მედიასაშუალება Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ აშშ-ში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს.
მედიასაშუალება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ შიდა დიპლომატიურ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ათობით ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და რომლის მოქალაქეებს, შესაძლოა, სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდოთ შესვლა აშშ-ში, თუ აღნიშნული ქვეყნები კრიტერიუმებს და მოთხოვნებს 60 დღის ვადაში არ დააკმაყოფილებენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩამონათვალშია შემდეგი ქვეყნები: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ კიტსი და ნევისი, სან ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ჩამოთვლილ ქვეყნებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის ასახელებს დოკუმენტების უსაფრთხოებას, მათი მოქალაქეების ჩართულობას ტერორისტულ, ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ საქმიანობაში და იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს დეპორტირებული მოქალაქეების მისაღებად ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე.
ცნობისათვის, 9 ივნისს ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, 7 ქვეყნის მოქალაქეებს კი შესვლას უზღუდავს.