თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი მინდაძის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა. 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე, კერძოდ გდდ-ს თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა თქვა, რომ გასული წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და „პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“. სოფიკო ლოლაძის თქმით, პოლიციელმა შედეგად ფეხი დაიზიანა, შემთხვევა კი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ბრალდებულის ადვოკატის კითხვაზე, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, სოფიკო ლოლაძემ უპასუხა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან „ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.
„გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება. გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, – განაცხადა სოფიკო ლოლაძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის დედა, ნანი წულაია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა შსს-ს გამომძიებელმა, სოფიკო ლოლაძემ სასამართლოს სხდომაზე მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მისი შვილი გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე მივიდა პოლიციაში. ნანი წულაიას თქმით, მისი შვილი პოლიციელებმა სინამდვილეში მაშინ დააკავეს, როდესაც ახლობელთან სტუმრად იყოფებოდნენ.
სხდომის შემდეგ, შსს-ს გამომძიებელი ტყუილში დაადანაშაულა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც. მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე განათავსა ვიდეო, რომელშიც ჟორჟოლიანი შსს-ს გამომძიებელს მიმართავს:
„რატომ მოიტყუეთ, როდესაც წილკანში აიყვანეთ სპეცოპერაციით და თქვენ უთხარით, რომ უწყება გაუგზავნეთ და ისე მოვიდა პოლიციის სამმართველოში… მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აიყვანეთ სპეცოპერაციით და თქვენ მოიტყუეთ, რა არის სიმართლე თქვენი ნათქვამიდან, მითხარით“, – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა შსს-ს გამომძიებელს, რაზედაც სოფიკო ლოლაძემ უპასუხა, რომ გიორგი მინდაძე „არ დაუკავებიათ“ და რომ „უწყების საფუძველზე გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“.
„ჩაიხედეთ საქმის მასალებში და ნახავთ“, – მიმართა სოფიკო ლოლაძემ.
შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.
მატყუარა მოწმე პოლიციელი. დანარჩენი ვიდეოში.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025