“ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა – ამ დილის მდგომარეობით მათმა რიცხვმა 330-ს გადააჭარბა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდპაციენტების მართვა დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშეა შესაძლებელი:
“ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები.
თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, თუ რა პროტოკოლის მიხედვით გამოიყენებენ მონოკლონურ ანტისხეულებს.
“განვიხილეთ ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც გერმანიის მთავრობისგან და ამერიკის მხარისგან ქვეყანამ დონაციის სახით მიიღო. ის უკვე ქვეყანაშია და მზად ვართ, გამოყენება დავიწყოთ”, – თქვა გაბუნიამ.
დამატებითი შეზღუდვების დაწესება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია – გაბუნია