ზურაბ გურული – ქართველი ექიმი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება გამოიწვია.
ზურაბ გურულის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„რატომ არის ევროპა, ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს უკრაინას? რატომ არიან უკრაინელები დიდ გულზე და რატომ მოითხოვენ კიდევ უფრო არსებით შემწეობას დასავლეთისაგან?
რატომ მიაჩნიათ გმირად ზელენსკი და რატომ გამოჰყავთ იგი ყველა დასავლური პარლამენტის წინ მოხსენებით?
რატომ არ არის საკმარისი ის დახმარება, რასაც დღეს ამერიკა-ევროპა უწევს უკრაინას?
რატომ აკრიტიკებს ყველა მოაზროვნე, წესიერი ადამიანი დასავლეთს, მიუხედავად უპრეცედენტო სანქციებისა რუსეთის წინააღმდეგ? ბოლოსდაბოლოს, ეს უკრაინა ხომ ერთი კორუფციაში ჩაძირული ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წესიერი სახელმწიფოს შექმნა ვერ შეძლო?…
ამ შეკითხვებს ერთი პასუხი აქვს. უკრაინა დღეს წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროს ფალავანს, რომელიც ერკინება რუსულ-ჩინურ მოდერნიზებულ, ჰიბრიდულ კომუნიზმს;
ბევრად უფრო საშიშსა და დამანგრეველს, ვიდრე კლასიკურს. ნიშანდობლივია, რომ ამ ეპოქალური დაპირისპირების „ტატამი“ შუა ევროპაშია გაშლილი და ამ ომის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიოს განვითარება-პროგრესისათვის.
უკრაინა დღეს პროგრესული სამყაროს პირობითი სახელია და ის არ წარმოადგენს ერთ, კონკრეტულ ქვეყანას. შესაბამისად, ყველა ის ძალისხმევა, რასაც ამერიკა-ევროპა უკრაინაში დებს, სრულიად დამსახურებულია და უკრაინას არავის წინაშე არა აქვს ვალი. უკრაინას აქვს უფლება, მოითხოვოს კიდევ უფრო მეტი, რადგან დღეს ის საკუთარ სისხლს ღვრის პროგრესული მსოფლიოსათვის და არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოსათვის.
ეს არ არის პათეტიკა; ეს რეალობაა. ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთი ახლო მომავალში. ტაივანი მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს და მისი დაპყრობის დაშვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ამერიკა-ევროპას და ჩინეთისაგან შექმნის პლანეტარული მასშტაბის მონსტრს.
პუტინის მიმართ ნებისმიერი სახის დათმობა ავტომატურად ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო საშიში და პათოლოგიური დიქტატორების არსებობის წახალისებას, რაც საბოლოოდ და გარდაუვალად დააყენებს მთელი მსოფლიოს არსებობა-არარსებობის საკითხს.
ამერიკამ წარმოუდგენელი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ საშინელი ომის პრევენციაში არ ჩადო მთავარი ძალისხმევა. ომის დაწყებამდე იყო საჭირო ე.წ. წითელი ხაზების გავლება, რომლის გადალახვაც პუტინს ვერ უნდა გაებედა. ამერიკა-ევროპამ კი წითელი ხაზების გავლების ინიციატივაც და პრეროგატივაც რუსებს გადაულოცა, რის შედეგსაც დღეს სისხლით იმკის უკრაინა და რომელიც შეიძლება ასევე სისხლით მოიმკოს მთელმა მსოფლიომ.
დიახ, დღეს უკრაინა კრებითი ცნებაა; უკრაინული სისხლი პროგრესული მსოფლიოს სისხლისა და ინტელექტის კვინტესენციაა და მსოფლიო ვალდებულია ყველაფერი გაიღოს ამ ომში გამარჯვებისათვის. ამიტომ ყველა საყვედური, რომლებსაც დღეს მოყოყმანე ამერიკა-ევროპას უყენებენ წესიერი, მოაზროვნე ადამიანები, სამართლიანია!
უკრაინის დამარცხება არ შეიძლება, დაუშვებელია. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ.“- წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.