ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ახვლედიანმა ინიციატივაზე დღეს, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში შესაძლებელია საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ ჯგუფში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ:
“მე გთავაზობთ, თუ შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი დაკომპლექტებული უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლობით, სადაც ვიმსჯელებდით იმ თემებზე, რაზე საუბარს ვერ ვახერხებთ საპარლამენტო რეგლამენტის, სხვა პროცედურების გამო. თითქოს, პარლამენტია და სასაუბრო ადგილიც ეს არის, მაგრამ არ გამოგვდის. შესაძლოა, კამერების თვალწინ არ გამოგვდის, ამიტომ გთავაზობთ ასეთი ჯგუფის შექმნას და განვსაზღვროთ დღევანდელი საქართველოსთვის რამდენიმე ყველაზე არსებითი საკითხი.
მაგალითად, მე ვიტყოდი, რატომაც არა: ბესიკ ხარანაული, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე… მოისმინონ და, შესაძლოა, არაფერი თქვან, მაგრამ მერე შეაფასონ. გთხოვთ, იფიქროთ.
ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, კიდევ დადგება სამშაბათი და კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთ უბედურ დღეს, შეიძლება, ისეთ კრიზისში აღმოვჩნდეთ, რომ ყველა საუბარი გვიან იყოს”, – თქვა ახვლედიანმა.