LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაზე უნდა იფიქროს 60 წლის ქალმა?!. მინდა, მოვაგროვო იმდენი, რომ ჩემი მცირე ბიზნესი გავხსნა და ლამაზად დავბერდე…“ – რატომ გადაწყვიტა ლოლა წერეთელმა სახის პლასტიკური ოპერაციის საზღვარგარეთ გაკეთება და რა ბიზნესის წამოწყებას აპირებს საქართველოში

2596
ლოლა წერეთელი

ლოლა წერეთელი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება. მომღერალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ხშირად დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონცერტებით.

ახლახან ლოლამ სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და გაახალგაზრდავების ეფექტი მიიღო, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო რეზულტატის დასანახად კიდევ არის საჭირო დრო.

მომღერალი fortuna.ge-ს ნიუ იორკიდან ესაუბრა.

ლოლა, ამჟამად რა მიზნით ხართ ნიუ იორკში?

31 დეკემბერს ვიმუშავე ერთ-ერთ რესტორანში. ორი თვე ვიქნები აქ. არის ღონისძიებები, ქორწილები. ჩემი ორი დისშვილი, ორივე მომღერალი, აქ ცხოვრობს. 5 მარტს მივფინარვ ისრაელში, იქ მაქვს სარვამარტო ღონისძიება, ჩემთან ერთად მოფრინავს გაგა ჯიქიძე.

არის ისეთი მომენტი, როცა არაფერს აკეთებთ?

აი, ახლა (იცინის).

რამდენი წელია, რაც ასე აქტიურად მუშაობთ სცენაზე?

35 წელი გახდა წინა წლის სექტემბერში, რაც ასეთი დატვირთვით ვმუშაობ. თუმცა იყო ერთი-ორი წელი ჩემს ცხოვრებაში, როცა ახალი წელი სახლში გავატარე. 5 წლის წინ საზღვარგარეთ რომ წავედი, პირველი ახალი წელი იყო, როცა მარტო ვიყავი, ცუდ მდგომარეობაში. პირადი ცხოვრების გამო დავტოვე საქართველო… მეორე ახალი წელი არ მახსოვს, როდის და სად იყო, მაგრამ არც მაშინ მიმუშავია.

როგორც მივხვდი, ის ახალი წელი, როცა პირადი ცხოვრების გამო საქართველოდან წახვედით, არ გახსოვთ კარგად…

მარტოობამ დამღალა… (წაიმღერა). ხომ იცი… თუმცა მეგობრებთან ერთად ვიყავი და ნაკლებად ვიგრძენი…

პლასტიკურ ქირურგიას შევეხოთ. როდის გაიკეთეთ ზოგადად პირველი ჩარევა ამ კუთხით?

ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში პირველი ოპერაცია იყო რამდენიმე წლის წინ, როცა ბარიატრია გავიკეთე. იმ დრომდე არაფერი მქონდა გაკეთებული. შემდეგ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია, რადგან წონის დაკლების შემდეგ ცხვირი წინ წავიდა. მესამე კი – სახის ოპერაცია, ახლახან გავიკეთე. ერთ-ერთ პლასტიკურ ქირურგთან რომ მივედი კონსულტაციაზე საზღვარეთ, ასაკი მკითხა, ამ წელს 60 წლის გავხდები-მეთქი, რომ ვუპასუხე, გაუკვირდა, მომღერალი ხართ და პირველად იკეთებთ პლასტიკურ ოპერაციასო? ასე გამოვიდა (იღიმის).

როცა სახის პლასტიკის გაკეთება გადავწყვიტე, რამდენიმე ექიმთან ვიყავი თბილისში, მინდოდა, თავიანთი ნამუშევრები ეჩვენებინათ და არ მაჩვენს. „ინსტაგრამზე“ უცხოელი ექიმების შესახებ გამოხმაურებებს ვკითხულობდი ორი თვის განმავლობაში, ერევანში ვნახე ერთ-ერთი ექიმი და მის პაციენტებს მივწერე. მის შესახებ დადებითი გამოხმაურებები მოვისმინე და ოქტომბერში გავემგზავრე ტელმანთან, ოპერაცია ექვსსაათნახევარი მიკეთდებოდა. მძიმე იყო ჩემს სახეზე მუშაობა, რადგან 160 კილოდან დავიკელი წონა და შესაბამისად, ეს სახეზეც აისახა. ერთ კვირაში უკვე მეტყობოდა შედეგი, მაგრამ საბოლოო შედეგი მექნება 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში.

თავად როგორი კმაყოფილი ხართ?

რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

რა შეიცვალა თქვენთვის? სარკეში რომ ჩაიხედეთ და დაინახეთ გაახალგაზრდავებული ლოლა, რა შეგრძნება გქონდათ?

ყოველდღე იცვლება სახე, ფორმა. ჯერ ეს პროცესი არ დასრულებულა. ბევრისგან ვიღებ კომპლიმენტებს, ძალიან კარგად გამოიყურებიო.

თავად რეაბილიტაციის პერიოდი არ იყო მძიმე?

რომ ვიღვიძებდი, მქონდა ტკივილები, გამაყუჩებლები რამდენიმე საათს მშველოდა, თუმცა ტკივილის ატანა შემიძლია.

თქვენს ექიმთან გიწევთ მისვლა?

უკვე ვიყავი ერთხელ. სამუშაოდ ვიყავი ჩასული ერევანში და ექიმთანაც მივედი. გაუკვირდა, ორ თვეში ასეთ შედეგს არ ველოდებოდიო.

ამ დრომდე სახის პლასტიკური ქირურგიის გაკეთების სურვილი არ გაგჩენიათ?

ჩემი ყოფილი ქმარი (მომღერალი გიორგი წერეთელი – ავტ.შენ.), როცა პირველად ბოტოქსი გავიკეთე, შემდეგ კი – ცხვირის ოპერაცია, გაბრაზდა. ისეთი მომწონხარ, როგორიც ხარო. ასე ამბობდა… სახის პლასტიკურ ოპერაციაზე არც იყო საუბარი. უფლებაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ, ოჯახი გვქონდა და არც ერთ ქალს არ უნდა, რომ ოჯახში პრობლემა შეექმნას ოპერაციის გამო. სიმართლე გითხრა, მაშინ არც მიფიქრია, ვისთან უნდა წავსულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა… წლები რომ გემატება, ყველაფერი იცვლება. ვფიქრობ, იმ პერიოდში არ გამოვიყურებოდი ცუდად. ბევრი რამ იცვლება…

თქვენი ენერგია არ იცვლება… ამას როგორ ახერხებთ?

არც ხმა მეცვლება და დედაჩემიც ასე იყო, მთელი ოჯახი მუსიკოსები ვართ…

ახლა რას ფიქრობთ მომავალზე?

რაზე უნდა იფიქროს 60 წლის ქალმა?!. მე ვფიქრობ სიმღერებზე… მინდა, მოვაგროვო იმდენი, რომ ჩემი მცირე ბიზნესი გავხსნა და ლამაზად დავბერდე. ძალიან ხშირად დავფრინავ და ბევრ რამეს ვაკვირდები. მინდა, გავაკეთო რესტორნების ქსელი, გემრიელი ობიექტები, კარგი დასაჯდომი, სადაც იქნება საჭმელი, რომელიც არსად სხვაგან არ არის. აი, როგორც მაგალითად „მაკდონალდსია“. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ვაპირებ გავხსნა. მქონდა კლუბებიც და რესტორანიც. მე თუ არ მაქვს ამის გამოცდილება, აბა, ვის აქვს?! ეს გამოცდილება თუ არ მაქვს, არ ვარ ე.ი. ლოლა.

ისე, ლოლა ვინ არის? როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

ერთი თბილისელი გოგოა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ახარებდა მსმენელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის პირველ ადგილზე არის ჩემი მსმენელი. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის.

ბევრ თბილ კომენტარს იღებთ, ხალხს უყვარხართ…

ცოტა ხნის წინ შევედი სოციალურ ქსელში და ერთ სიმღერას 35 000 მოწონება ჰქონდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. რას ამბობ?! ამაზე კარგი არაფერი არსებობს მომღერლისთვის. ბევრ ენაზე ვმღერი, მათ შორის რუსულადაც და ვფიქრობ, რომ არაფერ შუაში არაა, რა ენაზე მღერი, მთავარია, მსმენელს მოსწონს და ახარებს შენი სიმღერები. არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ მიმიღია სიმღერასთან დაკავშირებით. 11 წელია დავდივარ ნიუ იორკში, გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში დავფრინავ, არასდროს არავის უთქვამს, ეს არ იმღერო და ის არ იმღეროო. ყველა მსმენელს უნდა მოეფერო, რადგან ის არის შენი სიამაყე და შენი მეგობარი, უყვარხარ, გისმენს და გაფასებს. ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, თუკი რაიმე შენიშვნას დამიწერენ. სხვანაირად წარმოუდგენელია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g