ირაკლი ალასანიას შევხვდი და ვისაუბრეთ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე, ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ”თავისუფალი დემოკრატებისგან” მიიღო ადეკვატური პასუხი და მას დაპირდნენ, რომ კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში აუცილებლად დააყენებენ.
”ეკა ბესელიას ბრალდებები ძალიან არასერიოზულია. მე საკუთარი სინდისის კარნახით ვმოქმედებ და არავის მითითებებს არ ვასრულებ. დავინახე საფრთხე, რომ ბესელია და კობახიძე, პატრიარქს ამოფარებულები, შეეცდებოდნენ კორუფციული სქემების აღდგენას და ამიტომ ამ თემაზე ღიად დავიწყე საუბარი. ირაკლი ალასანიასთან ჩემს შეხვედრას თუ მითვლის ბესელია შეთქმულებად, ეს არასერიოზულია, ვინაიდან ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე ვისაუბრეთ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას იმ ბრალდებასაც პასუხობს, სადაც უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ელისაშვილის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია. როგორც ელისაშვილმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განმარტა, კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში, მხოლოდ 5 თვის ხელფასი და ხატი წამოიღო.
”ხატი პატიმრის მშობელმა დამიტოვა, ისიც არ მომქონდა, მაგრამ დაცვასთან დამიტოვა და, მოგვიანებით, ავიღე. თუ ამ ხატს კორუფციად მითვლის ბესელია, კი ბატონო, მაგრამ ეს არასერიოზულია” – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც ეხება მთავარი პროკურორის განცხადებას, სადაც ირაკლი შოთაძე, იმედს გამოთქვამს, რომ ელისაშვილი პროკურატურას იმ პიროვნებას დაუსახელებს, ვინც ბესელიასა და კობახიძის კორუფციული გარიგებების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა, ელისაშვილი ამბობს, რომ ამ პიროვნების ვინაობის დასახელებას მნიშვნელობა არ აქვს.
”რა მნიშვნელობა აქვს დავასახელებ თუ არა ამ პიროვნებას. რა შუაშია ეს პიროვნება, ეს არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან პროკურატურას ისედაც ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, მაგრამ მათ არ სურთ საქმის გამოძიება, პირიქით, საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობენ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.