“კორონავირუსი ადამიანის უჯრედში არ ინტეგრირდება. ასევე, არ ჩაშენდება მის გენეტიკურ მასალაში. ის დამოუკიდებლად არსებობს და არის შესაძლებლობა იმისა, რომ როდესაც თავის ციკლს ჩაამთავრებს, თავისით დატოვოს ორგანიზმი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა ”პირადი ექიმის” ეთერში ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა უკვე არის. ის 95% – იან შედეგს იძლევა და გარანტიას იმისას, რომ ადამიანს კორონავირუსი აღარ დაემართება.
”ორგანიზმის იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ის თანდაყოლილი და შეძენილი იმუნური სისტემისგან შედგება, რომელიც ძალიან რთული აგებულებაა. იმუნიტეტს ვადარებ ქვეყნისათვის ერთდროულად ჯარს, უშიშროებას, უსაფრთხოებას და პოლიციას. უსაფრთხოება და პოლიცია იცავს ქვეყანას შინაგანი მტრებისგან და აგენტებისგან. ხოლო, ჯარი გარედან შემოსული მტრებისგან. ასეა იმუნური სისტემაც.
ცერცვაძის თქმით, როდესაც კოვიდის ვირუსი ორგანიზმში ხვდება, დაცვითი მექანიზმები აქტიურდება. ეს კი მეტნაკლებად სწრაფ განეიტრალებას უზრუნველყოფს. თუმცა, პროცესი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. იმუნოდეფიციტიან პაციენტებში მეტი ალბათობაა იმისა, რომ ვირუსი აგრესიულად განვითარდეს.
”ამჟამად, შვიდი კორონავირუსის შტამია ცნობილი, რომელიც ადამიანს ასნებოვნებს. აქედან, ოთხი იწვევს მსუბუქ გაციებით დაავადებებს. ეს წელიწადში რამდენჯერმე ემართებათ. მხოლოდ სამი იწვევს მძიმე პანდემიას. ეს არის სარსი, მერსი და კოვიდი.
საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, არის თუ არა ქვეყანა პიკში. ამ კითხვაზე, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ალბათ, ქვეყანა პიკშია და ეს დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
”დიახ ალბათ პიკში ვართ და ეს დაახლოებით 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ, უნდა მოხდეს სტაბილიზაცია და ახალი შემთხვევების შემცირება, რაც სავარაუდოდ დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი. ვიცი რომ არის დაძაბულობა, მოლოდინები, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტება ვერ გაუმკლავდეს ვირუსს.
მინდა მივმართო მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობამ მოიმატა, ქვეყანა და მისი ჯანდაცვა ახერხებს კლინიკურ მართვას. ყველა წარმოქმნილი პრობლემა არის გარდაუვალი. სწორედ ეს არის მიღწევა, რომ ქვეყანა შეფერხებით, მაგრამ მაინც უმკლავდება. არის საზღვარგარეთის ქვეყნები, სადაც კვირაობით ვერ ხერხდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, შვედეთის მაგალითი მოიყვანა, რომ გაცემული იყო ინსტრუქცია, 65 წლის ზემოთ პაციენტები კლინიკებში არ გადაეყვანათ, რადგან შერჩევითი მკურნალობა მიმდინარეობდა. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა.
”ყველაფერი შედარებითია. საქართველოში სიკვდილიანობა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია. 0,92%-ია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. სამაგიეროდ, პაციენტების მკურნალობისა და მოვლის საკითხი უმაღლეს დონეზეა და მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი სიცოცხლე დაცულია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.