LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა გართულდეს მართვის მოწმობის აღება?

109

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც მართვის მოწმობის აღების მსურველს მოეთხოვება, არის ძალიან დაბალი, ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, თანამედროვე სტანდარტების გამართული სისტემა შექმნას.

“დაძარი, გააჩერე, უკუსვლით წარმოსახვით “გარაჟში” შეაყენე და მართვის მოწმობას იღებ. სამწუხაროდ რეალობა სხვაა, კერძოდ, ეს არის საცობში დგომა, ავტობანზე სიარული, ღამე, სველ გზაზე სიარული, მოულოდნელი საფრთხის თავიდან აცილება, რისკების გათვლა – ეს ყველაფერი არ ისწავლება მობილურში ჩამოწერილი აპლიკაციით. ამას უნდა მუხლჩაუხრელი შრომა” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემის გაუმჯობესების გარდა, საქართველოს გზებზე ავარიების ალბათობის შესამცირებლად მხოლოდ მძღოლზე ან მხოლოდ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ თანაბრად უნდა აიღოს საკუთარ თავზე პრობლემის მოგვარება.

“მიზანი, რომ საქართველოს გზებზე არავინ დაიღუპოს, არ შეიძლება იყოს ან მხოლოდ მძღოლის, ან ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რაც ეხება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაზრდის შესაძლებლობას, ვფიქრობ, მაღალი შემოსავლის მქონე მძღოლებისთვის ეს ვერ იქნება შემზღუდავი ნორმა, ამიტომ, შესაძლოა, ჯარიმების რაოდენობა რაღაც დოზით გაიზარდოს, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია ამოქმედდეს მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, რათა დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობა ჩამოერთვათ” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

magti 5g