რატომ უნდა გავითვალისწინოთ კბილის ფერის, ფორმის თუ ზომის შერჩევისას პაციენტის კანის ფერი, ასაკი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ თერაპევტმა, პაროდონტოლოგმა ხათუნა ხუციშვილმა ისაუბრა.
რა არის მხატვრული რესტავრაცია და რამდენად შესაძლებელია რესტავრაცია იყოს ბუნებრივი და შეუმჩნეველი?
მხატვრული რესტავრაცია, ეს არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს კბილის ფერის, ფორმის, დგომისა და ზომის კორექციას. მხატვრული რესტავრაციის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ რესტავრაცია იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი და შეუმჩნეველი. ბჟენით ფენა-ფენა ხდება ახალი კბილის შექმნა, რომელიც თავის ფერითა თუ გამჭვირვალობით არ განსხვავდება პირის ღრუში არსებული დანარჩენი კბილებისაგან.
მხატვრული რესტავრაციის გარდა როგორ შეიძლება მივიღოთ ასე ვთქვათ “ჰოლივუდის” ღიმილი?
არსებობს ასევე არა პირდაპირი რესტავრაცია, რომელიც გულისხმობს ხელოვნური გვირგვინების ან ვინირების ლაბორატორიულად დამზადებას. ანუ საუბარია ორთოპედიულ კონსტრუქციებზეც. თუ რომელი მეთოდი უნდა მოხდეს რესტავრაცია, ამის შერჩევა ხდება კლინიკური ქეისის მიხედვით.
რა პრინციპით ხდება კბილების ფერის ან ფორმის შერჩევა?
თერაპიული თუ ორთოპედიული კონსტრუქციის დაგეგმარებისას, პაციენტის სურვილთან ერთად ასევე ხდება ესთეტიკის ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებაც. კბილის ფერის, ფორმის თუ ზომის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის კანის ფერი, ასაკი, სახის ფორმა და სხვადასხვა საორიენტაციო წერტილები, რასთან მიმართებაშიც სწორდება კონსტრუქციის გასწორება და დაგეგმარება. აი მაგალითად, ახალგაზრდა ასაკისათვის დამახასიათებელია გამჭვირვალე ფრონტალური კბილები, რომლებიც 1-2 მმ-ით ვიზუალიზირდებიან მსუბუქი ღიმილის დროს, ასაკის მატებისა და ფიზიოლოგიური ცვეთის პარალელურად, აღნიშნული გამჭვირვალობა ქრება. ასევე არსებობს კავშირი სახის ფორმასა და კბილის ფორმებს შორის. დადგენილია რომ მართკუთხა სახის ფორმისათვის დამახასიათებელია სწორკუთხოვანი კბილები, ოვალური სახის ფორმისათვის ოვალური, ხოლო სამკუთხა სახისთვის შესაბამისად სამკუთხედი ფორმის. გვაქვს ასევე მოწოდებული ოქროს სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს გვირგვინის სიგრძისა და სიგანის თანაფარდობა, ესაა 100 პროცენტი 80 პროცენტთან. აღნიშნული თანაფარდობა შეიძლება დარღვეული იყოს გარკვეული მიზეზების გამო, შესაბამისად მკურნალობაც იგეგმება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად. თუ გვირგვინის თანაფარდობის დარღვევის მიზეზი არის პათოლოგიური ცვეთა, მაშინ ხდება თანკბილვის კორექცია და გვირგვინის პროპორციების აღდგენა, თერაპიული თუ ორთოპედიული კონსტრუქციებით. თუ თანაფარდობა დარღვეულია ღრძილის ჭარბი ზრდის ან კბილის დაგვიანებული ამოჭრის გამო, მკურნალობაც ხდება ქირურგიული გზით, ანუ ხდება ღრძილის კორექცია.
რამდენად უსაფრთხოა კბილების გათეთრება და აქვს თუ არა შეზღუდვები?
ნებისმიერი პროცედურა ითვლება უსაფრთხოდ იმ შემთხვევაში თუ ის სწორად არის დაგეგმილი. გათეთრებასაც აქვს თავის შეზღუდვა. ეს არის: პირველ რიგში პაროდონტის დაავადებები, პათოლოგიური ცვეთა, ფრონტალურ მიდამოში არსებული ბჟენები, კარიესული თუ არა კარიესული დაზიანებები, ორსულობა და ლაქტაცია. არსებობს გათეთრების ორი მეთოდი, საოფისე, რომელიც ტარდება უშუალოდ სტომატოლოგიურ კაბინეტში და კაპებით გათეთრება, როდესაც ხდება ინდივიდუალური კაპების დამზადება, პაციენტს უტარდება ინსტრუქტაჟი და ის სახლის პირობებში თავად იტარებს პროცედურას.