის თანამშრომელმა
„სწორედ იმის გამო, რომ მძღოლების უმეტესობა საჭესთან ძალიან უყურადღებოა, იმიტომ, რომ ხშირად საუბრობენ მობილურ ტელეფონზე, რაც საჭესთან დაუშვებელია, იმიტომ, რომ მძღოლების უმეტესობას დავიწყებული აქვს გამოცდაზე ჩაბარებული მოძრაობის წესები, თბილისში გადაადგილება საშინლად ჭირს. ქალაქის ქუჩები, ავტომობილებს იმაზე მეტ რაოდენობას დაიტევს, ვიდრე დღესაა, მთავარია თითოეულმა მძროლმა კარგად გაითვალისწინოს, რომ ის მარტო არაა და მოძრაობის წესები გადაიმეოროს. ჩვენ გიჟები კი არ ვართ მობილურზე საუბრის გამო, რომ ვაჯარიმებთ…“