ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ფსიქოლოგიურ ფუნქციებს არაერთი პრობლემა შეიძლება შეექმნას. არის მომენტები, როცა მეხსიერებას, ძილს, განწყობასა და მოტივაციას მცირეოდენი „ხელის შევლება“ ესაჭიროება. რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ეს, სხეული ამას თავისით ყოველთვის ვერ ახერხებს.
ასეთ დროს უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა მედიკამენტი გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი წამალია ფენიბუტი, რომელიც ფსიქოსტიმულატორი და ამასთანავე ნოოტროპული საშუალებაა. მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენს ტვინს უკეთ მუშაობაში დაეხმაროს, თუმცა მის გამოყენებას თან ახლავს საფრთხეები და კითხვის ნიშნებიც.
ფენიბუტი საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა შექმნეს 1960-იან წლებში. შენიშნეს, რომ კატებსა და თაგვებს წამალი ძალიან თენთავდა. მათ პრეპარატი საზოგადოებას „ახალი ტრანკვილიზატორის” სახელით გააცნეს, რომელსაც შეეძლო შფოთვა და დეპრესია შეემსუბუქებინა და ძილი გაეუმჯობესებინა. ფენიბუტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და გასულ საუკუნეში რუსი კოსმონავტების კოსმოსურ ჩანთებშიც კი აღმოჩნდა, როგორც შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება.
დღესდღეობით წამლის შესაძლო გვერდითი მოვლენების, ასევე დაუზუსტებელი სარგებლიანობის გამო აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ფენიბუტის გამოყენების ნებართვას არ გასცემს. WebMD-ს მიხედვით, ეს პრეპარატი, შესაძლოა, შფოთვასა და სხვა პრობლემებს ამცირებდეს, თუმცა ამაზე კვლევების უმეტესობა რუსეთშია გამოქვეყნებული. მეორე მხრივ, ამ წამლის მიღება ნებადართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
რისთვის გამოიყენება და როგორ მუშაობს ფენიბუტი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიჩნეულია, რომ ფენიბუტი ტვინს მუშაობაში ეხმარება. ამას ის ამინოფენილცხიმოვანი მჟავის ჰიდროქლორიდის მეშვეობით აკეთებს, რომელიც პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა. ის ტვინის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერების, გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA), მსგავსი ნაერთია.
ფენიბუტი შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება:
- უღონობით, იგივე ასთენიით მიმდინარე და შფოთვითი მდგომარეობები, გუნება-განწყობის ცვალებადობა;
- ხანდაზმულებში: უძილობა და ღამით გამოვლენილი შფოთვა;
- ბავშვებში: ენაბლუობა, ტიკები და შარდის შეუკავებლობა;
- მენიერის დაავადება და თავბრუსხვევა (დაკავშირებული სხვადასხვა წარმოშობის ვესტიბულარულ დისფუნქციასთან); ზღვის დაავადებისა და ნჯღრევის (მგზავრობის დროს) პრევენცია;
- ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტისას ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიმპტომების წარმოქმნის საპრევენციოდ.
მიჩნეულია, რომ ფენიბუტი ნერვული სისტემის დამშვიდების პარალელურად ტვინის მუშაობას ააქტიურებს, ის ერითროციტების შეჯგუფებას უშლის ხელს, ავლენს ანტიოქსიდანტურ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებასაც.
ეს მედიკამენტი ნერვული იმპულსების გადაცემას ამარტივებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამ პროცესში სწორედ ამინოფენილცხიმოვანი მჟავა მონაწილეობს, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მეტაბოლიზმს არეგულირებს.
პრეპარატმა, საერთო ჯამში, არაერთი სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახიფათო გვერდითი მოვლენების გამოვლენის, ზედოზირებისა და დამოკიდებულების განვითარების რისკიც. პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ფენიბუტის გამოყენების პარალელურად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ალკოჰოლის მიღება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფენიბუტი ექიმის ნებართვის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ. თქვენი მკურნალი გადაწყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია ამ პრეპარატის გამოყენება თქვენთვის. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ექიმმა სულაც სხვა პრეპარატის დანიშვნა ამჯობინოს.
(R)