LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „ეს არის სიმპტომები, რომელთა გაჩენის შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდგომ  ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს…“

6059
rezobojorishvili2345

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი, „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შესახებ აღმოჩენილი სავარაუდო კავშირის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართულ მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოზულ გართულებებს შორის კავშირი დადასტურდა.

მინდა, გავამახვილო ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც მოყვანილია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს  (EMA)-ს ოფიციალურ განცხადებაში და  რაც არაა ნახსენები ქართული მედიის  ტექსტებში.

უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია  მხოლოდ სავარაუდო კავშირზე და ეს გართულება უნდა იქნას განხილული, როგორც ძალზე იშვიათი, მაგრამ შესაძლებელი. დიახ, ძალზე იშვიათი, ვინაიდან ლაპარაკია საერთო 86 შემთხვევაზე და 18 გარდაცვლილზე  25 მილიონი აცრილიდან. გართულებები გამოვლინდა აცრიდან საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში.

შესაბამისად, „ასტრაზენეკას“ აცრის სარგებლიანობა ბევრად სჭარბობს მის რისკს.

ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა ასაკი, სქესი, სხვადასხვა თანმხლები ან გადატანილი დაავადებები ამ იშვიათი გართულების ხელშემწყობი რისკფაქტორები. ანუ სავალდებულოდ მდედრობითი სქესი, 55 წელზე ნაკლები ასაკი და სხვა არ უნდა ჩაითვალოს დადასტურებულ რისკფაქტორებად.

ასევე ნათქვამია, რომ „ასტრაზენეკა“ რჩება ძალზე ეფექტურ ვაქცინად და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს. იმავდროულად, ჩამოთვლილია ის ნიშნები (სიმპტომები), რომელთა გაჩენის შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდგომ კვირაში (სავარაუდოდ 2 კვირაში), აცრილმა ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.  ეს ნიშნებია:

სუნთქვის გაძნელება,

ტკივილი გულ-მკერდის არეში,

ქვედა კიდურების შეშუპება,

მუცლის ტკივილი, რომელიც არ ქრება,

ნევროლოგიური დარღვევები – თავის ტკივილი რომელიც  არ  ქრება ან მხედველობის დაბინდვა,

კანქვეშა სისხლჩაქცევები აცრის ადგილიდან მოშორებით.

შესაბამისად, ეს ყველამ უნდა იცოდეს და სჯობს, ალბათ, ამაზე ყურადღების გამახვილება ისევე, როგორც ინფორმაციის პირველწყაროებიდან მიღება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g