LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ მოგვარდა გზებზე არსებული ორმოების პრობლემა ”უმოკლეს დროში”?

281

”თბილისის გზებზე ორმოები აღარ არსებობს” – თბილისის მერის დავით ნარმანიას ამ განცხადების მიუხედავად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში ორმოების პრობლემა მუდმივად აქტუალურია.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრობლემის მარტივ, იაფ და ინოვაციურ გადაწყვეტაზე მუშაობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისრაელში ორმოების ამოვსების ტექნოლოგიას გაეცნენ და შეისწავლეს.

ახლა საქართველოში იგივე ტექნოლოგიის გამოყენებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა დავით კალაძემ აცნობა, ისრაელიდან ორმოების ამოსავსები ნარევის, მზა მასალის ჩამოტანა საკმაოდ ძვირი ჯდება, სწორედ ამიტომ შეყოვნდა პროცესი.

მისი თქმით, ამჟამად კომპანია ისრაელთან ნარევის ერთი კომპონენტის ჩამოტანაზე მოალაპრაკებებს აწარმოებს.
”ორმოების ამოვსება ისრაელში მეორადი მასალის გამოყენებით ხდება და ჯამში სამუშაოების გაიაფების შედეგს გვაძლევს. ისრაელიდან მთლიანი, მზა მასალის ჩამოტანა საქართველომდე საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ მიდის მოლაპარაკება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომ მხოლოდ ერთი კომპონენტის- ქიმიური, პოლიმერული მასალის ჩამოტანა მოხდეს დანარჩენი კომპონენტები კი ადგილობრივი ბაზრიდან ავიღოთ. ეს ყველაფერი აქვე დამზადდება და გაცილებით იაფი დაჯდება”, – განაცხადა დავით კალაძემ.

ისრაელში აღნიშნული მასალა აქტიურად გამოიყენება.

როგორც კალაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, ამ ტექნოლოგიით, ორმოების ამოვსება უმოკლეს დროში, გზის გადაკეტვის და მინიმალური ადამიანური რესურსის გამოყენებით ხდება.

”ისრაელში ჩვენ ვნახეთ ქალაქის პირობებში, როგორ ხდება ამ მასალით ორმოების შეკეთება. დაზიანებულ ადგილზე მიდის პატარა მანქანა და ორი მუშა. ორმოს ამოვსება პრაქტიკულად 10 წუთში ხდება, გზის გადაკეტვის გარეშე და ტრანსპორტს შეუფერხებლად მოძრაობის საშუალება აქვს”, – განაცხადა დავით კალაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში ორმოების პრობლემა აღარ იარსებებდა. მისი თქმით, ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაწყდებოდა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში.

მინისტრი მაშინ, სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან  ხარჯები და ვადები ზუსტად ვერ გათვალა.

magti 5g