რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მათ საქმეებს მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ.
დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ, ამასთან, მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, მათ შორის, „მონას“.
რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, პარალელურად, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 პირი – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.