„რესპუბლიკელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს და ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებული კანონი გაასაჩივრეს.
პერსონალური საჩივრები ჩააბარეს პარტიის ლიდერებმა, წევრებმა და მხარდამჭერებმა. ისინი კანონის იმ ნაწილს ასაჩივრებენ, რომლითაც ოპერატიული ტექნიკური სააგენტო ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში რჩება.
“იმ დებულებების გასაჩივრებას მოვითხოვთ, რომლებიც ხელყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისეთ უწყებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანებს, რომლებიც სუს-ის დაქვემდებარებაშია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამ სისტემის არსებობა არ შეიძლება და არაკონსტიტუციურია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ისევ გააუქმებს ამ კანონს, იმიტომ რომ კანონმა არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა. ჩვენ 20 ინდივიდუალური სარჩელი წარმოვადგინეთ”, – აცხადებს თამარ კორძაია.