რიგა – ძალიან ლამაზი ქალაქია. მისმა ცენტრალურმა რაიონმა შეინარჩუნა ძველი, ძალიან ძველი და უძველესი შენობა-ნაგებობების მთელი კომპლექსი. გარდა ამისა, რიგა ყოველთვის იყო „უფროსი ძმა“ პატარა ბალტიურ ოჯახში. ტალინთან და ვილნიუსთან შედარებით ეს ქალაქი მეგაპოლისის შთაბეჭდილებას ტოვებს.
განიერი დაუგავას (500-მეტრიანი) მიერ გაყოფილი რიგა არტ-ნუვოს სტილის ფასადებით, დიდი მწვანე პარკებით, მყუდრო ბარებით, შუასაუკუნეების გრავიურებით, ღამის ცხოვრებით, ძველი და ახალი რიგის შარმით გულგრილ არავის ტოვებს და სამუდამოდ რჩება ტურისტის მეხსიერებაში.
რიგის რაიონები
ადვილი მისახვედრია, რომ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ცენტრალური რაიონია. ამ პატარა მოედანზე ქალაქის უმეტესი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი, რომელთა შორის მთავარი ძველი რიგაა. რადგან თავად რაიონი მხოლოდ 3 კვ/კმ-ს იკავებს, შეიძლება ითქვას, რომ 1 კვ/კმ-ზე 3-4 მუზეუმი მოდის.
ტორნას ქუჩის სიგრძე 470 მეტრია. აქ მდებარეობს ძველი რიგის ყველაზე გრძელი შენობები: 135 მეტრიანი „არსენალი“ და ეკაბას ყაზარმა – 200 მეტრი.
გვერდს ვერ აუვლით ისტორიულ-კულტურული კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შენობას – რიგის ციხესიმაგრეს. ის გახლავთ ლატვიის პრეზიდენტის რეზიდენცია, დაუგავას სანაპიროზე.
რაც შეეხება ცხოვრებას, სასტუმროს ნომრები ცენტრში იაფი არ არის, მაგრამ თუ სულ რამდენიმე დღით ხართ, მაინც აქ ჯობს გაჩერება.
ბიუჯეტური ვარიანტები კი ცენტრალურ სადგურთან უნდა მოძებნოთ.
ადმინისტრაციული რაიონებიდან ყურადსაღებია ვიძემის გარეუბანი და ზიემელის რაიონი. პირველ მათგანშია ლატვიის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ამ ღია ცის ქვეშ მუზეუმში 118 ისტორიული ნაგებობაა მთელი ქვეყნიდან და აქ ექსკურსიებს გიდები ეროვნულ სამოსში გამოწყობილები ატარებენ (შესვლის ღირებულება 1.5-4 ევროა).
უნდა შეიაროთ რიგის მოტორმუზეუმშიც, სადაც ძველ ავტომობილებს და მოტოტექნიკას ნახავთ. ზიემელის რაიონი კი ბუნებაში დასვენებისთვისაა. აქ მდებარეობს კიშეზერსის ტბა, პარკი და რიგის ზოოპარკი.
ტრანსპორტი
რიგაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგადაა განვითარებული: ავტობუსის, ტროლეიბუსისა და ტრამვაის ბევრი მარშრუტია. ავტობუსი ყველა რაიონს და ქალაქის მიმდებარე ადგილებს მოიცავს, ტრამვაი კი ცენტრში დადის. ბილეთს მძღოლთან იყიდით და ფასი 2 ევროა. თუ ერთიანი სამგზავრო ბილეთით ისარგებლებთ, ერთი მგზავრობა 1.15 ევრო დაგიჯდებათ.
მოქმედებს დროებითი ბილეთებიც, რაც საშუალებას იძლევა შეუზღუდავად გადაადგილდეთ 24 საათის (5 ევრო), 3 (10 ევრო) ან 5 (15 ევრო) დღის განმავლობაში.
ძირითადი ტრანსპორტის გარდა დადიან მინიბუსები, ხოლო დასვენების დღეებში ღამის ავტობუსები.
ქალაქში ბევრი ტაქსია (ყვითელი ფერის). ყველა ოფიციალურია და მრიცხველებითაა აღჭურვილი. სხვადასხვა კომპანიების ფასები დაახლოებით თანაბარია. ჩასხდომა – 1.5 ევრო, 1 კმ – 0.6 ევრო. ღამით მგზავრობა 20%-ით ძვირდება.
რიგის სანაპიროები
რიგაში და მის სიახლოვეს ბევრი პლაჟია – მდინარის, ზღვის და ტბის. სანაპიროები ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა, წყალი გამჭვირვალეა, უსაფრთხოება და სერვისი მაღალ დონეზეა.
ვისაც მარილიან წყალში ურჩევნია ბანაობა, სამი საზღვაო პლაჟია. სამივე ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზეა. იქამდე ავტობუსით მიხვალთ, ხოლო რიგელებისთვის ყველაზე პოპულარულ „ვეცაკის“ პლაჟამდე მატარებელიც მიგიყვანთ. დანარჩენი ორი – „დაუგავგრივა“ და „ვაკარბული“ კუნძულზე მდებარეობს მდინარე დაუგავას შესართავთან. ყველა სანაპირო ქვიშისაა, შესვლა უფასოა.
რამდენიმე მდინარის პლაჟს დაუგავას ორივე მხარეს იპოვით. ყველაზე პოპულარულებია „რუმბულა“, „ლუცავსალა“ და „კიპსალა“. ეს უკანასკნელი ისტორიულ ცენტრთან ყველაზე ახლოსაა და მის ნაპირს ქვიშა ფარავს. წინა ორში კი აკურატულად შეჭრილი ბალახი იზრდება. ყველა პლაჟზეა უფასო გამოსაცვლელი ოთახები და ტუალეტი.
აქტიური დასვენებისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა „ლუცავსალეში“ (საპიკნიკო ზონები, დიდი საბავშვო მოედანი, ტრენაჟორები და ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები).
ტბებთანაც კომფორტული და კეთილმოწყობილი პლაჟებია. „კიშეზერსი“ კარგია, მაგრამ ბაბელიტისის ინფრასტრუქტურას ჩამორჩება.
შოპინგი
რიგაში საყიდლებზე შორს წასვლა არ მოგიწევთ – ბუტიკები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები ისტორიულ ნაწილშია თავმოყრილი. აქ შეხვდებით როგორც დემოკრატიულ ახალგაზრდულ ბრენდებს (Mango, Zara, Next, Rieker და სხვა), ასევე ცნობილი დიზაინერების ლუქს კლასის პროდუქციას (D&G, Fendi და სხვა).
ფასდაკლებების დროს ფასებში სხვაობა საგრძნობი ხდება.
საამისოდ კი ყველაზე ხელსაყრელია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე პერიოდი, გაზაფხულისთვის ფასდაკლებები 80-90%-საც კი აღწევს.
ძველი ქალაქის სიახლოვესაა სავაჭრო ცენტრები „გალერია რიგა“, „ცენტრალური გალერეა“, Origo და Stockmann. თუ მთელი დღე გაქვთ შოპინგისთვის, მაშინ შეგიძლიათ ქალაქის გარეუბანში წახვიდეთ ერთ-ერთ მოლში. სხვადასხვა რაიონებშია უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები – „ალფა“, Domina, Spice და სხვა.
კვირაობით ბევრი მაღაზია დაკეტილია, გამონაკლისია მსხვილი სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები.
წადით ხელოსნების ბაზრობაზე (კალნციემის კვარტალი), რომელიც შაბათობით იმართება. ხელნაკეთობები, ეროვნული ტკბილეული და ფერმერების პროდუქცია – ისეთი მრავალფეროვნებაა, თავი საით მიატრიალოთ ვერ მიხვდებით.
რიგის კაფე-რესტორნები
ლატვიის დედაქალაქში ბევრი კაფე, რესტორანი და ბარია, ფასების საერთო დონე საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილში. ბევრ მათგანში აქციები მოქმედებს – ბიზნეს ლანჩი, დღის კერძი და ასეთები.
ვისაც ლატვიური სამზარეულოს დაგემოვნება სურს, ძველ ქალაქში აუთენტური რესტორნებია. სადილის ან ვახშმის ღირებულება 20-დან 40 ევრომდე დაგიჯდებათ. მენიუშია – რძის და პურის წვნიანი, ქაშაყისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძები, მოხარშული კარტოფილი, სისხლიანი ძეხვი და ბევრი სხვა. სასმელებიდან ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივ ლუდს. თუ გიყვართ ეს ქაფიანი სასმელი, მაშინ ჯობს ლუდსახარშში წასვლა, რომლებიც ქალაქში ცოტა არ არის – ინგლისურ და ირლანდიურ პაბებსა თუ გერმანულ ბარებში სახელგანთქმული ლუდის სორტებით ისიამოვნებთ.
ტურისტებს შორის პოპულარულია ქალაქის ცენტრში მდებარე გასართობი კომპლექსი Lido. ის გაფორმებულია ეთნიკურ სტილში და ყურადღებას იპყრობს საკუთარი წისქვილით და ლუდსახარშით. ასევეა გასართობი ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. იქაური ბისტროები და კაფე-რესტორნები კი დემოკრატიული ფასებით გამოირჩევა.
გართობა და ღირსშესანიშნაობები
რიგა – შედარებით პატარა და მყუდრო ევროპული ქალაქია. მიუხედავად ამისა, ყველა ღირსშესანიშნაობისა და სამუზეუმო ექსპოზიციების შემოვლას რამდენიმე დღე დასჭირდება. მართალია უმრავლესობა ცენტრშია, მაგრამ დაუგავას მეორე მხარეს და გარეუბნებშიც არის სანახავი.
ძველ ქალაქში პირველად რატუშას მოედანზე უნდა მიხვიდეთ. უშუალოდ რატუშის შენობის გარდა, ყურადღება მიაქციეთ სახელგანთქმულ შავთავიანთა სახლს. მოედნის ცენტრში ამაყად დგას როლანდას ქანდაკება – ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. ოდნავ მოშორებით არის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა – წმინდა პეტრეს ტაძარი მაღალი წვეტით, რომელიც ძველი რიგის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს.
თუ დრო გაქვთ, აუცილებლად ადით ტაძრის სათვალთვალო მოედანზე. 72 მეტრი სიმაღლიდან შესანიშნავი ხედი იშლება. შესასვლელი ბილეთი 9 ევრო ღირს. 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
შორს არ არის დომის მოედანი, რომელიც ძველი რიგის გულია. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ცნობილი დომის საკათედრო ტაძარი – ნამდვილი სიმბოლო, რომელიც რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს. აქ ინახება 25-მეტრიანი ორღანი, რომლის ხმოვანება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. შესვლა დაახლოებით 7 ევროა. თუ დაემთხვა, კონცერტის ბილეთიც ამდენივე ღირს.
რიგაშია კატების სახლი. ლეგენდის თანახმად, მდიდარმა ვაჭარმა ეს სახლი 1910 წელს ააშენა და მასზე გილდიის შენობისკენ ზურგით კატები დააყენა, სადაც იგი არ მიიღეს (რაღაცით ქეთოს მამას, მაკარს წააგავს, არა).
დგას დიდი გილდიის მოპირდაპირედ. იმით არის ცნობილი, რომ სახურავზე ლითონის ორი კატაა. 1910 წელს ეს სახლი მდიდარმა ვაჭარმა ააგო, რომელიც დიდ გილდიაში არ მიიღეს. ვაჭარი გაბრაზდა და სახურავზე ორი კატა დადგა, კუდი კი ცინიკურად დიდი გილდიის შენობისკენ მიუშვირა. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია და ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კატები სხვა მხარეს მიაბრუნეს.
უნდა ნახოთ ბრემენელი მუსიკოსების ქანდაკება, მით უმეტეს ძმები გრიმების პერსონაჟების ძეგლს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ზღაპრის ოთხი გმირი ძველ რიგაში 1990 წელს გამოჩნდა. სიმბოლურია – ცივი ომის დასრულება და რკინის ფარდის დაშვება.
მუზეუმები
ხანგრძლივი შვებულებაც არ გეყოფათ ყველა მუზეუმის სანახავად. ამიტომ წინასწარ უნდა შეისწავლოთ და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო.
ზემოთაც ვთქვით, რიგის ციხესიმაგრეში ორი მუზეუმია – ლატვიის ისტორიის მუზეუმი (ლატვიელთა ცხოვრების ექსპონატები) და საზღვარგარეთის ხელოვნების მუზეუმი (უძველესი ფერწერა და ქანდაკებების კოლექცია – მუზეუმი მდებარეობს ვენეციურ სტილში აგებულ რიგის ბირჟის შენობაში).
ძველი შენობების ანსამბლში „სამი ძმა“ არქიტექტურის მუზეუმი (გამოფენები ერთმანეთს ენაცვლება) მდებარეობს. საინტერესოა ეროვნული სამხატვრო მუზეუმი (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება).
როგორც აღვნიშნეთ, ღირს მოტორმუზეუმში მისვლაც – ძველი ავტომობილების ექსპოზიციების მიხედვით მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. ოღონდ ეგაა, რომ ის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ბევრი ტურისტი არ მიდის.
რიგაში სხვა საინტერესო მუზეუმებიცაა. ესენია:
დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი.
ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი.
ფაიფურის მუზეუმი.
რიგის ისტორიისა და ზღვაოსნობის მუზეუმი.
სამკაულების მუზეუმი.
არტ-ნუვოს მუზეუმი.
იუგენდსტილი (იგივე მოდერნი) იმდენად პოპულარულია რიგაში, რომ მას ამ არქიტექტურული მიმართულების ევროპულ დედაქალაქად მიიჩნევენ. ბილეთის ფასი: 6 ევრო (მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით) და 3.5 ევრო (ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით).
რა ვნახოთ რიგასთან ახლოს
ელეგანტურ რიგასთან ერთად ლატვიაში ყოფნისას შეგიძლიათ ქალაქ გარეთაც გახვიდეთ. მაგალითად მოინახულეთ ბაროკოს სტილის დაუგავპილსი, თვალწარმტაცი ციხესიმაგრე ცესისში და ცნობილი კურორტი – იურმალა.
დაუგავპილსი
სიდიდით მეორე ლატვიურ ქალაქ დაუგავპილსს ოთხჯერ შეუცვალეს სახელი. მისი ისტორია დინაბურგის ციხესიმაგრიდან მოდის, მაგრამ დროთა განმავლობაში ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა – ლიეტუველებს, პოლონელებს, რუსებს შორის. ისტორიის, კულტურის და ბედისწერის შერწყმამ აქ განსაკუთრებული ატმოსფერო წარმოშვა.
რიგიდან ყოველდღიურად 4 მატარებელი (4 საათი გზაში) და 8 ავტობუსი (3 სთ 30 წთ) დადის.
ცესისი
პატარა სიმპატიური ქალაქი ცესისი ქვეყანაში უძველესად მიიჩნევა (800 წელზე დიდი ასაკისაა). ის ძალიან თვალწარმტაც ადგილზე მდებარეობს ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე წიწვოვანი ტყის გარემოცვაში.
ყველაზე მარტივი მისასვლელი რკინიგზაა. მატარებლები რიგიდან დღეში სამჯერ გადიან. საათში ერთხელ კი რიგის ავტოსადგურიდან ავტობუსი მიდის, რომელსაც საათნახევარი სჭირდება.
იურმალა
იურმალა – ბალტიისპირეთის უდიდესი კურორტი, რომელიც 30 კმ-ზეა გადაჭიმული. ის 15 დასახლებისგან შედგება, მათგან ყველაზე ცნობილია – ბულდური, მაიორი, დუბულტი, ძინტარი, იომასი, ვაივარი და იაუნკემერი.
იურმალა დასვენების სამ ზომას აერთიანებს – საზღვაო, სატყეო და კულტურული.
კურორტი რიგის აეროპორტიდან სულ რაღაც 20 კმ-შია. დედაქალაქიდან სანაპიროსკენ ელექტრომატარებელი, ავტობუსი და ტაქსი დადის.
რადგან ქალაქი სანაპიროს გასწვრივაა, მატარებელი 10-12 გაჩერებას აკეთებს (ფასი: 1-1.5 ევრო).
ავტობუსები 10-30 წუთში ერთხელ დადის, მგზავრობის ღირებულება 2 ევროა (1.5 ევრო თუ წინასწარ შეიძენთ ჯიხურებში ან ავტომატებში). დაახლოებით ნახევარი საათი და უკვე ამ ცნობილ კურორტზე აღმოჩნდებით.