რა ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი, რაზე მიუთითებს „როესა“ და ლეიკოციტების მატება, რატომ ვამოწმებთ სისხლს გრიპის ვირუსების დროს და რა უნდა ვიცოდეთ ანემიის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა.
ქალბატონო ნინო, რას ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი და მართლა ასეთი ინფორმაციულია თუ არა ის?
ჩემი აზრით, სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა, ყველაზე იაფად ღირებული, ყველაზე რუტინული, ადვილად გასაკეთებელი, წასაკითხი და ძალიან ბევრ დაავადებაზე ინფორმაციის მომცემი. სისხლის საერთო ანალიზი ჭირდება ყველა დარგის სპეციალისტს. არ არსებობს დაავადება, რომლის დრენირება არ ხდება პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზში და, უმეტეს შემთხვევებში, სწორად წაკითხული ანალიზი იძლევა საშუალებას, ექიმმა შემდგომი ლაბორატორიული კვლევები განსაზღვროს, რაც საბოლოოდ მიიყვანს კიდეც დიაგნოზამდე.
შესაძლებელია თუ არა, რომ სისხლის საერთო ანალიზის პასუხი იყოს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ორგანიზმში მიდიოდეს სერიოზული პროცესები?
რა თქმა უნდა შესაძლებელია, რადგან არ არსებობს 100 % -იანი ლაბორატორიული კვლევის არც ერთი შედეგი. ძალიან ხშირად, როდესაც ორგანიზმში უარყოფითი პროცესი მიდის, სისხლის საერთო ანალიზში კი, კარგი პასუხია, ეს ექიმს სიმშვიდეს ანიჭებს. ეს მეტყველებს პაციენტის სტაბილურ თერაპიულ სტატუსზე და ასევე საშუალებას გვაძლევს, ძალიან წარმატებულად ვებრძოლოთ რთულ დაავადებას. სისხლის საერთო ანალიზში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია მითითებული, სადაც არის ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობა. თითოეული ამ მაჩვენებლის გარკვეული ცვლილება სხვადასხვა დაავადებაზე აზრის შექმნის საშუალებას იძლევა. არის ერითროციტების დალექვის სიჩქარე, რომლის რაოდენობის მომატება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოსავალი ონკოლოგიური დაავადებების, მძიმე ინფექციური პათოლოგიების შესაძლო არსებობის.
მუდმივად ვთხოვ ჩემს ირგვლივ მყოფებს, რუტინულად, ხშირად, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, თერაპევტის კონსულტაცია, ეს ძალიან ღირებული კვლევებია.
როდესაც ადამიანი თავის რომელიმე დაავადებას ექიმთან ვიზიტის დროს იგნორირებას უკეთებს, იმიტომ რომ თვლის, ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში სწორედ ამ ანალიზების საშუალებით ხდება პრობლემაზე აქცენტის გაკეთება. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც ჩვენთან სრულიად სხვა პრობლემით მოსულან და ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გაცილებით მძიმე დაავადება დაგვიდგენია. ადრეული დიაგნოზტიკა კი ამ პაციენტების სრული გამოჯანმრთელების მყარი გარანტი გამხდარა.
ერითროციტების დალექცის სიჩქარე, ე.წ. ”როე” – ნორმად ითვლება თუ არა მისი მატება ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის დროს?
ლაბორატორიული კვლევის შედეგს ინტერპრეტაციას უწევს მხოლოდ ექიმი და არა პაციენტი, ან თუნდაც ლაბორატორიის თანამშრომელი. ექიმმა უნდა წაიკითხოს ანალიზი და ის გახდეს პასუხისმგებელი არსებულ ცვლილებებზე. კონკრეტულად ერთი მაჩვენებლის მომატება ან დაკლება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე მედიკამენტი დანიშნო. ერითროციტების დალექცის სიჩქარის (ედსი) მომატება ხდება ხოლმე ერთ-ერთი პუნქტთაგანი, რომლის საფუძველზეც ირჩევა ანტიბაქტერიული თერაპია. ვირუსული ინფექცია თუ სხვა პათოლოგიით არ გართულდა, შესაძლოა რამდენიმე დღე ჰქონდეს პაციენტს ცხელება, მაგრამ (ედსი)–მ არ მოიმატოს. ამაში ალოგიკური არაფერია, როდესაც სხვა კლინიკური სიმპტომების გამოვლინება ხდება, პაციენტს აქვს შეუპოვარი ცხელება, პროფოზული ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, რენდგენოლოგიური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეცვლილი, სახეზეა ფილტვის ქსოვილის ინფილტრაცია, ასეთ დროს ედსი 50-ია, 60 თუ 10, ეს არ არის ერთპიროვნული გარანტია იმისა, რომ ექიმმა ანტიბაქტერიული მკურნალობა შეარჩიოს. როდესაც ექიმი ადგენს მკურნალობის კურსს, ის პასუხისმგებელი ხდება კონკრეტული მედიკამენტების და თერაპიის ჩატარების აუცილებლობაზე. თუ პაციენტი ინტერპრეტაციას გაუწევს და თავად გადაწყვეტს, ჭირდება თუ არა ესა თუ ის დანიშნული მედიკამენტი, მსგავსი მიდგომა მთელ რიგ შემთხვევებში არასწორია.
არსებობს გეგმიური ლაბორატორიული მონიტორინგი, რომლის ვადებიც არ მგონია ასე მკაცრად განსაზღვრული იყოს, მაგრამ 3, 6, 12 თვეში ერთხელ ადამიანმა ზოგადი თერაპიული სტატუსის შემოწმებისთვის, სისხლის საერთო ანალიზი უნდა ჩაიტაროს. თუკი სისხლის საერთო ანალიზი ინიშნება იმისათვის, რომ შეფასდეს ამა თუ იმ დაავადების მიმდინარეობა ან მედიკამენტის უნარიანობა, რამდენად ებრძვის კონკრეტულ დაავადებას, ასეთ დროს შესაძლოა სისხლის საერთო ანალიზი ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმეც გაკეთდეს. მე თავად ონკო-ჰემატოლოგი ვარ და გვყავს ბევრი პაციენტი მძიმე დაავადებით, რა დროსაც მედიკამენტის დოზის შესარჩევად ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლის საერთო ანალიზს.
სისხლის საერთო ანალიზი არის აუცილებელი კვლევა, რომელიც ყველა ექიმმა პაციენტის პირველივე ვიზიტის დროს უნდა გააკეთოს.
მაგალითად როდესაც მოდის ადამიანი, რომელიც არის ფერმკრთალი, ანემიური, გიყვება, რომ უჭირს გადაადგილება, ქოშინებს, ესმის ხმაური ყურში, ცვივა თმა და ა.შ. რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის რკინადეფიციტური ანემია და ვნიშნავთ კვლევას სისხლში რკინის განსასაზღვრად, ამის პარალელურად ხომ აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. მხოლოდ რკინის ჭეშმარიტი დეფიციტი კიდეც რომ დაიჭირო, რკინის პრეპარატის დანიშვნის წინ მისი მოცულობის განსაზღვრა ხომ აუცილებელია. თუ პაციენტს გემოგლობინი 50 აქვს და პარალელურად რკინა აქვს 1, ამ დროს პერორალური რკინის დანიშვნა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვცემს შედეგს. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის შეფასება, სწორი ინტერპრეტაცია, პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსის გათვალისწინება და ამის მიხედვით შეირჩეს მასზე მორგებული თერაპია, რომელიც მისი გამოჯანმრთელების საფუძველს მოგვცემს.
დროის რა მონაკვეთში იცვლება სისხლის საერთო ანალიზი გრიპის ვირუსის დროს?
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ვირუსული ინფექცია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს სათანადო იმუნიტეტის პირობებში შეუძლია ამ ვირუსის სრული ერატიკაცია. სწორედ ამიტომ არის, რომ ექიმების დიდი არმია მიუთითებს მშობლებს და პაციენტებს, რომ არ არის საჭირო ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა. ვირუსული ინფექციიის დროს, მარტივად რომ ვთქვა, ხდება ჩვენი იმუნიტეტის მიერ ორგანიზმში შეჭრილი ამა თუ იმ ვირუსის განეიტრალება. თუკი ეს პროცესი ვერ შესრულდა სათანადოდ, პაციენტი არის იმუნოკომპრომიტირებული ან მოხდა რაიმე დაავადების დართვა, ან იყო გადატანილი პნევმონია და დროის მცირე მონაკვეთში დაემართა ინფექცია და კვლავ პნევმონიით გართულდა, ასეთ დროს რასაკვირველია შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზში ყოველდღიური ცვლილება დაფიქსირდეს. გრიპის ეპიდემიის დროს ძალიან ბევრმა სისხლის საერთო ანალიზმა გაიარა ჩვენი ექიმების ხელში და პაციენტების უმრავლესობას ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება აღენიშნებოდა. ეს აბსოლიტურად ლოგიკურია და ჩვენ ყველას ვუხსნიდით, რომ ლეიკოციტების ცვლილება, რომელსაც თან არ ახლავს ნეიტროფილების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგება.
ლეიკოციტების მატება და კლება ახსენეთ, რა დროს შეიძლება ცვლილება ჩაითვალოს ნორმად და რა დროს არის ეს ცვლილება საგანგაშო?
ოქროს შუალედის გავლება ძალიან ძნელია, კონკრეტული მაგალითის საფუძველზე აგიხსნით, არსებობს სისხლის სისტემური დაავადება ”ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია”. ასეთ დროს პაციენტების უმრავლესობას აქვს მკვეთრი ლეიკოციტოზი, მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 50, 60, 70 და ამ დროს პერიფერიულ სისხლში ლიმფოციტების რაოდენობა იყოს 70, 80, 90 %. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ არის ამ დაავადების შესახებ ინფორმირებული ან დიაგნოსტირებული, ნახავს თავის სისხლის ანალიზს, სადაც მითითებულია, რომ ლეიკოციტი ნორმა არის 4000 დან 9000-მდე და უცებ აღმოაჩენს, რომ მას აქვს 90. ეს არის დიდი ტრავმა, ელდა მისთვის, მაგრამ ”ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია” ეს არის დაავადება, რომლის დროსაც 80 000 ლეიკოციტი და 70 ლიმფოციტი, მთელ რიგ შემთხვევებში ეს მდგომარეობა საფუძველსაც კი არ წარმოადგენს, მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნის. ასეთ პაციენტებს ვეუბნებით, რომ მათთვის ეს ანალიზი არის აბსოლიტურად ნორმალური, უბრალოდ უნდა იყოს ყურადღებით. მაგრამ როდესაც მოდის პაციენტი, რომელსაც დაემართა ვირუსული ინფექცია, ახველებს, უჭირს სუნთქვა და ამ დროს ლეიკოციტების რაოდენობა არის 10 000 და ნეიტროფილი 90-დან, ლიმფოციტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, ეს მეტყველებს იმაზე რომ იწყება ბაქტერემია, შესაძლოა იყოს მძიმე პნევმონია, ბაქტერიული ინფექცია და ეს 90 ნეიტროფილი იყოს მინიშნება იმისა, რომ დაინიშნოს მძლავრი, მორგებული ანტიბაქტერიული თერაპია. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანი არის ცოცხალი ორგანიზმი და შეუძლებელია ყველა მაჩვენებლი მუდმივად იყოს ნორმის ფარგლებში, უბრალოდ უნდა იყოს ლოგიკური კლება ან მატება და არ უნდა იყოს ამ მაჩვენებლების უკან მთელი რიგი კლინიკურ სიმპტომატიკური კომპლექსი, რომელიც რომელიმე დაავადების გამოძახილი იქნებოდა.
“C-რეაქტიული ცილა”, ანალიზი რომლის გაკეთებასაც გვთხოვენ ხოლმე ანთებითი პროცესების გამოსარიცხად. რატომ ხდება აუცილებელი ამ ანალიზის გაკეთება თუ სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტების მატების მაჩვენებელი იძლევა ამ ინფორმაციას?
ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კვლევის შედეგი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული ბაქტერემიის არსებობაზე. C-რეაქტიული მატულობს არა მხოლიდ ბაქტერემიის დროს, არამედ სხვა და სხვა რევმატიული დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების, პოსტ–ოპერაციული პერიოდის დროს ან სხვა უამრავი მიზეზით. მეტსაც გეტყვით, C-რეაქტიულის მკვეთრი მატებაც არ არის საკმარისი ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნის. არსებობს გაცილებით ნატიფი კვლევა ”პროკლაციტონინის განსაზღვრა”, რომლითაც ხდება ჭეშმარიტად ბაქტერემიის ხარისხის შეფასება. ასე რომ C-რეაქტიული ცილის მომატება, რომელსაც თან არ ახლავს შეუპოვარი ცხელება, პაციენტი ზოგადად თავს კარგად გრძნობს და არ აქვს აუხსნელი ჩივილები, არ არის მიზეზი ანტიბიოტიკის დანიშვნის.
ანტიბიოტიკოთერაპია კონკრეტული ვირუსის მიმართ ჩატარებულ ქიმიოთერაპიად ითვლება, შესაბამისად სარეზერვო ანტიბიოტიკების ასე ხელაღებით გამოყენება ხშირად ხდება მიზეზი რეზისტენტობის განვითარების და ჭეშმარიტად ავადობის დროს, როდესაც პაციენტის სიცოცხლე დამოკიდებულია სწორად შერჩეულ ანტიბიოტიკზე, ექიმს აღარაფერი რჩება სარეზერვოდ. ნუ დავჩაგრავთ ჩვენს შვილებს ასე, მივცეთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და პირდაპირი ჩვენებით და არა იმიტომ, რომ მეზობელმა, ბიძაშვილმა, ნათესავმა გირჩიათ.
რა განსხვავებაა ანემიასა და რკინადეფიციტურ ანემიას შორის, განკურნებადია თუ არა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, გენეტიკა თუ ცხოვრების წესი?
ანემია არსებობს როგორც დაავადება და ასევე, ანემია შეიძლება იყოს როგორც გამოვლინება სხვა რომელიმე კონკრეტული დაავადების. როდესაც ანემია თან ახლავს რომელიმე მძიმე პათოლოგიას, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და მისი მკურნალობა საერთოდ სხვა პრინციპს ემყარება. როდესაც საუბარია ჭეშმარიტ ანემიაზე, ასეთ დროს ვიტამინოდეფიციტური ანემია განიხილება, თუმცა, ანემიების უზარმაზარი სხვა ჯგუფი არსებობს, რომლის დროსაც რკინის პრეპარატების მიღებამ შესაძლოა მხოლოდ დაამძიმოს და გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. ვიტამინოდეფიციტურ ანემიაში არსებობს ბ12 დეფიციტური, რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს პროცენტულად. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითად დედამიწის მოსახლეობის ყოველი მეექვსე ადამიანი არის ლატენტური ან მანიფესტირებული რკინადეფიციტური ანემიის მატარებელი.
დამერწმუნეთ, კვების რეჟიმის გარდა უამრავი სხვა მიზეზი არსებობს, რითაც ადამიანს რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განუვითარდეს. რკინა ეს არის მეტაბელური ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ძვრებში. შედის კანში, თმაში, ფრჩხილში, კვებავს მთელს ჩვენს ორგანიზმს და მისი ღრმა დეფიცი ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს არ არის ხელწამოსაკრავი დაავადება და ეს არ არის დაავადება, რომლის მკურნალობა შეუძლია ყველას ან მითუმეტეს თვითნებურად დედების, ბებიების რეცეპტებით, ვაშლის და ბროწეულის გამოწურული წვენებით. იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანმა იმდენი წვენი დალიოს, რომ რკინის დეფიციტი შეივსოს. მეტსაც გეტყვით ანემიების დროს ლორწოვანი გარსების ატროფია ვითარდება და ამ დაზიანებულ ლორწოვან გარსებს მჟავე სითხეებს რომ ვასხამთ, შესაძლოა კიდევ უფრო დავაზიანოთ და იმ მცირედის შეწოვას, რასაც კუჭნაწლავი ახორციელებს ხელი შევუშალოთ, ანუ შევკრათ მანკიერი წრე.
ჩემს ხელში გავლილი პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც რკინადეფიციტური ანემია აღენიშნებათ, არ ჭამენ ხორცს. კალორაჟის მიხედვით ყველაზე მეტ რკინას 100 გრ წითელი საქონლის ხორცი შეიცავს, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული, უფრო ნაკლებს შეიცავს ნებისმიერი ბოსტნეული, რომელშიც ის უხვად შედის არის: ვაშლი, ჭარხალი, ბროწეული, ოხრახუში, გარგარი, წიწიბურა, თევზი.
ჩემი ექიმობის დასაწყისში სკეპტიკურად მეჩვენებოდა, როდესაც ჩემი პედაგოგი, ვისგანაც ექიმობა ვისწავლე, ხშირად უსვამდა პაციენტს შეკითხვას, ჭამდა თუ არა ხორცს. არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, რომლის დროსაც სრულფასოვანი კვების პირობებშიც რკინა იკარგება, ეს არის იგივე შეწოვის პრობლემა, რომლის დროსაც სათანადო რაოდენობით ვერ ხდება ვიტამინების შეწოვა ან ვერ ხდება საკვები პროდუქტების ისეთი დამუშავება კუჭში, რომ მოხდეს მისი დანაწევრება და შეთვისებადი იყოს ორგანიზმისთვის. ასევე არსებობს მეორე დიდი პრობლემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის დენის კარგვა, არის წყლული, ეროზიები, ნაწლავის დაზიანება, ან პაციენტს აქვს ჭარბი მენსტრუალური ციკლი, რომლის დროსაც კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს. თუკი რომელიმე რგოლში, რკინის მიღების, მონელების, შეწოვის რაიმე კონკრეტული დარღვევა არსებობს საბოლოო შედეგად აუცილებლად დადგება ანემია, რომელიც საჭიროებს სწორ მედიკამენტოზურ მკურნალობას მოწესრიგებულ კვების რეჟიმთან ერთად და არ მხოლოდ კვების რეჟიმის მოწესრიგებას.
რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული სისხლის დაავადებები და განსხვავდება თუ არა ეს მაჩვენებლი სხვა ქვეყნების მონაცემებისგან?
საქართველოში ზუსტად ისევეა დაავადებები გავრცელებული, როგორც მთელ მსოფლიოში. არის ნევროლოგიური, იშემიური პათოლოგიები, ინსულტები და ა.შ. არ მგონია საქართველო რაიმე განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში იჯდეს, ისევე როგორც ვირუსების გავრცელების, გრიპის ეპიდემიის კუთხით. ჩემი აზრით, არა თუ დაავადებებმა არამედ ექიმთად მისვლადი პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, რაც საყოველთაო თუ კერძო დაზღვევების დამსახურებაა. მრავალი წლის წინათ ასეთი ადამიანები, დაავადებულები, ან იღუპებოდნენ ან თვითნებურად ჯანმრთელოდებოდნენ, მათ არ ჰქონდათ საშუალება ექიმთან მისვლის.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე წელია ”კიბოს რეესტრის ცენტრი” აღდგა საქართველოში, აქ ხდება ყველა პირველადად დიაგნოსტირებული პაციენტის დარეგისტრირება, თუმცა, ამ ეტაპზე ამ რეესტრის მონაცემები მაინც ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან ამ რეესტრში ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ეს დიაგნოზი წლების წინ დაესვათ. საქართველოში უკვე არსებობს შესაბამისი სამსახურები და რამდენიმე წელში ჩვენთან უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა და განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების სწორი სტატისტიკის წარმოება.
არსებობს თუ არა ლეიკემიის პრევენცია და შესაძლებელია თუ არა რაიმე ფორმით მისგან თავი დავიცვათ?
ლეიკემია ეს ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, რომლის წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის დაავადება, რომლითაც დაავადებული ადამიანი ექიმთან დროის მცირე მონაკვეთში მიდის, რადგან მძიმე კლინიკური ჩივილები აქვს და თვალშისაცემია მისი ცუდად ყოფნა. მწვავე ლეიკემია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც შეიძლება ადამიანმა დაიძინოს სრულიად ჯანმრთელმა და გაიღვიძოს უკვე დაავადებულმა. მწვავე ლეიკემიის პათოგენეზში რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მის ვირუსულ ბუნებას, მემკვიდრულ ფაქტორებს, არსებობს პესტიციდებით მოწამლვა, ბენზოლის ჯგუფის პრეპარატებით მოწამლვა, ქიმიური გავლენა, რადიაცია და ა.შ. ცოცხალი ადამიანი და ცოცხალი ორგანიზმი ვერასოდეს ვერ იქნება დაცული ყველა რისკფაქტორისგან. ახლახანს კვლევა წავიკითხე, რომ თამბაქო, ყავა და კოკა-კოლა აჩენს კიბოს, ამას ვერაფრით ვერ დავეთანხმები. რათქმაუნდა რისკჯგუფი არსებობს, მაგალითად ფილტვის კიბოს დროს ყველა ექიმი პირველად კითხულობს, მწეველია თუ არა პაციენტი, მაგრამ გვყავს პაციენტების უზარმაზარი არმია, რომელსაც თამბაქო არასოდეს მოუწევია და აქვს ფილტვის კიბო. ერთმნიშვნელოვნად მართალია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი იძლევა გარანტიას იმისა, რომ მთელი რიგი დაავადებებისგან იქნები დაცული.
მწვავე ლეიკემია ძალიან მტკივნეული თემაა, ეს არის ძალიან სერიოზული დაავადება, რომელთან საბრძოლველადაც უამრავი მედიკამენტი არსებობს. ყოველ წელს ხდება დახვეწილი, პაციენტზე მორგებული სქემების გადახედვა, შემუშავება, ძალიან დიდი მიღწევებია ამ დაავადებასთან ბრძოლაში, იგივე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ა.შ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დაავადება, რომლის მთელ რიგ შემთხვევებში ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება, თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ როდესაც ონკოლოგიურ დაავადებასთან გიწევს ბრძოლა, დიდი მონდომების და გულისხმიერების მიუხედავად, ექიმისა და პაციენტის ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით არ სრულდება.
უმნიშვნელოვანესია სათანადოდ, დროულად დაავადების გამოვლინება, ყურადღება გვმართებს, თუ რაიმე ჩივილი გაგვიჩნდა, რაც ადრე არ გვაწუხებდა, დაუყოვნებლივ უნდა მივაკითხოთ ექიმს, რათა ესა თუ ის დაავადება ადრეულ სტადიაზე იქნეს დადგენილი. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების სათანადო მკურნალობა კი პაციენტის გამოჯანმრთელების მაღალ გარანტიას იძლევა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი