LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მეტყველებს შეცვლილი ფრჩხილის ფერი, რატომ იმტვრევა ფრჩხილები და საშიშია თუ არა შილაკი – ნინო ჯაშის რჩევები ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის

901
ნინო-ჯაში

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ექიმი დერმატოლოგი, პოდოლოგი – ნინო ჯაში სტუმრობდა, რომელმაც ფრჩხილების პრობლემებზე, აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, ფრჩხილების სწორად მოვლაზე, შილაკზე ისაუბრა და მსმენელს ძალიან საჭირო რეკომენდაციები გაუზიარა.

ნინო, ყველაზე ხშირად ფრჩხილების რა პრობლემით გაკითხავენ პაციენტები?

რა თქმა უნდა, პაციენტების მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ფრჩხილების სოკოვანი დაავადებაა. ეს ძალიან ხშირი პრობლემაა.

არანაკლებ აქტუალურია ჩაზრდილი ფრჩხილი, ეს პრობლემა ძალიან ბევრ პაციენტს აწუხებს. აღნიშნული პრობლემა ფრჩხილის არასწორად მოჭრით არის გამოწვეული. ფრჩხილის ჩაბრუნება შეიძლება უკავშირდებოდეს გენეტიკურ ფაქტორს და წონის ჭარბ მატებასაც. ის ასევე ხშირია ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში.  ჩაზრდილი ფრჩხილი სოკოვანი დაზიანების დროსაც გვხვდება. ის ძალიან ხშირია ტრავმული დაზიანების დროსაც.

ძალიან ხშირად მოგვმართავენ ფრჩხილების დისტროფიით. ამ დროს პაციენტს აქვს ფრჩხილების მტვრევადობა, დაზოლვა, აქერცვლა.

ასევე, ძალიან ხშირია პანარიციუმის შემთხვევები, რაც სხვადასხვა ინფექციით არის განპირობებული. მისი ძირითადი გამომწვევი მაინც ტრავმაა.

ფრჩხილების დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროსაც ხშირია. ასეთი პაციენტები ხშირად მოგვმართავენ, რადგან თავად უჭირთ სახლში ფრჩხილების მოვლა. ბევრმა არ იცის და მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში აპარატურული მეთოდით ხდება დამუშავება და უმტკივნეულოდ, უსისხლოდ ხდება გასქელებული ფრჩხილების მოცილება. აღსანიშნავია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ქირურგიული ან რაიმე უხეში ჩარევა, ფრჩხილის მოჭრისას, არ შეიძლება.

ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ფრჩხილის ფერს და სხვადასხვა ფერს სხვადასხვა ორგანულ პრობლემას, პათოლოგიას მიაწერენ. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ნორმალური ფრჩხილი არის მოვარდისფრო და არის გლუვი ზედაპირით. რა თქმა უნდა, როდესაც ის იცვლის ფერს, სტრუქტურას, ეს უკვე ორგანიზმში რაიმე პათოლოგიის არსებობაზე მიგვანიშნებს. მაგალითისთვის, თუ ფრჩხილზე გაჩენილია ჩაჩხვლეტილი ადგილები, ეს ხშირად ფსორიაზულ დაავადებებს უკავშირდება. ასევე, შეიძლება იყოს თეთრი ფრჩხილები, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობაზე. ყვითელი ფრჩხილების მიზეზი შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექციები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების სხვადასხვა პათოლოგია. ასევე, შეიძლება, შეგვხვდეს საათის მინისებრი ფრჩხილები, რაც რკინადეფიციტური ანემიების დროს აღენიშნებათ.

პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ფრჩხილებს ქვეშ განვითარებულ შავ ხაზებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, მაგრამ შეიძლება, იყოს ავთვისებიანი მელანომა, ამიტომ ამის გამოკვლევა არ უნდა გადავდოთ და დროულად უნდა მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს.

ფრჩხილზე ხშირად ჩნდება თეთრი ლაქებიც. აღნიშნული რასთან არის დაკავშირებული?

ეს თეთრი ლაქები შეიძლება ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოვლენა იყოს და არ იყოს პათოლოგიის მომასწავებელი, მაგრამ თუ ფერი უჩვეულოდ არის შეცვლილი, მაშინ ეს სხვადასხვა ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების დეფიციტით, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებით შეიძლება იყოს განპირობებული. რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს, რომ შეფასდეს კლინიკური სურათი. უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევაც და ამ დროს ძალიან გვეხმარება ციფრული დერმატოსკოპიის გაკეთება. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ანალიზებიც, სისხლის საერთო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, D ვიტამინის განსაზღვრა.

მართლაც მკრთალია თუ არა ფრჩხილი ვიტამინების დეფიციტის დროს?

დიახ, რა თქმა უნდა. როცა ვიტამინების დეფიციტია, ამ დროს, არის თეთრი, მკრთალი ფრჩხილები და ეს ერთ-ერთი სიგნალია იმის, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

D ვიტამინის ნაკლებობის დროს ფრჩხილები არის გამომშრალი, აქერცვლადი, მტვრევადი.

რატომ ჩნდება ფრჩხილის სოკო და როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მის არსებობაზე?

მისი გამომწვევია სოკო პარაზიტი. მისთვის ხელშემწყობი პირობებია – მუდმივად დახურული ფეხსაცმლის, ვიწრო ფეხსაცმლის ტარება. აუზებზე, საუნაში, სპორტ დარბაზში ჩვენი ერთჯერადი ჩუსტების გამოყენება აუცილებელია, რადგან სოკოს გადაცემა უშუალოდ წყლიდან არ ხდება, დაინფიცირება საშხაპეებში და ა.შ. ფეხშიშველა გავლის დროს ხდება.

როდესაც ვხედავთ, რომ პაციენტს ფრჩხილს ფერი უკვე შეცვლილი აქვს, აქვს მოყვითალო შეფერილობა, იფშხვნება ფრჩხილის ფირფიტა, პაციენტი უჩივის უსიამოვნო სუნს, თავად უჭირს გასქელებული ფრჩხილის მოჭრა და ფეხსაცმელში დისკომფორტს გრძნობს, ამ დროს, პირველ რიგში, კლინიკურ სურათს ვუყურებთ. დათვალიერების შემდეგ, უკვე ლაბორატორიულ ანალიზს ვაკეთებთ სოკოს პარაზიტებზე. შემდეგ, ანალიზის პასუხის მიხედვით ვარჩევთ მკურნალობას.

არიან პაციენტები, რომელთაც უკვე წლების განმავლობაში აქვთ სოკოვანი ინფექცია და ოჯახში რამდენიმეს ერთდროულად აღენიშნებათ ეს პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იმკურნალოს, რადგან ეს გადამდებია და აუცილებელია, რომ ოჯახში მთლიანად მოხდეს ამ ინფექციის აღმოფხვრა.

რაც შეეხება მკურნალობას, მნიშვნელოვანია, რომ დროულად, მსუბუქი ფორმის დროსვე მივმართოთ ექიმს, რომ მარტივად ადგილობრივი, ანტიმიკოზური საშუალებებით მოხდეს მკურნალობა. საშუალო და მძიმე ფორმების დროს, უკვე კომპლექსური მკურნალობა არის საჭირო.

ძალიან მძიმე ფორმის დროს, სოკო, რა თქმა უნდა, თითქმის, ათივე ფრჩხილზე გადადის. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება, ხელის ფრჩხილების დაზიანებაც მოხდეს. ეს უკვე ადამიანის ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შემდეგ უკვე, მკურნალობა არის კომპლექსური. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს დაზიანებული ფრჩხილები უნდა მოშორდეს, რაც დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს. ადრე ეს ყველაფერი ქირურგიული მეთოდით ხდებოდა, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის, სოკოვანი ფრჩხილის ქირურგიული მეთოდით ამოღება არ შეიძლება. დღესდღეობით, ასეთი დაზიანებული ფრჩხილი აპარატული მეთოდით მუშავდება. ამის შემდეგ, ანტიმიკოზური საშუალებები უფრო მეტად აღწევს ფრჩხილში, უფრო მეტი ეფექტი აქვს და რა თქმა უნდა, შედეგიც უფრო დიდხანს გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სოკოვან ინფექციას მყარი იმუნიტეტი არ აქვს და ის განმეორებით კიდევ შეიძლება შეგვხვდეს.   

თუ ჩვენ დროულად არ მივაქციეთ სოკოს ყურადღება და არ მივედით ექიმთან და ეს ყველაფერი მძიმე ფორმაში გადავიდა, ამან საბოლოოდ რა შეიძლება გამოიწვიოს?

რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტი ყოველთვის ინფექციის მატარებელია და საშიშია სხვებისთვის, რადგან გადამდებია. ეს თვითონ პაციენტისთვისაც დიდი პრობლემაა, რადგან ამ დროს, ფრჩხილები არის გასქელებული, აქვს თავისებური სუნი, ასევე ხდება პრობლემის ხელის ფრჩხილებზე გადასვლა. ორგანიზმში მუდმივად არის ინფექციის წყარო და თუ რაიმე თანმხლები დაავადება აქვს ასეთ პაციენტს, რა თქმა უნდა, ეს ინფექციის გავრცელების კიდევ ერთი წყაროა.

ექიმს აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ, რადგან მკურნალობას საკმაოდ ხანგრძლივი დრო, 6-დან 12 თვემდე სჭირდება.

პირველ რიგში რას ვიკვლევთ, როცა ფრჩხილის პათოლოგიებზე გვაქვს ეჭვი, როგორ ხდება კვლევები, სისხლის ნიმუშის, ნაცხის აღება ხდება  თუ რაიმე სხვა მეთოდი არსებობს?

როდესაც პაციენტი ფრჩხილის პრობლემით მოგვმართავს, ჯერ კლინიკურ სურათს, დაავადების ხანგრძლივობას, თანმხლებ დაავადებებს ვაფასებთ. შემდეგ, დამატებით ტარდება სოკოს მიკროსკოპული გამოკვლევა. თუ არის ფერის ცვლილება ან ჩანაჭდევები, ვამატებთ ციფრული დერმოსკოპით კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს, ვამოწმებთ D ვიტამინს, ფარისებრ ჯირკვალს. თუ რაიმე პათოლოგია აღენიშნება პაციენტს, რა თქმა უნდა, ამ დროს, შესაბამისი კვლევაც აუცილებელია.

ადამიანები ძალიან ხშირად უჩივიან ფრჩხილების მტვრევას ან გაყოფას. უხშირესად რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული პრობლემა და საშიშია თუ არა ის?

ასეთი პრობლემა ნამდვილად ძალიან ბევრ პაციენტს აწუხებს. ფრჩხილის შუაზე გაყოფა ტრავმისგანაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი გამომწვევი, რა თქმა უნდა, ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობაა. ამ დროს, აუცილებელია, მივიღოთ ისეთი ვიტამინები, რომლებიც ფრჩხილებს უხდება და ის მიკროელემენტები, რომლებიც შესაბამისი ანალიზების მიხედვით, ჩვენს ორგანიზმს აკლია. აღსანიშნავია, რომ მკურნალობას 3 თვე მაინც სჭირდება. აღნიშნული პრობლემა საგანგაშო არ არის, მაგრამ აუცილებლად მისახედია.

რას გვეტყვით შილაკზე, რამდენად მავნეა ის ჩვენი ფრჩხილებისთვის?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესრულების ტექნიკას, ასევე დაცულია თუ არა შილაკის მოხმარების წესი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც. შილაკის წასმის პროცედურა აუცილებლად თანმიმდევრულად უნდა იყოს შესრულებული.

რა თქმა უნდა, შილაკს აქვს თავისი ვადა და ის 3-4 კვირა უნდა იყოს ფრჩხილზე. შემდეგ, უნდა მოვიხსნათ ის, რა საკვირველია, ესეც სწორი ტექნიკით. არსებობს მოხსნის ქიმიური და აპარატული მეთოდი და ორივეს გამოყენება შესაძლებელია, უბრალოდ, აუცილებლად სწორი ტექნიკით.

თუ ძალიან მოგვწონს შილაკი, პრობლემას არ გვიქმნის, უბრალოდ, აუცილებელია, რომ ფრჩხილები პერიოდულად დავასვენოთ მისგან, რომ ფრჩხილებს სუნთქვის საშუალება მივცეთ. შესვენების პერიოდში, კარგი იქნება, თუ სამკურნალო შრატებს, გელებს, ლაქებს გამოვიყენებთ, რომ არ მოხდეს ფრჩხილის ზედაპირის დაზიანება.

რა დროით გვირჩევთ ფრჩხილების შილაკისგან დასვენებას?

როგორც წესი, შილაკს ზაფხულის პერიოდში უფრო აქტიურად იყენებენ, ამიტომ უმჯობესია, თუ შემოდგომის, ზამთრის პერიოდში ფრჩხილებს დავასვენებთ, რომ ფრჩხილმა თავისი ფუნქციური თვისებები აღიდგინოს. საპროფილაქტიკოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტიმიკოზური და დამატენიანებელი შრატები.

იგივე რეკომენდაციაა ლაქის გამოყენების შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული შილაკზე უფრო მსუბუქია?

ლაქი, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქია, უფრო მეტად შეგვიძლია ვატაროთ. არსებობს სამკურნალო ლაქებიც და პერიოდულად მათი გამოყენება შეგვიძლია. უბრალოდ, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლაქის ხარისხს.

როგორი უნდა იყოს ფრჩხილის მოვლის ზოგადი რუტინა?

ფრჩხილების მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკის მხრივ, ისე ჯანმრთელობის. პირველ რიგში, ფრჩხილს საკვებით უნდა მივეხმაროთ. უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც მიკროელემენტებით, ბიოტინით არის მდიდარი. აუცილებელია ფრჩხილების სწორად დაჭრა. არ უნდა გავიკეთოთ ღრმა პედიკიურ-მანიკიური. აუცილებელია, რომ პერიოდულად დამატენიანებელი შრატები ან კრემები გამოვიყენოთ. ასევე, არ უნდა ვატაროთ ვიწრო ფეხსაცმელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.