LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალურად რა აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს ზაფხულში? – 5 წესი ნუგზარ უბერისგან ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად

1392
ნუგზარ უბერი (1)

რეალურად რა სჭირდება ბავშვს ზაფხულში, რა აძლიერებს მის იმუნიტეტს? – ამის შესახებ ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

კითხვაზე: „მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ მთელი დანაზოგი წლის ბოლოს, ზაფხულში პოპულარულ კურორტებზე დასვენებაში გამოიყენონ. რეალურად რა სჭირდება ბავშვს ზაფხულში, რა აძლიერებს მის იმუნიტეტს, კურორტი, სოფელი, კვება, თუ ცივი წყალი?“ – პედიატრი ამბობს, რომ მომატებული სიფრთხილე, მომზადება, ინფორმატიულობა, ეს ყველაფერი ქმნის იმის გარანტიას, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცული ყველა იმ შესაძლო სირთულისგან, რამაც შეიძლება ზაფხულში მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას:

„ყველაფერი ერთად  ის რაც ჩამოთვალეთ, დაწყებული ჯანსაღი კვებიდან, სუფთა გარემოდან, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ძვირადღირებულ კურორტებზე ბავშვების წაყვანა. შესაძლებელია უკეთესიც იყოს ბებიასთან, ბაბუასთან, დეიდასთან, მამიდასთან სუფთა ჰაერზე. იქ, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, ჯანსაღი საკვებია, ოჯახური პირობებია, ახალი სახეებია, იმ დროს და გარემოებას მორგებული თამაშები თუ საღამოები ბავშვისთვის მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა მეგაპოლისს უნდა გავარიდოთ ბავშვი, თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია, იმედია ნელ ნელა ეს ყველაფერი მოწესრიგდება, აქეთკენ მივდივართ, მაგრამ ბავშვს ჭირდება სუფთა ჰაერი, ზომიერი კვება, ზომიერი ზღვა და ყველა ეს გაჯანსაღების ელემენტები ერთად ქმნის უკეთესი ჯანმრთელობის გარანტიას.

მომატებული სიფრთხილე, მომზადება, ინფორმატიულობა, ეს ყველაფერი კი ქმნის იმის გარანტიას, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცული ყველა იმ შესაძლო სირთულისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას“, – ამბობს სპეციალისტი.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „როგორ მოვახდინოთ ნაწლავური ინფექციის პრევენცია ზაფხულში?“ – ექიმი 5 ძირითად წესს ასახელებს, რომლის დაცვაც თავიდან აგვარიდებს ნაწლავურ ინფექციას:

„პირველ რიგში, მინდა ვახსენო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხუთი ძირითადი წესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეგრეთწოდებული დიარეული, ანუ ნაწლავის მოქმედების გახშირებით მიმდინარე დაავადებები.

განსაკუთრებით ეს სეზონურია და მნიშვნელოვანია ზაფხულში. აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით კი ჭამის წინ.  წყალი და პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო, უნდა ვიცოდეთ, რა წყალს ვიყენებთ დასალევად და საკვებისთვის. ასევე უმი პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს განცალკევებული, არ უნდა გამოვიყენოთ მისი ჭურჭელი სხვა მზა პროდუქტებისთვის და ბოლოს, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმი, 5-დან 60 გრადუსამდე ეს არის ყველაზე საშიში ზონა პროდუქტისთვის. ის აუცილებლად უნდა შევინახოთ მაცივარში მომზადებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

რაც შეეხება მწვავე ნაწლავურ ინფექციას, ეს არის ინფექცია, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას. ძალიან ხშირად მშობლები კითხულობენ, როგორ ხდება მისი გადადება, ეს ხდება კონტაქტური გზით ჭუჭყიანი ხელი, ჭუჭყიანი პროდუქტი და ვიღებთ ინფექციას. მეორე გადამდები  კი ესაა ჰაერწვეთოვანი გზა, ეს ხდება გრიპით, სხვა რაიმე ვირუსით, ამ დროს შეიძლება დაგვემართოს ღებინება, გულისრევა და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, რასაც ექიმები დიარეას ვეძახით“, – ამბობს უბერი.

გადაცემა ვრცლად:

„დაიბანეთ ხელები, გარეცხეთ, გათალეთ, ისევ გარეცხეთ და შემდეგ მიირთვით“ – 5 წესი ნუგზარ უბერისგან ნაწლავური ინფექციების ასაცილებლად

რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავური ინფექცია ბავშვებში,  როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა და როგორ შეიძლება მოვახდინოთ ამის პრევენცია; როგორ დავეხმაროთ ბავშვს ნაწლავური ინფექციის სიმპტომების გამოვლენის დროს, როდესაც ქალაქგარეთ ვიმყოფებით და საერთოდ, როგორ მოვემზადოთ და გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი ზაფხულში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებს. ვრცლად გადაცემა…

magti 5g