ბავშვები სენსიტიური თემაა, ბავშვები ქუჩაში კი განსაკუთრებით სენსიტიური… იმის მიღმა, რასაც ჩვენ ვხედავთ, უამრავი დარღვევაა – იძულება, ძალადობა, შეურაცხყოფა…
ბოლო დროს თბილისში, ეს ბავშვები დღის განმავლობაში ქუჩაში ნაკლებად ჩანან. “ფორტუნა” დაინტერესდა, სად მიდიან ისინი და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.
აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი დღის ცენტრებში და თავშესაფრებშია, ნაწილმა კი „სამუშაო საათები“ შეიცვალა.
ქუჩის ბავშვების სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს. დღეს უკვე ექვსი დღის ცენტრი და ექვსი თავშესაფარი ფუნქციონირებს: თბილისში, რუსთავში და ქუთაისში. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით ოთხი მობილური ჯგუფი მუშაობს.
მობილური ჯგუფები გადიან იმ ადგილას, სადაც ბავშვები მოწყალების სათხოვნელად ხშირად ჩნდებიან, შეიძლება კონკრეტულ ადგილზე ისინი გამოძახების საფუძველზეც გავიდნენ. თუმცა, ეს რეაგირება მხოლოდ დილის 9 საათიან 6 საათამდე ხდება.
სწორედ ამის გამო, ბავშვების „სამუშაო საათები“ შეიცვალა და ვისაც დღის ცენტრში წასვლა არ უნდა, ისინი ქუჩაში მასობრივად 6 საათის შემდეგ გამოდიან.
რა ხდება დღის ცენტრებში და თავშესაფრებში
სოციალურ სააგენტოში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კვირაში ერთხელ თბილისში, მობილური ჯგუფი საღამოს 8 საათიდან ღამის 2 საათამდე მუშაობს.
ქუჩაში მყოფ ბავშვებს არჩევანი აქვთ. მათ შეუძლიათ, უარი თქვან ქუჩაში გასვლაზე, მივიდნენ ასეთ ცენტრებში, მიიღონ უფასო კვება და თავშესაფარი. სწორედ ამაში დასარწმუნებლად მუშაობენ მობილური ჯგუფები, თუმცა ასეთი ბავშვების ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია…
„ასეთი ჯგუფების ფუნქციაა, ქუჩებში მოძებნონ ბავშვები, გაესაუბრონ, ნდობა მოიპოვონ, სახლში მიიყვანონ ან სურვილის მიხედვით, თავშესაფარში გადაიყვანონ. დღის ცენტრში ბავშვებს შეუძლიათ როგორც დილიდან, ასევე სკოლის შემდეგ მივიდნენ. ბავშვები აქ უზრუნველყოფილი არიან საკვებით და ზოგიერთი მათგანი ღამითაც რჩება,“ – ყვება ხათუნა ჯიქია „ფორტუნასთან“ და აღნიშნავს, რომ თავშესაფრები ჩაკეტილი სისტემით არ მუშაობენ და ბავშვებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს დატოვონ ისინი.
„ეს ნებაყოფილობითია, ბავშვის ნებაზეა, იქ მოუნდება დარჩენა თუ უკან, ქუჩაში დაბრუნდება. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სურვილი ჰქონდეს, თუნდაც დღის მომსახურება მიიღოს,“ – განაცხადა ხათუნა ჯიქიამ და აღნიშნა, რომ პროგრამის დაწყების დღიდან დღის ცენტრებითა და თავშესაფრებით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა გაზრდილია.
სოციალური მომსახურების სააგენტო ამ პროგრამას 5-დან 19 წლამდე ბავშვებში ახორციელებს. 2016 წელს ჩვენი მომსახურება 239-მა ბენეფიციარმა მიიღო. 2017 წელს – 270-მა. ამ დროისთვის ცენტრებში 243 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას. ამ რიცხვებში შედიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხან ცენტრში არიან, ხან ისევ ქუჩას უბრუნდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვების ქცევის მართვა რთულია.
„ბავშვებთან ურთიერთობაში სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით. ხშირად ეს არის სოციალური პრობლემის მქონე ოჯახებიდან გამოსული ბავშვი, არიან მოზარდები დისფუნქციური ოჯახებიდანაც, შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის პრობლემაც. ბევრია მიგრანტიც (უმეტესად აზერბაიჯანიდან). ამ ხალხთან ვერ ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროა. მათ არ აქვთ ჩვენი დოკუმენტები, არ გვაძლევენ ბავშვის დაბადების მოწმობას, რომ შესაბამისი პრობლემის მოსაგვარებლად ვიმუშავოთ ან შეზღუდვა გავაკეთოთ ან შემაკავებელი ორდერი გამოვწეროთ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ზოგიერთ მიგრანტ ბავშვს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას ვაძლევთ. ამის საფუძველზე ვრთავთ ყველა პროგრამაში, მათ შორის სკოლაში, ჯანდაცვის პროგრამაში და ა.შ,“ – ამბობს ხათუნა ჯიქია. მისივე თქმით, ზოგიერთი ბავშვი მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში გადადის.
ბავშვები, უფროსებთან ერთად
როცა ბავშვები ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მშობელთან ერთად გამოდიან, პრობლემა უფრო რთულდება.
„გვქონია გამოწერილი შემაკავებელი ორდერები. გვქონდა სასამართლოზე მიმართვა, მშობლის უფლებების შეზღუდვისთვის, ვის იდენტიფიცირებასაც ვახდენთ…
მშობელს როცა ვუზღუდავთ უფლებებს, თუ ბავშვი არ გაჩერდა, კანონიერი წარმომადგენლის გარეშეც რჩება და ჩვენ გარეშეც.
სირთულე იზრდება ასაკის მიხედვით. პატარა ასაკის ბავშვების ჩვენთან ან ოჯახში გაჩერება უფრო მარტივად ხდება. ჩვილები მინდობით აღზრდაში გადადიან, ხოლო ჩვენი მომსახურებით 5 წლიდან სარგებლობენ. მნიშვნელოვანია, რამდენი ხანია ქუჩაში გამოსული, თუ ახალი გამოსულია, გადადიან მსურველ ოჯახებში და იქ ხდება მათი ქცევის რეგულირება, თუმცა თუ ქუჩაში დიდი ხნის გამოსულია, მიმღებ ოჯახებს უჭირთ მათი მოთოკვა, ამიტომ უფრო თავშესაფარში რჩებიან,“ – განაცხადა ხათუნა ჯიქიამ.
მინდობითი აღზრდა და ოჯახები, რომლებიც “ქუჩის ბავშვებს” იფარებენ
მინდობითი აღზრდაც, ერთერთია იმ პროგრამიდან, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების მეშვეობით, მიუსაფარ ბავშვებს სთავაზობს. ოჯახები თავად გამოთქვამენ სურვილს, გადიან ტრენინგებს და რეგისტრირდებიან ბაზაში.
მიუსაფარი ბავშვები მიმღებ ოჯახში დროებით რჩებიან. ამ პერიოდს სოციალური მუშაკი და ოჯახთან მისი შეწყობა განაპირობებს.
„ოჯახები გადიან რეგისტრაციას ჩვენს ტერიტორიულ განყოფილებებში, წერენ რა ასაკის ბავშის მიღება შეუძლიათ და რა მდგომარეობის. იმის მიხედვით, ვუტარებთ ტრეინინგებს და გვყავს ბაზაში, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები გადაგვყავს მათთან. შემდეგ ვაკვირდებით შეეჩვევა თუ არა ოჯახი და ბავშვი ერთმანეთს,“ – განმარტავს ხათუნა ჯიქია.
სახელმწიფო ასეთ ოჯახებს ჯანმრთელ ბავშვზე თვეში 450 ლარს (დღეში 15) უხდის, ხოლო შშმ-ზე 600 ლარი (დღეში 20 ლარი).
ბავშვთა უფლებები საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა, თუმცა…
იმის გამო, რომ ქუჩაში კვლავ დიდი რაოდენობით ბავშვი გამოდის და ისინი მარტივად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ღამით ამ პრობლემის მოგვარებას ამ დროისთვის პატრული ცდილობს. თუმცა, აქცენტი თბილისზეა, რეგიონებში კი, კვლავ უკონტროლო სიტუაციაა.
ზოგადი სურათით, ბავშვთა უფლებების მდგომარეობა ბოლო წლებში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. ამას კვლევაც ადასტურებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეიმუშავა.
“არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი, სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში,” – ვკითხულობთ კვლევაში.
თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს.
UNICEF-ის რეკომენდაციების საფუძველზე, ახლა სოციალური მომსახურების სააგენტო ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. პროექტი უკვე შემუშავებულია და სტრატეგია წლის ბოლომდე იქნება. ეს კი, როგორც მუშაობის სტილის ცვლილებას, ასევე ახალი ჯგუფების დამატებას გულისხმობს, თუმცა ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
პ.ს. არანაკლებ მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები. მათზე არავინ ზრუნავს, სამუშაო საათებშიც კი…
თამთა უთურგაშვილი
ფოტო: ლერი ზაქაიძე; თათია კაკიაშვილი