საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია მთლიანად გაჩერდება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება“. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს.
„რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. მისივე თქმით, საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
„რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით – ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში – 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახლა შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ტყუილი აღმოჩნდა თუ არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნათქვამი, რომ შენობას მდგრადობის პრობლემა ჰქონდა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს.
„არა, მდგრადობაზე არაა საუბარი, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.