LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ლაღიძე – კაცი, რომლის მელოდიებმაც თბილისს განსხვავებული სული შთაბერა – მუსიკალური ისტორიები 

129
რევაზ ლაღიძე - კაცი, რომლის მელოდიამ თბილისს სული შთაბერა

რევაზ ლაღიძე – გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული მუსიკის ისტორიაში. მისი სიმღერები არა მხოლოდ მუსიკალური შედევრებია, არამედ ქართული სულიერების განუყოფელი ნაწილი. „თბილისო“, „მთაწმინდის მთვარე“, „შენ ჩემი სიმღერა ხარ“, ეს მელოდიები უკვე თაობების გზამკვლევად იქცა და დღემდე ახალ სიცოცხლეს იძენს. ლაღიძის შემოქმედება უბრალო მუსიკაზე მეტია, ეს არის სითბო, სინაზე და სიყვარულით აღსავსე ხმა და სწორედ ამ მელოდიების სიღრმესა და ჰარმონიაში ჩნდება ის განცდა, რომელიც მხოლოდ ნამდვილ ხელოვნებას შეუძლია გააღვიძოს.

რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა სოფელ ობჩაში, ბაღდათის რაიონში. მისი დედა, ლუბა ჯაფარიძე, კარგად მღეროდა და გიტარაზე უკრავდა, ხოლო მამა, ილია ლაღიძე, წლების განმავლობაში რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა. პატარა რეზოს მუსიკისადმი ინტერესი მამიდის ქმარმა, ვასო გოგაძემ გააღვივა, როდესაც ვიოლინო აჩუქა. ამის შემდეგ რეზო თბილისის მეშვიდე მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა, თუმცა თავდაპირველად, როგორც ყველა ბავშვს, ბურთის თამაში უფრო იტაცებდა, ვიდრე ვიოლინოზე დაკვრა.

ერთხელ, სკოლის კონცერტზე, რეზომ ვიოლინოზე სიმღერა შეასრულა, კონცერტს ესწრებოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, პიანისტი ლარისა ქუთათელაძე, რომელმაც რეზოს ნიჭი შენიშნა და სასწავლებელში მიიწვია. აქ რეზო ლუარსაბ იაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა და მალე მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისთვის სამი მინიატიურა , „მგზავრული“, „იავნანა“ და „აღმოსავლური ცეკვა“ დაწერა. ამ ნაწარმოებებმა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის მოწონება დაიმსახურა, რომელმაც რეზოს კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება ურჩია. ასე გახდა რევაზ ლაღიძე ანდრია ბალანჩივაძის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

სტუდენტობის წლებში რევაზ ლაღიძე სიმფონიურ ორკესტრებში ვიოლინოზე უკრავდა, 1949 წელს მან შექმნა სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, რომელიც მის სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „სიმღერა თბილისზე“, იგივე „თბილისო“, 1958 წელს შეიქმნა თბილისის 1500 წლის იუბილესთვის გადაღებული ფილმისთვის „მზიურ მხარეში“. ეს სიმღერა მალევე გახდა ქალაქის ჰიმნი და დღემდე თბილისის სავიზიტო ბარათად ითვლება. რევაზ ლაღიძის თქმით, ამ სიმღერას მთელი ცხოვრება წერდა, ხოლო ჩაწერას მხოლოდ ორი საათი მოანდომა. მუსიკათმცოდნე მარინა ქავთარაძე აღნიშნავს: „ეს შემთხვევითი არ არის. ამ სიმღერას აქვს მელოდიურობა, ჰარმონია, პლასტიკურობა. გარდა ამისა, მას გამორჩეული შემსრულებლები ჰყავდა. ჯერ მარტო ნანი ბრეგვაძის ფაქტორი რად ღირს და იოვანა, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო ეს სიმღერა.“

ლაღიძის შემოქმედება მრავალფეროვანია და მოიცავს ოპერას „ლელა“, მუსიკალურ კომედიებს „მეგობრები“ და „კომბლე“ , სიმფონიურ სურათს „საჭიდაო“, საგუნდო სიმღერა-კანტატებს, როგორიცაა „სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“ და სხვა მრავალ ნაწარმოებს. მან ასევე შექმნა მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისთვის, მათ შორისაა „საბუდარელი ჭაბუკი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ხევისბერი გოჩა“ და „ხევსურული ბალადა“.

რევაზ ლაღიძე არა მხოლოდ თავისი მუსიკით, არამედ პიროვნული თვისებებითაც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა. კოლეგები და თანამედროვეები ხშირად აღნიშნავდნენ მის თავმდაბლობასა და კეთილშობილებას. საბჭოთა პერიოდში კომპოზიტორებს ხშირად უწევდათ იდეოლოგიურ მოთხოვნებთან შეჯახება. რევაზ ლაღიძესაც ჰქონდა მსგავსი გამოცდილება. მისი ქალიშვილი, ლელა ლაღიძე იხსენებს, რომ სიმღერა „გვიხმობს სამშობლო” იძულებით გადააკეთეს „გვიხმობს პარტია”-დ, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის ავტორი, პეტრე გრუზინსკი, წინააღმდეგი იყო. ასევე, „ჰიმნი დედა ენას” გენერალური რეპეტიციის დროს კრიტიკას დაექვემდებარა ტექსტში არსებული სიტყვები „ვოი, დედა ენა”, რაც გოდებას გამოხატავდა.

რევაზ ლაღიძე პედაგოგიურ საქმიანობაშიც გამოირჩეოდა. ის ხელმძღვანელობდა პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრას, სადაც სტუდენტებთან განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი ურთიერთობდა. ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს, როგორ გადაარჩინა ლაღიძემ იგი გამოცდაზე ჩაჭრას: „შემოვიდა ბატონი რეზო და მიმიკით მკითხა, იციო? – არა-მეთქი, ვანიშნე. ამის შემდეგ ლექტორს გვერდით მიუჯდა და ჩემი ქება დაიწყო; უთხრა, რომ ძალიან კარგად ვუკრავდი და ასევე კარგად ვსწავლობდი… იმ დღეს ბატონმა რეზომ ჩაჭრას გადამარჩინა.“

ბევრ ადამიანს ლაღიძის ზოგიერთი სიმღერა ხალხური ჰგონია. მისი ქალიშვილი, ლელა ლაღიძე აღნიშნავს: „ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ როდესაც მოისმინეს „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები”, იმწუთასვე რეზო ამოიცნეს. ხოლო საინტერესო ისაა, რომ ეს მელოდია სინამდვილეში გიორგი ჩუბინიშვილის არის.“ ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეეძლო ლაღიძეს ხალხური ჰანგების ინტეგრირება საკუთარ შემოქმედებაში.

რევაზ ლაღიძის ცხოვრების ბოლო წლები მისი შემოქმედებითი აქტიურობითა და პირადი ბრძოლებით იყო აღბეჭდილი. მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებისა, იგი კვლავაც აგრძელებდა მუსიკის შექმნას და საზოგადოებრივ საქმიანობას. ლაღიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლის ბოლოს გაუარესდა. 1981 წლის შემოდგომაზე, ერთ საღამოს, მან მეუღლეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დაიძინე“ წაუკითხა, რაც თითქოს წინასწარმეტყველური იყო. მეორე დილით, 16 ოქტომბერს, იგი გარდაიცვალა.

რევაზ ლაღიძე დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g