ადამიანმა შეიძლება საკუთარ ურთიერთობაში ის ქცევა გაიმეოროს, რომელიც ბავშვობაში ოჯახში არ მოსწონდა. მარტა ქარუმიძის პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგი ანა არველაძე განმარტავს, რას გულისხმობს „საგვარეულო პროგრამები“ და საიდან იწყება ამ სცენარებზე მუშაობა.
რას გულისხმობთ „საგვარეულო პროგრამაში“?
ეს არის სცენარი, რომელიც ოჯახის სხვადასხვა თაობაში შეიძლება განმეორდეს ისე, რომ ადამიანმა ეს კავშირი ვერ შეამჩნიოს. ზოგჯერ ადამიანი დიდხანს მუშაობს კონკრეტულ სირთულეზე და მხოლოდ მოგვიანებით ამჩნევს, რომ მსგავსი ამბავი მისი ოჯახის ისტორიაშიც არის. ამ კონტექსტში ტრანსგენერაციულ ტრავმაზეც ვსაუბრობ – იმაზე, როგორ შეიძლება ერთი თაობის მძიმე გამოცდილება მომდევნო თაობებზეც აისახოს.
ამ თემას დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის ჭრილშიც ვუყურებ. მის მიერ აღწერილ ფიქსირებულ განწყობას ვუკავშირებ იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანი მსგავს ვითარებაში ისევ ნაცნობი არჩევანისკენ გადაიხაროს.

როგორ გავარჩიოთ საკუთარი არჩევანი ოჯახისგან მიღებული სცენარისგან?
ამის შემჩნევა დამოუკიდებლად რთულია. შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ გადაწყვეტილებას ყოველ ჯერზე ჩვენი სურვილით ვიღებთ და მხოლოდ დაკვირვების შემდეგ დავინახოთ, რამდენად ჰგავს ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთს. ასეთ დროს დავაკვირდეთ, როდის მეორდება მსგავსი არჩევანი და რა ვიცით ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ.
ამის დანახვაში გვეხმარება გენოგრამა. ეს არის სქემა, რომელზეც ოჯახის რამდენიმე თაობის წევრებს, მათ ურთიერთობებსა და მნიშვნელოვან ამბებს აღვნიშნავთ. როცა რამდენიმე თაობის გამოცდილებას ერთად ვუყურებთ, შესაძლო მსგავსებები უფრო თვალსაჩინო ხდება.
რომელ განმეორებად სცენარს ხვდებით ყველაზე ხშირად?
ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვხვდები იმას, რასაც წარუმატებლობის სცენარს ვუწოდებ. ადამიანი შეიძლება შრომისმოყვარე და დისციპლინირებული იყოს, მაგრამ მაინც უჭირდეს სასურველი შედეგის მიღწევა. ერთ-ერთ შესაძლო ახსნად მშობლის მიმართ გაუცნობიერებელ ერთგულებას ვხედავ. შვილი თითქოს ეუბნება დედას, მეც შენსავით ვიქნები და შენზე წარმატებული არ ვიქნებიო. შეიძლება საპირისპირო შემთხვევაც იყოს. თუ მამა ჩემპიონია, შვილს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ოჯახში ერთადერთ ჩემპიონად მამა უნდა დარჩეს.
ზოგჯერ ოჯახის ისტორიაში წარმატებას მძიმე შედეგი მოჰყვა – მაგალითად, წინაპარს ქონება ჩამოართვეს ან გადაასახლეს. ჩემი ხედვით, ასეთი ისტორიებიც საყურადღებოა, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ, რატომ ერიდება ადამიანი გამოჩენას მაშინაც კი, როცა წარმატებისთვის ბევრს შრომობს.
როგორ შეიძლება ოჯახში ნანახი ძალადობრივი ქცევა პარტნიორულ ურთიერთობაშიც განმეორდეს?
ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს ერთი მშობლის ემოციური ძალადობა მეორეზე და ზრდასრულობაში თავადაც გაიმეოროს ეს ქცევა. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა ადამიანი მამის ძალადობრივ ქცევას მკაცრად განსჯიდა. მუშაობის პროცესში მან გააცნობიერა, რომ პარტნიორთან თავადაც ძალადობრივად იქცეოდა. როცა მამაში ტრავმირებული ადამიანიც დაინახა, შეძლო მამის მიმართ დამოკიდებულებისა და საკუთარი ქცევის შეცვლაზე ემუშავა.
ურთიერთობაში შეიძლება მიტოვების შიშიც გამოჩნდეს. ზოგჯერ ადამიანი თავად წყვეტს ურთიერთობას, რადგან ეშინია, რომ პარტნიორი მიატოვებს. ჩემს პრაქტიკაში ამ განცდას ზოგჯერ ოჯახის ისტორიაში პარტნიორის დაკარგვის ამბავსაც ვუკავშირებ.

რა მნიშვნელობა აქვს იმ ამბებს, რომლებზეც ოჯახში აღარ ლაპარაკობენ?
ჩემი ხედვით, განმეორებადი სცენარის გასაგებად ზოგჯერ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა დარჩა ოჯახის ისტორიაში მოსაყოლი. ოჯახს შეიძლება ვინმესთან კავშირი გაეწყვიტა და შემდეგ თაობებს მისი ამბავი აღარ სცოდნოდათ.
ვიეტნამში ერთ-ერთ ჯგუფურ შეხვედრაზე ისეთი სახელი ახსენეს, რომელსაც მონაწილე თავის საგვარეულოს ვერ უკავშირებდა. მეორე დღეს მან ეს სახელი ნათესავებში მოიკითხა და, როგორც თავად მოგვიყვა, გაიგო, რომ ასე ერქვა მის დიდ ბაბუას, რომელსაც ოჯახში აღარ ახსენებდნენ.
საიდან იწყება ამ წრიდან გამოსვლა?
პირველი ნაბიჯი პრობლემის შემჩნევა და მისთვის სახელის დარქმევაა. მაგალითად, ადამიანი წლებია სასურველი პოზიციისთვის მუშაობს და შეიძლება შეამჩნიოს, რომ წინსვლა ხშირად სწორედ მაშინ ფერხდება, როცა მიზნამდე ერთი ნაბიჯი რჩება. ასეთ დროს შეიძლება დააკვირდეს, კონკრეტულად რა ხდება ამ გადამწყვეტ მომენტებში.
გაცნობიერებასა და დამუშავებას შორის დიდი განსხვავებაა. შეიძლება იცოდე, რა გემართება, და მაინც იმავე წრეზე დარჩე. ცვლილებას დაკვირვება და თანმიმდევრული ნაბიჯები სჭირდება. ამ მუშაობის დაწყება დამოუკიდებლადაც შესაძლებელია, თუმცა პროცესს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. სპეციალისტის დახმარებით მისი გავლა ხშირად უფრო მარტივია.

რას ნიშნავს ოჯახის ისტორიის მიღება?
ჩემთვის აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინაპრების განსჯის შეწყვეტა. მათი არჩევანი და ღირებულებები შეიძლება ჩვენსას არ ემთხვეოდეს და მათ მიმართ მადლიერების განცდა მაინც შევძლოთ. ჩემთვის მიღება პატიების წინაპირობაა. ზოგჯერ ამ პროცესში საკუთარ თავშიც აღმოვაჩენთ იმ თვისებას, რომელსაც სხვაში ასე მკაცრად განვსჯიდით.
საკუთარ ქცევაზე მუშაობით ერთ ადამიანსაც შეუძლია ოჯახში ურთიერთობების შეცვლა. ამ ცვლილებაში თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს დეიდამ, მამიდამ ან ბიძამაც.
რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც ოჯახის ისტორიის უკეთ გაცნობა სურს?
თუ ოჯახში უფროსი თაობის წევრები გყავთ, გაესაუბრეთ. ჰკითხეთ, რა ახსოვთ იმ წინაპრებზე, რომლებსაც თქვენ ვერ მოესწარით. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიები, რომლებზეც ოჯახში სირცხვილის ან სხვა მიზეზის გამო იშვიათად საუბრობდნენ.

როგორ მუშაობთ ამ თემაზე ჯგუფურ შეხვედრებზე?
„მეტამორფოზა“ ჯგუფური მუშაობის ფორმატია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში გასვლითი შეხვედრების სახით ვატარებთ. მასში ოჯახური სისტემური განლაგებების ელემენტებიც არის. საქართველოში ამ მიმართულების გაცნობასა და გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვის მოქშა ფეიქარს.
მათთვის, ვინც გასვლით შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს, შევქმენი ონლაინკურსი „გამოსვლა მოჯადოებული წრიდან“. კურსის დაწყება 15 ნოემბერს არის დაგეგმილი.
