რეჟისორი დათო იმედაშვილი, რომელმაც სახელი ფილმ „ოცნების ქალაქის“ გადაღებითა და სხვადასხვა რეიტინგული ტელეპროექტით გაითქვა, საქართველოში აღარ ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე თვეა, ის მეუღლესთან, მოდელსა და ტელეწამყვანთან, ანნასთან და შვილებთან ერთად აშშ-ში გადავიდა. წყვილი ორ ვაჟთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს. დათოს თან ახლავს უფროსი ვაჟიც, ლუკა იმედაშვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
როგორც ანნა იმედაშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს:
„გადასვლის მიზეზი, როგორც დათო იტყოდა, ისაა, რომ „რუსეთის გუბერნიაში“ ცხოვრებას ვერ შევეპუებით… ვფიქრობთ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენს სამშობლოს აქედან უფრო გამოვადგებით, ამიტომაც ავიყარეთ გუდა-ნაბადი და ოჯახით წამოვედით. ჩემთვის და დათოსთვის აქაურობა უცნობი არ იყო – 2008 წელს, როცა დათომ გადაწყვიტა ჰოლივუდთან ერთად გაეკეთებინა ფილმი (“აგვისტოს 5 დღე”), film market-ზე ჩამოვედით, მას მერე შეყვარებული ვიყავი აქაურობაზე… ახლა უკვე „გაბევრებულები“ დავბრუნდით. პეტრე უკვე სკოლაში წავიდა, დანიელი – ბაღში… ორივეს მოსწონს ახალი გარემო.
გეგმებს რაც შეეხება – ახალ პროექტებზე ვმუშაობთ…“
ინტერვიუ: ნინო მურღულია