LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში და რატომ არის საშიში ანემია – ჰემატოლოგ ირინა მაჭარაშვილის რეკომენდაციები

107
ირინა-მაჭარაშვილი

„რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი და რა ინფორმაციას გვაძლევს ის, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი რკინადეფიციტურ ანემიაზე, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რა დროს კეთდება D-დიმერი, ვინ არიან თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ, სისხლის რომელი ავთვისებიანი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული“ – ამ და სხვა საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ონკო-ჰემატოლოგმა – ირინა მაჭარაშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ირინა, ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი ჩივილის და ექიმთან ვიზიტის დროს, პირველ რიგში, ყოველთვის სისხლის საერთო ანალიზს ვაკეთებთ, ასეთი მნიშვნელოვანი და ინფორმაციულია აღნიშნული კვლევა?

სისხლის საერთო ანალიზი ძალიან ბევრი პარამეტრის მაჩვენებელია. როცა პაციენტს უკვე აქვს რაღაც გამოხატული ჩივილი, პირველი კვლევა, საიდანაც უნდა დავიწყოთ და რომელიც მიგვანიშნებს მიზეზზე, სწორედ სისხლის საერთო ანალიზია.

დღესდღეობით, ძალიან ბევრი ჯანმრთელი ადამიანიც თვითნებურად მიდის კლინიკაში და იკეთებს სისხლის საერთო ანალიზს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მაის რაიმე ჩივილი და სხვათა შორის, ეს გამართლებულიც არის.

სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს წითელი სისხლის და თეთრი სისხლის პარამეტრებს. პირველ რიგში, პაციენტისთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ერითროციტი, ჰემატოკრიტი და ა.შ.

როდესაც პაციენტი ნახულობს, რომ ჰემოგლობინი არ არის იმ ზღვრებში, რაც სტანდარტულ სისხლის საერთო ანალიზში არის მითითებული, ეს მისთვის კატასტროფული და შემაშინებელი ფაქტორია. ძალიან ბევრი ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტულ ნორმებს არ შეესაბამება მისი პარამეტრები, თვითნებურად იღებს მკურნალობის გადაწყვეტილებას, ისე, რომ ექიმთან არ მიდის და სამწუხაროდ, ამის გამო ცუდ შედეგებამდე მიდის. საჭიროა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, თუნდაც სატელეფონო.

პირველ რიგში, არ არის აუცილებელი, რომ ჰემოგლობინი იმ პარამეტრების მაჩვენებელი იყოს, რაც სტანდარტულ სისხლის ანალიზში არის მითითებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, კვებაზე, იმ ქრონიკულ პათოლოგიებზე, რომლებმაც შეიძლება, რომ გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც წითელ სისხლში, ისე თეთრ სისხლში.

თუ ვხედავთ, რომ სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტები დაბალია, არის ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი, ასევე ერითროციტის და ჰემატოკრიტის, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ფაქტობრივად ანემიის ნიშანია. თუ რომელი ანემიაა, ამის კვლევა და დიაგნოსტირება, ნამდვილად ექიმის კომპეტენციაა. შესაბამისად, თვითნებური მკურნალობა მიღებული არ არის, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ გაირკვეს, რა სახის ანემიაა და რამ გამოიწვია ის, რათა ზუსტად მივიდეთ მკურნალობის ტაქტიკამდე.

რა შემთხვევაში დგება დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა, როცა სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინის განსხვავებული ციფრი გვაქვს,  როდის მივდივართ რკინის და ფერიტინის განსაზღვრამდე, როდის მიგვაქვს ეჭვი რკინადეფიციტურ ანემიაზე?

აღსანიშნავია, რომ როდესაც პაციენტები ჰემოგლობინის დაბალ მაჩვენებელს ნახავენ, ხშირად, თვითნებურად იწყებენ მკურნალობას, რკინის პრეპარატების მიღებას. კი, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, დაემთხვეს და პაციენტს ნამდვილად ჰქონდეს რკინადეფიციტური ანემია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, შეიძლება, პაციენტს  ჰქონდეს ფოლიდეფიციტური ანემია და ამ დროს, რკინის პრეპარატის მიღებამ, შეიძლება, პირიქით, დააზიანოს ორგანიზმი, მოხდეს ორგანიზმში რკინის ჭარბი ჩალაგება. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სისხლის ანალიზი პროფესიონალმა ექიმმა ნახოს და მან დანიშნოს მკურნალობა. როდესაც სპეციალისტი ნახავს, რა მდგომარეობაშია წითელი სისხლი, ერითროციტი, ჰემატოკრიტი, ერითროციტების საშუალო მოცულობა, გადანაწილების ფართი, მისთვის უკვე ნათელია, თუ რასთან აქვს საქმე. ზედმეტი კვლევების ჩატარება ნამდვილად არავისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მოგეხსენებათ, პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. გამოცდილი ექიმისთვის კი მოცემული ანალიზის ფონზე უკვე ნათელია ეს არის რკინადეფიციტური ანემია, ფოლიდეფიციტური, რაიმე ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, არის აპლაზიური ანემია თუ სხვა.

რა არის რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და რამდენად საშიშია ეს დაავადება?

სამწუხაროდ, დღეს, ეს პრობლემა მოსახლეობაში ძალიან გავრცელებულია და ძალიან ხშირად გვაქვს შეხება. ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობა ხშირად თვითმკურნალობას მიმართავს, ძალიან ხშირად, ჩვენთან მოდიან ისეთი პაციენტები, რომლებიც უკვე თვეებია, აბსოლუტურად გამოუკვლევლად იღებენ რკინის პრეპარატებს, მეტიც იკეთებენ ნემსებს და წუხან, რომ შედეგი არ აქვთ. შედეგი არ აქვთ, რადგან მათ არ აქვთ გამოკვლეული, ნამდვილად აქვთ თუ არა რკინის დეფიციტი, არ არის გამოკვლეული განვითარება, ტრანსფორმაცია, არ არის განსაზღვრული არის თუ არა დეპო ორგანოებში რკინის მარაგი, არ არის განსაზღვრული არც ფერიტინი, არც ტრანსფერინი და ა.შ.

მინდა გითხრათ, რომ მარტო რკინის მიღებით არ შემოიფარგლება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.

დღესდღეობით, ამ პრობლემის პირველი მიზეზი არის ალიმენტალური გზა. საკვებიდან ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის რკინას, რაც ორგანიზმს სჭირდება. შემდეგ, არის ქრონიკული დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები, ინფექციური პათოლოგები, ქირურგიული ოპერაციის შემდგომ განვითარებული რკინადეფიციტები, ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, თითქმის გაუთანაბრდა გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს. ასევე, აღსანიშნავია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომლებიც უხშირესად იწვევენ მეორადად განვითარებულ რკინადეფიციტურ ანემიებს, იქნება ეს წყლულოვანი კოლიტი, გასტრიტი, ენტერიტი თუ სხვა, შესაბამისად, ეს პრობლემაც ძალიან საყურადღებოა.

მიზანმიმართული, კომპლექსური მკურნალობა, იქნება ეს რკინადეფიციტური ანემია, B-12 დეფიციტური ანემია თუ სხვა, მიგვიყვანს სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ნამდვილად ახასიათებს თუ არა რკინადეფიციტურ ანემიას ან ნებისმიერი სხვა ფორმის ანემიას ის სიმპტომები, რომლებიც საზოგადოებაში არის გავრცელებული მითის სახით, რომ იცის ზოგადი სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების ადვილად მტვრევა, ასევე მას ყოველთვის აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები?

მოგეხსენებათ, ხშირად გვაქვს ატიპიური ფორმები და რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, მითუმეტეს, როცა პაციენტს რამდენიმე ხნის უკან, თვითნებურად აქვს დალეული რკინის პრეპარატები, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი პრეპარატია ეს, ორვალენტიანი რკინა, სამვალენტიანი რკინა თუ სხვა, რადგან ჩვენ აქ უკვე გვეშლება სურათი, თუმცა პაციენტს მაინც რჩება გამოხატული ჩივილები. პირველი ჩვილი ეს არის გამოხატული, ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, პაციენტი ამბობს, რომ 5 საფეხური ავიარე და გული დამეღალა, ასევე დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ტაქიკარდია.

კლინიცისტი ექიმისთვის ძალიან გასათვალისწინებელია კუჭ-ნაჭლავის ქრონიკული დაავადებები. როდესაც ჩვენ გვაქვს ქრონიკული წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტები, ბუასილები და ა.შ. აქ ყოველთვის თანმდევია ანემიები, აქ შეიძლება იყოს არა მხოლოდ რკინადეფიციტი, არამედ ფოლიდეფიციტი და B-12 დეფიციტური ანემიები, მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ვეგეტარიანელობასთან და კუჭის რეზექციის შემდგომ პერიოდთან, როდესაც ძალიან ხშირად, 7-8 თვის მერე, უკვე თავს იჩენს ხოლმე B-12 დეფიციტური ანემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი იმის დიფერენცირება, თუ რა ტიპის ანემია გვაქვს?

დიფერენცირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ დავადგინოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი და შემდეგ, სწორედ მიზეზიდან გამომდინარე შევადგინოთ სწორი მკურნალობა.

დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები გვჭირდება, ყველაზე მინიმუმ ექოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები, რამდენიმე ტესტი, რომ ზუსტად ვნახოთ, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე.

მინდა გითხრათ, რომ როდესაც პაციენტს ენიშნება მიზანმიმართული, კომპლექსური მკურნალობა, ერთი კვირის შემდეგ პაციენტი უკვე გრძნობს სიმპტომურ გაუმჯობესებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან პრეპარატის დალევას თავი უნდა დაანებოს. მინიმუმ 1,5 – 2 თვე არის საჭირო, რომ სრულ რემისიას მივაღწიოთ.

რა დროს კეთდება D-დიმერი, რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ეს კვლევა, არსებობს თუ არა კონკრეტული სიმპტომატიკა, რომლის დროსაც უმჯობესია აღნიშნული კვლევის ჩატარება და რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც ანალიზები ნორმაში არ არის?

ეს თემა მოსახლეობისთვის საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც კოვიდ ინფექცია გავიარეთ. მოგეხსენებათ, კოვიდის პერიოდში, თითქმის, ყოველი მეორე პაციენტი ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურადაც იკეთებდა D-დიმერს.

D-დიმერი ეს არის კოაგულაცია, ეს არის ცილა, რომელიც არის ფიბრინის დაშლის, დეგრადაციის საბოლოო პროდუქტი.

არ არის აუცილებელი D-დიმერი გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პიკი და ვიცით, რომ 100 %-ით არის თრომბის საშიშროება. მინდა, მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რომ D-დიმერის მაღალი მაჩვენებლები შეიძლება, ნებისმიერი, ლატენტურად მიმდინარე ქრონიკული, ინფექციური პათოლოგიების, ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებების ფონზე იყოს მომატებული, ასევე მწვავე, ტრამვული ოპერაციების შემდგომ, მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების შემდგომ. ამას ნამდვილად დროული ნახვა და მიხედვა სჭირდება. საჭიროა იმის  დროული შეფასება, თუ რამ გამოიწვია D-დიმერის მაჩვენებლის, პარამეტრების მომატება. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ გამომწვევ მიზეზამდე და შემდგომ, უნდა ვმართოთ D-დიმერი და დინამიკაში ვაკონტროლოთ. ეს არ არის ის პარამეტრი, რომ ჩვენ ვერ დავიჭიროთ და ექიმი ვერ მოერიოს მის მართვას.

ონკოლოგიურ პაციენტებთან, როდესაც ადამიანი არის ციტოსტატიკურ და იმუნოთერაპიაზე, D-დიმერი ძალიან ხშირად ადის კრიტიკულ მაჩვენებლამდე, ისეთამდე, როგორიცაა 3000-4000, ამიტომ ჩვენ ხშირად გვიწევს D-დიმერის ანალიზის კონტროლი მკურნალობის პროცესში.

მინდა შეგახსენოთ, რომ D-დიმერი ზედა ზღვარი 400 გახლავთ.

რა არის ის მთავარი დაავადებები და გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ძალიან მოქმედებს სისხლში არსებულ ცვლილებებზე და იწვევს სისხლის დაავადებებს?

პირველ რიგში, ეს არის დღეს გავრცელებული რადიაციული ფონი, მაიონიზირებელი გამოსხივება თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დიდი რისკფაქტორია. შემდგომ, ეს არის კვება, ქრონიკული დაავადებები, პირველ რიგში, ავტოიმუნური დაავადებები, რევმატოიდული ფაქტორები, ავტოიმუნური თირეოიდიტი, წითელი მგლურა. ყველა ეს ფაქტორი იწვევს სისხლის ცვლილებებს. სისხლის ცვლილებებში იგულისხმება, რომ აქტიურდება კოაგულაციური ფაქტორი. აქ ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ფაქტორს, ყველა პარამეტრს, მათ შორის, კოაგულოგრამას.

როდესაც სისხლის საერთო ანალიზში გვაქვს კატასტროფულად მაღალი ერითროციტების დალექვის სიჩქარე, აქ დიაგნოზი უნდა გატარდეს ონკოლოგიურ პათოლოგიასა და ქრონიკულ ანთებით მიმდინარე დაავადებებს შორის. როდესაც ვნახავთ, რომ კოაგულოგრამაში გვაქვს ჰიპერკოაგულაცია, რომ მომატებულია შემადედებელი ფაქტორების პარამეტრები, იქნება ეს ფიბრინოგენის კონცენტრაცია, INR-ის საერთაშორისო ინდექსი თუ პროთრომბინის ინდექსი, ეს უკვე ჩვენთვის, კლინიცისტი ექიმებისთვის არის სიგნალი, რომ საქმე გვაქვს ან ლატენტურად მიმდინარე ქრონიკულ პათოლოგიასთან ან ონკოლოგიურ ნოზოლოგიასთან. ამ დროს, ჩვენ ვაკეთებთ როგორც ინსტრუმენტალურ კვლევებს, ისე სისხლის ლაბორატორიულ კვლევებს.

ვისთან შეიძლება იყოს თრომბოზის რისკი, არის თუ არა აღნიშნული პრობლემა ასაკთან, ჭარბ წონასთან ან რაიმე ტიპის დაავადებასთან მიბმული?

ეს პრობლემა ნამდვილად არის ასაკთან მიბმული. ხშირად, ასაკიდან გამომდინარეა ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, როგორიცაა რევმატოიდული პრობლემები, ონკოლოგიური წარმონაქმნები, ინფექციური პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის გაქრონიკულებული პათოლოგიები…

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საშიში და საპანიკო, როდესაც ექიმი ნახავს, რომ არის მომატებული, გაძლიერებული კოაგულაციური თვისებები, როდესაც გვაქვს D-დიმერი მაღალი მაჩვენებელი, ზედა ზღვარი და ა.შ. აქ უკვე საშიშია თრომბის წარმოქმნის სინდრომი და შემდგომ უკვე, ყველასთვის საპანიკო DIC-სინდრომის განვითარება, ანუ დისემინირებული სისხლძარღვშიდა ჩალაგების თრომბოზის სინდრომი, რომელიც ნამდვილად ყველასთვის საყურადღებოა და საჭიროებს დროულ მიხედვას. აქ აუცილებლად დროულად უნდა ჩაერთოს ყველა სფეროს წარმომადგენელი.

ჩვენ გვყავდა ენდოკრინოლოგიური პაციენტი, რომელთანაც არ იყო არანაირი ისეთი ქრონიკული პათოლოგია, არც ონკოლოგიური პრობლემის დასაწყისი, არც ინფექციური პათოლოგია, მასთან იყო ჩვეულებრივი, მეორე ტიპის დიაბეტი და მას კოაგულაციაში კატასტროფული შედეგები ჰქონდა. ენდოკრინოლოგთან ერთად, ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ აბსოლუტურ ნორმამდე მივიყვანეთ სისხლის კოაგულაციური პარამეტრები.

რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტები, ქიმიოთერაპიაზე, იმუნოთერაპიაზე მყოფი პაციენტები, პაციენტები, რომლებმაც გაიარეს სხივურითერაპია. შესაბამისად, მკურნალობის პროცესში და მკურნალობის შემდგომ, ყველა ექიმი დინამიკაში აკონტროლებს მაჩვენებლებს.

აქვს თუ არა საკვებს გავლენა სისხლის დაავადებებზე?

დღეს, მოსახლეობა მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ცდილობს, მაქსიმალურად ხარისხიანი საკვები მიიღოს და დიახ, ნამდვილად, კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად ყველა რგოლისთვის.

როდესაც მოზარდი თვეების განმავლობაში არ იღებს კალორიულ, ცილოვან საკვებს, თვეების შემდგომ, ეს მის ჯანმრთელობის პრობლემებზე აისახება. დღეს,  ახალგაზრდა თაობაში ძალიან წამოვიდა ვეგეტარიანელობის ტენდენცია. ძალიან ბევრ ვეგეტარიანელს, ჰაბიტუსზე აწერია, რომ B12-დეფიციტური ანემია აქვთ, რადგან აქვთ დამახასიათებელი მოყვითალო-მონარინჯისფრო ფერი, ფერმკრთალი სახე. კლინიკურად რომ უვლინდებათ გამოხატული სისუსტე, იძულებულები არიან, მიმართონ ექიმს.

ბევრისთვის ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ სჭირდებათ მკურნალობა და რაციონალური, კომბინირებული საკვები, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული, რომ თვეების შემდეგ, მისი მდგომარეობა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს.

ვისაუბროთ სისხლის ავთვისებიან დაავადებებზე, ძირითადად რა ტიპის დაავადებებზეა საუბარი და როგორ ვლინდება ისინი?

პირველ რიგში, ეს არის ლეიკემია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, ბავშვებში ძალიან არის გავრცელებული. გარდა ამისა, არის ერითრემია, რომელიც 10-15 წლის წინ ამდენად აქტუალური არ იყო, ასევე არის ძვლის ტვინის ავთვისებიანი პათოლოგიები, მელომა, ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი პათოლოგიები, ლიმფომები, სოლიდური სიმსივნეები.

აქვთ თუ არა აღნიშნულ დაავადებებს გამოვლენის დამახასიათებელი სიმპტომატიკა?

სამწუხაროდ, თუ უკვე გამოვლინდა პრობლემა, თუ პაციენტი კლინიკურად ცუდად გრძნობს თავს, თუ ხედავს რაიმე წარმონაქმნს, თუ გადიდებულია ლიმფური ჯირკვლები და ა.შ. , ჩათვალეთ, რომ ეს დასაწყისი სტადია არ არის, ეს უკვე რამდენიმე თვის, რამდენიმე წლის ამბავი და შორს წასული შემთხვევაა.

მინდა აღვნიშნო, რომ კომპეტენტურ ექიმთან დროული ვიზიტი და დიაგნოზის დროული დასმა ოქროს სტანდარტია და რომ ეს მკურნალობის 70-80 % -ის მიღწევაა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. მით უმეტეს, დღეს ძალიან ბევრი სკრინინგ ცენტრი გვაქვს, რაც ძალიან ხელსაყრელი ფაქტორია ჩვენი სოციალური ფენის მოსახლეობისთვის.

მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, არა არის აუცილებელი, რომ პირველადი კვლევა მაინც და მაინც კომპიუტერული კვლევა და MRI იყოს, პირველ ეტაპზე, ექოსკოპიის და სისხლის სტანდარტული ანალიზების ჩატარებაც საკმარისია, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად თავი დავიცვათ და ავირიდოთ ღრმად წასული პროცესები.

მთავარი მიმართულება, რაც კონკრეტულად თქვენს საქმიანობაში შედის, ეს არის ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის და სხივურითერაპიის შემდგომ გართულებების მართვა, ასევე ცნობილია, რომ თქვენ დეტოქსიკაციურ თერაპიასაც ატარებთ თუ შეიძლება, ამ თემაზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვით.

ქიმიოთერაპიის და სხივიური თერაპიის შემდგომი გართულება თითქმის ყველა პაციენტისთვის თანმხლებია. ამ დროს, შეიძლება, დაზიანდეს ძვლის ტვინი, ორგანოები, ყველაზე გართულებული პათოლოგიაა აპლაზიები, რომელსაც ხანგრძლივად მიმდინარე ქიმიოთერაპია იწვევს. ჩვენ, ფაქტობრივად, 18 წელია ასეთ პაციენტებს ვმართავთ. ყველა აპლაზიური პაციენტი, იქნება ეს სოლიდური სიმსივნეებით გამოწვეული თუ ჰემატოლოგიური სისხლის პათოლოგიებით, ნამდვილად ჩვენი სფეროა. გარდა ამისა, აღსანიშნავია კოაგულოპათიები, რომელთა დროული მიხედვა და ჩართვაც, სრულ რემისიამდე და შემდგომ იქამდე მიგვიყვანს, რომ მკურნალმა ექიმმა გააგრძელოს მისი მკურნალობა, რომ პაციენტმა არ გაწყვიტოს დანიშნული ქიმიოთერაპიის თუ სხივურითერაპიის სქემა, კურსი.

რაც შეეხება დეტოქსიკაციურ თერაპიას, ესეც ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, იგივე ონკოლოგიურ პათოლოგიაში. პირველად, ონკოლოგიის ცენტრში 2008 წელს დავიწყეთ დეტოქსიკაციის თერაპიის, კერძოდ პლაზმოფერეზის ჩატარება, როდესაც ქიმიოთერაპიის და სხივურითერაპიის შემდგომ, პაციენტებში იყო გამოხატული ინტოქსიკაციური ჩვენებები, ღებინება, გულისრევა და ა.შ. დეტოქსიკაციურ თერაპიას მივმართავთ, როდესაც გამოხატული ინტოქსიკაციის ფონზე, შეუძლებელია მკურნალობის გაგრძელება. დეტოქსიკაციურ თერაპია პაციენტს მკურნალობით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს უმსუბუქებს და ხსნის ინტოქსიკაციას.  გარდა ამისა, დეტოქსიკაციური თერაპია ნებისმიერი გენეზის ავტოიმუნური დაავადებების, ალერგიული დაავადებების დროს გამოიყენება და არაჩვეულებრივი შედეგები აქვს. ასევე, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ორსულებში, როდესაც არის უჯრედშიდა ვირუსები, იქნება ეს ქლამიდია, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი თუ სხვა. აღსანიშნავია, ისეთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაც, როგორიცაა ფოსფოლიპიდური ცვლის მოშლა ორსულებში. საკმარისია, ჩვენ 9-10 კვირიდან ჩავერთოთ და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ორსული აბსოლუტურ გამოჯანმრთელებამდე მიგვყავს. აღსანიშნავია პაპილომა ვირუსიც, რომელიც დღეს ნამდვილად აქტუალურია. მოგეხსენებათ, 200 სახის პაპილომა ვირუსია ცნობილი. აქ მკურნალობის ტაქტიკა არის თითქმის ერთი მიმართულებით, ერთფეროვანი, უნდა გაკეთდეს დეზინტოქსიკაციური თერაპია, რომ ტიტრი ვირუსის შემცირდეს ორგანიზმში და დაიწყოს ძირითადი, პათოგენეზური მკურნალობა.

კიდევე ერთხელ ვიტყვი, რომ სპეციალისტთან დროული მიმართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომ ეს ოქროს სტანდარტია. პაციენტმა ჩივილის აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს, დაიწყოს მიზეზის ძიება და შემდგომ უკვე მიზანმიმართული მკურნალობა.