პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის შესახებ გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე შესაძლო გეგმები, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტურობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები.
შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ. სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
შეგახსენებთ, მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების დაწყება ცოტა ხნის წინ დაანონსა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. პირველ სახელმწიფო საწარმოდ, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დასახელდა.