თქვენ, შესაძლოა, ვერ გაიხსენოთ იმ ბლოგერის სახელი, რომელიც ღვინოს უწევდა რეკლამას, თუმცა, დიდი ალბათობით, დაგამახსოვრდებათ ძაღლი, რომელიც მეპატრონეს თითქოს არაქისის კარაქის ქილის გახსნაში „ეხმარება“. შინაური ცხოველები დიდი ხანია გასცდნენ კომფორტული დივნების სივრცეს და სრულფასოვან მედიაპერსონაჟებად იქცნენ. მათ ჰყავთ მილიონობით გამომწერი და თანამშრომლობენ ბრენდებთან. და როგორც კვლევებით დასტურდება, ისინი აუდიტორიის უფრო მაღალი ნდობითაც სარგებლობენ.
შედეგად, დამკვიდრდა ტერმინი „პეტფლუენსერი“ (Petfluencer), რომელიც იმ ცხოველების მიმართ გამოიყენება, რომელთა სოციალური მედიის ანგარიშებს მათი მეპატრონეები მართავენ. The Journal of Advertising Research-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცხოველების მონაწილეობით შექმნილი რეკლამა უფრო მაღალ ჩართულობასა და ნდობას იწვევს, ვიდრე ანალოგიური შინაარსის რეკლამა ადამიანების მონაწილეობით.
ექსპერიმენტის ფარგლებში დამზადდა ორი სარეკლამო პოსტი ღვინისა და არაქისის კარაქის შესახებ. ცხოველების მონაწილეობით შექმნილმა პოსტმა Instagram-ზე 18 224 ნახვა დააგროვა, მაშინ როდესაც „ადამიანურ“ რეკლამას 17 613 ნახვა ჰქონდა. რესპონდენტების გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ცხოველები უფრო გულწრფელ და სანდო ფიგურებად აღიქმებიან.
მიზეზი მარტივია: ადამიანები რეპუტაციული რისკების, სკანდალებისა და კომერციული გადატვირთულობისკენ არიან მიდრეკილნი, ცხოველები კი – არა. როგორც University of Strathclyde-ის მკვლევარი, დოქტორი ლორა ლავერტუ აღნიშნავს, შინაური ცხოველები „ფარული მოტივებისგან თავისუფალ“ სუბიექტებად აღიქმებიან, რაც რეკლამისადმი კოგნიტურ წინააღმდეგობას ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ცხოველების მონაწილეობით რეკლამა განსაკუთრებით ეფექტიანია იმ შემთხვევაში, როდესაც ის ემთხვევა სწრაფი კმაყოფილებისა და ემოციური რეაქციის მოლოდინს. შინაური ცხოველები იწვევენ სითბოსა და სინაზის განცდას, ამცირებენ შფოთვას და აძლიერებენ იმპულსს „მინდა“.
ამ ფონზე ძლიერდება კიდევ ერთი ფენომენი – „ინფლუენსერებით გადაღლილობა“. რაც უფრო მეტ სარეკლამო პოსტს აქვეყნებს ადამიანი ბლოგერი, მით უფრო არაგულწრფელი ჩანს იგი აუდიტორიის თვალში. ცხოველები კი ამ კონტექსტში „სუფთა მედიატორის“ როლს ასრულებენ ბრენდსა და ემოციას შორის.
სარეკლამო სააგენტოები ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ზოოინფლუენსერებს ბრენდების პოპულარიზაციის მიზნით. შედეგად, შინაური ცხოველების შემოსავლები არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ უსწრებს, მათი მეპატრონეების შემოსავლებს. ამის ნათელი მაგალითია კატა ნალა, რომელსაც 4.5 მილიონი გამომწერი ჰყავს და რომლის ქონება 80 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტადაა შეფასებული.
დასკვნა ერთია – აუდიტორიის ნდობას იმსახურებს ის, ვინც ყველაზე ბუნებრივად და მიუკერძოებლად გამოიყურება. ციფრულ გარემოში კი ბუნებრიობა სულ უფრო ხშირად ასოცირდება კუდთან და ულვაშებთან.
