“უკვე ვისაუბრე გუნდთან, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” ფორმატში უსმენენ.
ღარიბაშვილის განცხადებით, გარკვეული შეზღუდვები ეპიდემიოლოგებთან კოორდინაციითა და ჯანდაცვის მინისტრის რეკომანდაციების გათვალისწინებით შემსუბუქდება:
“ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.” – თქვა პრემიერობის კანდიდატმა.
მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზე და განმარტა, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება:
“პირველი ვაქცინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება. ” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.