თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი წლის პირველ კვარტალში 2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 13,6% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ახალი ბინების ფასები წელიწადში, გასული წლის საშუალო ფასთან შედარებით, 8,2%-ით გაძვირდა, ხოლო პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით- 12%-ით.
სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში აქტივობა შემცირებული იყო, ამჯერად კი სფერო შედარებით გამოცოცხლდა.
„ის ხალხი, ვინც წელიწად-ნახევარი ელოდა ბინის ყიდვას ის ადამიანები გააქტიურდნენ ამ პერიოდში“-აღნიშნა როსტომაშვილმა.
რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა, დაახლოებთ 10 წლის წინ გათანაბრებული იყო მოთხოვნა ძველსა და ახალაშენებულ ბინებს შორის. ნელნელა კი იზრდება ახალაშენებული ბინების პროცენტული წილი. ამჯერად თანაფარდობა 40/60-თანაა.
რაც შეეხება ბინებზე ფასების მატების მიზეზებს.
„ფასების მატება გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ გაიზარდა აბოსოლუტურად ყველაფერზე ფასები, რაც ქმნის საბოლოო ჯამში უძრავ ქონებას. დაწყებული წყლის ღირებულებიდან დამთავრებული საწვავის ღირებულებით. მშენებლობაზე ტრანსპორტის ხარჯი, მთელ ხარჯში 30%-ია. აქ იგულისხმება მძიმე ტექნიკა, მიწის სამუშაოები, საძირკვლის ესკალაცია და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია ამას დაემატა, ცნობილი 41-ე დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები მაგალითად, რომელიც აუცილებელია, თუმცა ცოტა უდროო. ჯობდა ჩვენ ჯერ ფონზე გავსულიყავით და მერე განხორციელებულიყო ეს ცვლილებები. ყველაფერი ერთდროულად დაატყდა სამშენებლო სექტორს, რომელიც ეკონომიკის 14-15%-ია,“-განაცხადა როსტომაშვილმა.
რაც შეეხება ლარის გამყარების ფაქტორს უძრავი ქონების ბაზრისთვის, როსტომაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დადებით ეფექტს იქონიებს, მაგრამ საჭიროა კურსის სტაბილურობის შენარჩუნება.