რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელიც “იუთუბზე” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მუსიკოსია, ყველა ახალი კომპოზიციით ტრენდის სათავეში ექცევა ხოლმე. მუსიკა, რასაც ქმნის, თითქოს კონკრეტულ სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის და მისი შემოქმედება ასი ათასობით ნახვას აგროვებს “იუთუბზე”.
ზაზა პროფესიით რეჟისორია და საკუთარ ვიდეოებზეც, მეგობრებთან ერთად, თავად მუშაობს.
პანდემიის პერიოდში სტუდიაში იმუშავა და ახალი ალბომი წარუდგინა მსმენელს. “შეცვალე სამყაროს” შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ერთ-ერთმა ტრეკმა ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია. სიმღერაზე სახელწოდებით “შანსი არ არის” ინსტრუმენტალი ცნობილმა ჯაზპიანისტმა, ბექა გოჩიაშვილმა შექმნა.
ზაზა ნოზაძეს ალბომის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
ეს პანდემია როგორ გამოიყენე, როგორც მუსიკოსმა, რა ახალი იდეები დაგებადა?
ზაზა ნოზაძე:
რეალურად, უკვე გადაწყვეტილი მქონდა მეორე ალბომის ჩაწერა და პანდემიის პერიოდს დაემხთვა. ასე, რომ შეიძლება ითქვას, მთელი ეს დრო ამ ალბომზე მუშაობას დავუთმე.
ახალ ალბომზე ვისთან ერთად იმუშავე და რომელია შენთვის გამორჩეული კომპოზიცია?
ალბომის სახელია „შეცვალე სამყარო“. ინსტრუმენტალებზე მუშაობდა რამდენიმე ბითმეიკერი; Omar K, Nick Green, Haru, Cas, Dzvali & Cibo. ამ ადამიანებთან აქამდეც მიმუშავია და სრულიად გვესმის ერთმანეთის. იყო ერთი ექსპერიმენტიც, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, სადაც ინსტრუმენტალის ავტორი ცნობილი ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩაშვილი გახლავთ. ალბომი თავიდან ბოლომდე დამზადდა HaruTune Production-ში და უკვე განთავსებულია თითქმის ყველა მუსიკალურ ფლატფორმაზე. ალბომის მთავარ სინგლზეც, (სახელწოდებით „შეცვალე სამყარო“) კლიპი რამდენიმე კვირის წინ შევთავაზე ჩემს მსმენელს და ჯერ კიდევ გადაღების პროცესში ვარ, რადგან ვაპირებ, კიდევ ორი ვიდეო შემოგთავაზოთ.
რეპი საქართველოში მაინც ანდერგრაუნდია? რა ტიპის მსმენელი გყავთ?
ჩემი აზრით, ანდერგრაუნდი არის ცხოვრების სტილის გარკვეული ეტაპი რეპერის ცხოვრებაში, ვიდრე უბრალოდ მუსიკალური დამოკიდებულება. ჩემს შემთხვევაში უეჭველად ასეა. შესაბამისად, ვცდილობ, ჩემი მუსიკა მეინსთრიმად ვაქციო, რაც ურთულესიცაა ამდენად მცირე ბაზარზე, თუმცა ამ ყველაფერს თავისი შედეგები აქვს, რაც პირველ რიგში, აისახება მსმენელის ოდენობაზე.
დღესდღეისობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ტიპის მსმენელი ჰყავს ჩემს მუსიკას, სხვადასხვა ფენის, ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რაც ძალიან სასიამოვნოა და სტიმულატორია ჩემთვის.
როგორ ფიქრობ, რატომ აქვს შენს კლიპებს ასი ათასობით ნახვა იუთუბზე და როგორ ხდება, რომ შენი ახალი კომპოზიცია მყისვე ტრენდული ხდება?
ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანულობა და გულწრფელობაა, რომელსაც მსმენელი ეგრევე გრძნობს და შენთან უშუალო დამოკიდებულებაში შემოდის, მით უმეტეს ამ ჟანრში.
ქართულ რეპს საკუთარი ხელწერა გააჩნია თუ მაინც მიმბაძველობაა, როგორ ფიქრობ?
ყოველთვის იქნებიან ყველა ქვეყანაში ადამიანები, ვისი შემოქმედებაც ცალსახად მიმბაძველობაა და გარკვეული დროის მერე, ყველას ავიწყდება. თუმცა ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არიან საინტერესო არტისტები, ვინც სრულიად ინდივიდუალურ ნიშას ქმნის თავისი შემოქმედებით და ტოვებს საკუთარ ხელწერას.
შენი ხელწერა რა არის?
ტექსტის წერის მანერა, წაკითხვის მანერა, სასცენო მოძრაობა, ინსტრუმენტალების ჟღერადობა, გემოვნება და გულწრფელობა არის ის ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში წარმოშობს საკუთარ წელწერას.
უჩვეულო კოლაბორაციას თუ გააკეთებდი, შენგან ჟანრით სრულიად განსხვავებულ არტისტთან და რომელთან მოისურვებდი?
ვინაიდან საქართველოში დავიბადე, ყველაზე მეტად გამიხარდებოდა, მქონოდა პატივი გამეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული და დიდებული, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად.
როგორც რეჟისორს მინდა გკითხო, რას გადაიღებდი პანდემიის შემდეგ?
ჩემივე ახალ სიმღერაზე კლიპს, სახელწოდებით „გოგო ასწორებს“.
ნინო მურღულია