LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები 10 მილიონით დაფინანსდება

97

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ამ პროგრამის მიზანია, რომ არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მაღალმთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც გადავიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და დასახლდეს მთიან რეგიონებში. გასული წლის განმავლობაში, 7200 ოჯახმა ისარგებლა ვისაც შეეძინა შვილი, პირველ ორ შვილზე დამატებით 100 ლარია განსაზღვრული, სამზე და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარია განსაზღვრული. ასევე 70 000-ზე მეტმა პენსიონერმა ისარგებლა ამ პროგრამით, რაც არის 20%-იანი დანამატი პენსიაზე. ასევე სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა ისარგებლა ამ პროგრამით. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პენსიაზე 100%-იანი დანამატია განსაზღვრული. მოქმედი პედაგოგებისთვის კი 35%-იანი დანამატია. 80 000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები, პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„20 მილიონი ლარიდან, რომელიც იყო გამოყოფილი მაღალმთიანი დასახლების ფონდში, 10 მილიონი მიემართება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში – „დანერგე მომავალი“ მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის, 7 მილიონი ლარი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამას, რაც ძალიან დიდი სიკეთეა მთაში მცხოვრები ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g