დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში ცუდი ეპიდვითარებაა.
იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სიკვდილიანობა გაიზრდება.
„რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, – აცხადებს იმნაძე.
იმნაძე განმარტავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ შეზღუდვებს კიდევ ერთხელ გაუძლოს.
„შეზღუდვები არის ის, რაც არ შეზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას. ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც, რატომღაც, ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს, ყველაფერი კეთდება ისე, რომ აღქმაშიც არ იყოს ვინმესთვის პოლიტიკურ შეზღუდვებთან კავშირი. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული – აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება“, – პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, – ამბობს იმნაძე და იქვე დასძენს:
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ჩვენი დედები, შვილები. ეს პრობლემა არის მთელ დედამიწაზე და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს იმაში, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ სხვა არაფერი არ გააჩერებს კორონას“.