LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციის მიღება?

128

ყოფილა შემთხვევები, როცა აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარს გაძნელებია სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციის მიღება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში პრობლემა ორმხრივია და დაფიქსირებულა როგორც ბენეფიციარის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

”პირველი გახლავთ ის, რომ კონტრაქტის პირობები არ არის ხოლმე შესწავლილი ბენეფიციარების მიერ. ისინი ხშირ შემთხვევაში ისე აწერენ ხელს, რომ არ ეცნობიან ხელშეკრულების პირობებს და ყოფილა ისეთი შემთხვევაც, სადაც სადაზღვეობის მხრიდან ყოფილა კონკრეტული შეფერხებები, თუმცა, ამ დროს ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვუკარნახებთ კერძო სექტორს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი რასაც ჩვენი ვალდებულება ჰქვია და ვიყოთ შუამდგომლები კერძო სექტორსა და ბენეფიციარებს შორის” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, პროგრამაში სიახლეებია, მათ შორის საპროცენტო განაკვეთები და ვენახის დაზღვევის კომპონენტი.

”როცა ვსაუბრობთ, რომ დაზღვეულია 200 ათას ლარზე მეტი რისკი, ეს უკვე წარმატებაა, იმ პირობებში, როდესაც ამის ტრადიცია ქვეყანაში საერთოდ არ იყო” – განაცხადა დანელიამ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში ჩართულია ხუთი სადაზღვევო კომპანია: ”ალდაგი”, ”ჯი პი აი ჰოლდინგი”, ”აი სი ჯგუფი”, ”არდი ჯგუფი” და ”უნისონი”. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 28 690 პოლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები