თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს – მისალოცი წერილის შინაარსს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს, მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.