LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეპრესიული პოლიტიკა კულტურის სფეროში” – “დროა” და “საქართველოსთვის” პარასკევს აქციას შეუერთდებიან

105
271811082-1384249505362982-1717359753147326199-n

შეუძლებელია, ქვეყანაში, დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, შემუშავდეს კულტურის განვითარების კონკრეტული ხედვა, რადგან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის არსებობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რისი მოგუდვის მცდელობის თვითმხილველებიც ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენციაზე შეკრებილმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს.

კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც პარტია “დროას”, “ლელო საქართველოსთვის” ლიდერები და ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე მართავდნენ.

“კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია სახელოვნებო სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები. ნათელია, რომ კულტურის სამინისტროს გეგმებში, სამწუხაროდ, არ შედის შემოქმედებითი ინსტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ პირიქით, მათი დასუსტება, დაშლა, პროფესიონალი კადრების დისკრედიტაცია, დაშინება, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორება, საკადრო წმენდის, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციებისა და კონკურსების გზით. ამას ემატება სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – რასაც ეწირება გელათის მთავარი ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი და არაერთი სხვა ძეგლი.

პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია – დროა“ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პროფესიონალს, ვინც საკადრო წმენდის უსამართლო პროცესებს შეეწირა და დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებებს ყველა შესაძლო გზით. ამავდროულად, შემუშავების პროცესშია რეპრესიული სისტემის მხილების სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, კულტურის სამინისტროს იძულებას, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პასუხი გასცეს მის მიერ დანაშაულებრივ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არსებულ ყველა კითხვას.

საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების ინფორმირებით, არასამთავრობო სექტორთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევეცდებით, ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას და საზოგადოების ინფორმირებას ყველა ეტაპზე.

შეუძლებელია, ქვეყანაში, დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, შემუშავდეს კულტურის განვითარების კონკრეტული ხედვა, რადგან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის არსებობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რისი მოგუდვის მცდელობის თვითმხილველებიც ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში.” – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

პარტიების, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“, ლიდერები პარასკევს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ სრულ მხარდაჭერას და საკუთარ პოზიციას მიმდინარე რეპრესიულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პოპულალურები