LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვითარდება თვითიზოლაციის დროს თვალის სიმშრალე და როგორ ვებრძოლოთ მას

9525
tamuna-kitadshvilinewssss

ექიმი ოფთალმოლოგი თამუნა კვიტაშვილი fortuna.ge-ს მკითხველს საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ თვალი გამოშრობისას განსაკუთრებულად თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც ადამიანებს ჩვეულებრივზე უფრო დიდი ინტენსივობით უწევთ ტელეფონებსა თუ კომპიუტერთან ჯდომა. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, დღეს ყველაზე ხშირად სწორედ თვალის გამოშრობის ჩივილით მიმართავენ პაციენტები.

თამუნა კვიტაშვილი:

რა თქმა უნდა, ამ რეჟიმით ცხოვრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რიგი პრობლემები მედველობის ორგანოს გართულებების კუთხით, როგორც მოზრდილებს, ასევე განსაკუთრებით მოზარდებს შორის.  ახლოვადიანი პერსპექტივით, ეს შესაძლოა, იყოს მშრალი თვალის სინდრომის განვითარება, რომლისთვისაც კლინიკურად დამახასიათებელია სიმშრალის შეგრძნება და სიწითლე, თვალებში წვის შეგრძნება, ასევე მომატებული ცრემლდენა. ხშირია ქავილიც, რაც ამ პერიოდში ძალიან არასასურველია, ვინაიდან პანდემიის პირობებში თვალთან ხელი რაც შეიძლება იშვიათად უნდა მივიტანოთ ვირუსის ორგანიზმში აღნიშნული გზით მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

რატომ ხდება ეს ყველაფერი? ძირითადად იმიტომ, რომ ვართ დახურულ სივრცეში. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე ოთახში ტემპერატურაზე და არა ტენიანობაზე. ჩვეულებრივ პირობებში, თვალს ავტომატურად ხშირად ვახამხამებთ, რაც განაპირობებს თვალის გასუფთავებას მტვრის ნაწილაკებისგან, ასევე თვალის აპკის განახლებასა და მის გადაკვრას თვალზე. თვალის დახამხამებას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეკრანთან ჯდომისას ხამხამი არის შემცირებული, ხუთჯერ ნაკლებია ჩვეულებრივთან შედარებით. თვალიდან სითხე უფრო მეტად ორთქლდება და ვითარდება სიმშრალე.

ამისგან თავდაცვის საშუალებაა ოთახის მაქსიმალურად განიავება, რომ ტენიანობა შენარჩუნდეს. ეკრანთან მუშაობისას, და ეს მხოლოდ სიმშრალეს არ ეხება, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ან გადაღლილობა. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ყოველ 20 წუთში ერთხელ, ნახევარი წუთის განმავლობაში მაინც, უნდა მოვაშოროთ თვალი ეკრანს და გავიხედოთ შორ მანძილზე. ასევე ძალიან კარგი იქნება თვალის დახუჭვა და დასვენება. მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას ეს ყველაფერი ხელს შუუშლის.

ამ ორი თვის განმავლობაში თქვენ რა ჩივილებით მოგმართავენ ძირითადად?

სხვათა შორის, სწორედ თვალის სიმშრალეა წამყვანი პრობლემა. გარდა ამისა, როდესაც ადამიანები სიწითლეს ამჩნევენ, ჰგონიათ, რომ აუცილებლად თვალის ანთებაა და თვითნებურად, სანამ ექიმს შეგეკითხებიან, იწყებენ ანტიბიოტიკის ჩაწვეთებას, რაც დაუშვებელია. ანტიბიოტიკის არც დალევა და არც თვალში ჩაწვეთება არ შეიძლება ექიმის დანიშნულბის გარეშე. თუკი, მაგალითად, თვალის სიმშრალის დროს ანტიბიოტიკს ჩაიწვეთებთ, შესაძლოა, ამან უარესი შედეგი გამოიწვიოს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც შეუძლიათ ჩაიწვეთონ თვალის დამატენიანებელი ცრემლები, ლუბრიკანტები. ამაში არავინაა შეზღუდული. მე პირადად ვარჩევ საშუალო სიბლანტის ცრემლებს, არაქიმიური შემადგენლობით, რომელთა ჩაწვეთების ჯერადობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ვიღაცისთვის შეიძლება საკმარისი იყოს დღეში ორჯერ ჩაწვეთება, ვიღაცისთვის – ოთხჯერ ან მეტჯერ. უკონსერვანტო წვეთების შემთხვევაში შეზღუდვები არ არის, რადგან მას არანაირი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. როგორც სხეულის კანი შრება და მას კრემით ვიტენიანებთ მრავალჯერადად, ასე შეიძლება თვალის ცრემლი გამოიყენოთ. თუკი ინტენსიურად ჩაიწვეთებთ და არანაირი შედეგი არ გექნებათ, ამას კი დაერთვება სხვა სიმპტომები, მათ შორის ქავილი და ჩირქიანი გამონადენი, უკვე ექიმს უნდა მიმართოთ და მკურნალობას ის გადაგიწყვეტთ.

დღეს ძალიან ბევრს აწუხებს თვალის სიმშრალე. ვარჯიშები რამდენად შველის, მაგალითად, შორი და ახლო წერტილების მონაცვლეობა?

მოზარდებისთვის აქტუალური პრობლემა, ბოლო წლებში ეს ტენდენცია იყო და ახლა კიდევ უფრო მოიმატებს, ახლომხედველობის განვითარებაა. ეს არის რისკფაქტორი, რაც ჩაკეტილ ცხოვრებას ახლავს თან და მუდამ მონიტორთან ჯდომა იწვევს. ის ვარჯიშები, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, სწორედ ამის პრევენციის კარგი საშუალებაა. იმიტომაც ვთქვით, რომ 20 წუთში ერთხელ, როცა ეკრანთან მუშაობთ, უნდა გაავარჯიშოთ თვალი შორ მანძილზე, დაახლოებით ექვს მეტრზე ყურებაში. ეს არის ის წერტილი, როდესაც თვალის შიგნითა კუნთს რელაქსაციის საშუალებას ვაძლევთ. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, მშობლებმა უნდა დააყენონ ბავშვები ფანჯარასთან, რომ მათ  იყურონ შორს და გადაიტანონ ფოკუსი შორ მანძილზე.

ახლომხედველობის განვითარებას ასევე უწყობს ხელს ბნელ ოთახში ეკრანთან ჯდომა. ზოგადად, დღის სინათლეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, საღამოს სანათიც უნდა დავიხმაროთ. ასევე რეკომენდებულია და აღმოჩნდა, რომ თვალისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია დღის სინათლე, ამიტომაც ბავშვებმა ორ საათამდე პერიოდი გარეთ უნდა გაატარონ. აივნებზე მაინც უნდა მოუწყოთ შვილებს ადგილი, სადაც ყოფნას შეძლებენ. ახლა გარეთ გასვლა ნელ–ნელა არ იქნება პრობლემური და კარგი იქნება გასეირნება, რომ ბავშვის თვალს დღის შუქი მოხდეს. მიოპიის განვითარებას ეს ხელს შეუშლის. აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანის თვალს უშუალოდ მზის სხივი არ უნდა ხვდებოდეს. მზის სათვალე იქნება თუ კეპი, თვალი აუცილებლად უნდა დავიცვათ.

თვალი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა ის ორგანიზმში ვირუსის შეჭრის ერთ–ერთი გზაა. გაუცნობიერებლად, სულ რომ არაფერი გვაწუხებს, მაინც ხშირად ვიკიდებთ ხელს თვალზე და თუკი დისკომფორტი გაქვთ, მით უმეტეს, რაც არ არის სასურველი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g