ნინო ნოდიას, იმავე ზუზუს, თამუნა ქორქიას და ქეთი წიქვაძეს, ანუ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკებს“, როგორც მათ ეძახიან, კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით, სადაც ფოტოსესიაც გადავიღეთ და სერიალის კულუარებზეც ვისაუბრეთ. ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე პრესას თავს არიდებს, ასე რომ გოგონები მის გარეშე ჩავწერეთ. ზუზუ და თამუნა დიდი ხნის მეგობრები არიან, ასევე ქეთი და თამუნა, თუმცა სამივე ერთად გადაღებების გარდა, პირველად სწორედ fortuna.ge-სთვის შეიკრიბა.
როგორ მოხვდა თითოეული თქვენგანი სერიალში?
ქეთი:
ცოტა ვღელავდი, როცა როლი შემომთავაზეს, რადგან არ მქონია სამსახიობო გამოცდილება და არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, მაგრამ როლებიც არ აღმოჩნდა რთული და მგონი, კარგად გამოგვივიდა (იღიმის).
თამუნა:
კასტინგზე ჩემმა მეგობრებმა ძალით წამიყვანეს, ვერ წარმომედგინა სერიალში თამაში. ზუზუს და კიდევ ერთი ჩვენი მეგობრის, ნუცის დამსახურებაა, რომ სერიალში აღმოვჩნდი. რომ შევედი კასტინგზე და ეკა გამესაუბრა, ისე გავიხსენი, რომ ჩემი თავის გამიკვირდა, არანაირი გამოცდილება არ მქონია. თავიდან გადაღებაზე დავიძაბე, პირველი სერია რომ ვნახე, ძალიან მეუცხოვა საკუთარი თავი, ვუყურებდი ვიღაც გოგოს, რომელიც არაფრით მგავს, უბრალოდ, გარეგნობა აქვს ჩემნაირი. ყოველთვის არ ვახვევდი, მხოლოდ ერთხელ ვუყურებდი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე…
ზუზუ:
ჩემი და მერე თამუნას მოხვედრა სერიალში ძალიან საინტერესო ამბავია. დავრეკე ჩემი შვილის კლასელის დედასთან, სხვა საქმეზე, აღმოჩნდა, რომ ნუცი იყო საქართველოში კასტინგების დედოფალთან, ეკა მჟავანაძესთან. ეკამ გაიგო, რომ ნუცი მე მელაპარაკებოდა. ცოტა ხანში ნუცის შევხვდი და მითხრა, ეკამ თქვა, ალბათ, ზუზუ სერიალში მონაწილეობაზე არ დაგვთანხმდებაო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მინდოდა ფილმში გადაღება, სერიალში რთული გრაფიკია და ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იქვე გამოვრიცხე ეგ ამბავი. შევთავაზე თამუნა ქორქია, მან კი თქვა, რომ ჩემ გარეშე არ მიიღებდა მონაწილეობას, ასე რომ, თამუნას ხელშესაწყობად წავედი კასტინგზე. იქ ძალიან ვიხალისეთ, მომცეს დიდი ტექსტი, რომელიც წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი ძალიან მგავდა. სერიალში საკუთარ თავს ვთამაშობ. ერთ-ერთი დიდი კომპლიმენტი, რომელიც ხშირად მიმიღია როლთან დაკავშირებით ისაა, რომ ბუნებრივი ვარ და ამას ვეთანხმები, რადგან ზუსტად იმავე ლექსიკით, სიტყვებით, ჟესტიკულაციითა და მორალით ვაგრძელებ სერიალში ამათთვის „შეჩიჩხინებას“, როგორც რეალურ ცხოვრებაში (იღიმის).
ქეთი:
რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით, ჩვენს პერსონაჟებს არაფრით ვგავართ. აქ მთავარი კითხვა ის კი არაა, რა განსხვავებაა ჩემსა და ჩემს პერსონაჟს შორის, არამედ რა მსგავსებაა, რადგან ამასაც კი ვერ გეტყვით. არ მომწონს ის გოგო, ვისაც ვთამაშობ, ნერვებისამშლელი გოგოა, არაფრისმომცემი, იპრანჭებიან და ბევრს ლაპარაკობენ. ასეთი გოგონა ბევრია გარშემო და გვინახავს.
თამუნა:
მათგან აგვიღია კიდევაც თვისებები, ზოგიერთი მათგანი განგვისახიერებია. რაღაც დეტალი ამიღია ზოგიერთისგან… მეც ძალიან განვსხვავდები ჩემი პერსონაჟისგან, ასეთი ცინიკური ადამიანი, რომელიც ყველას დასცინის, მე არ ვარ. შტერ და ცარიელი გოგონების შთაბეჭდილებას ვტოვებთ და ამიტომაც მიჭირს ჩემი თავის ყურება ამ სერიალში. ერთადერთი, რაც ჰგავს, ეს ტერმინოლოგიაა.
ზუზუ:
სერიალი მაინც უტრირებულია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები… მე, მაგალითად, ჩემს რაღაცებსაც ვამატებ ხოლმე. ერთხელ რეჟისორი გამინაწყენდა და მითხრა, სცენარის წერასაც ხომ არ დაიწყებდიო (იღიმის). იმ წუთას მომდის ხოლმე თავში აზრად, რომ რაღაც ფრაზა მოუხდება. ზოგადად, მინდა ვთქვა ჯგუფის შესახებ, რომ საოცარი ჯგუფია, წლებია, ერთად მუშაობენ, მეგობრულები და მზრუნველები არიან. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ილო ბეროშვილი, ნიჭიერი ადამიანია და გადასაღებ მოედანზე ჩვენს გამხიარულებას ცდილობს.
თამუნა:
გადაღებებზე ვერთობით. ზოგჯერ დამღლელიცაა, მაგრამ მთლიანობაში ვმხიარულობთ ხოლმე… ხანდახან ძალიან წყნარად მიდის, მონოტონურად, ხან ძალიან ვერთობით, ხან ვიღლებით. ზოგჯერ მთელი ღამეც გაგრძელებულა გადაღება.
შაურმას ჭამთ?
თამუნა:
მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ მიჭამია. გადაღებებზე ქეთიმ გასინჯა ორი ლუკმა, მე ისიც არ გამისინჯავს, რადგან ზოგადად, არ მიყვარს შაურმა.
ჩიკას როლის შემსრულებელზე მინდა გკითხოთ – ანი ჩირაძე თავის პერსონაჟს რაიმეთი ჰგავს?
ქეთი:
მე კარგად არ ვიცნობდი ანის, ამიტომაც არ ვიცი, რა განასხვავებს.
თამუნა:
მეც არ ვიცნობ ასე კარგად, რომ ანიზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში ძალიან კარგი გოგოა, ზედმეტი არაფერი მოსვლია. გიჟი არის, ფეთქებადი და ემოციური, სხვა თვისებებზე ვერ ვილაპარაკებ, მისი პერსონაჟი უტრირებულია, ზედმეტად სნობია. ანი საერთოდ არ არის სნობი და ძალიან უშუალო ადამიანია. ერთადერთი, ჩიკას ემოციურობაში მიჰყვება.
ზუზუ:
მე ზუსტად ვიცი, რა განასხვავებს მას ჩიკასგან. ჩიკას რომ მოსწონს გავლენიანი ქმარი და მისით მანიპულირება, ეს ანის არასდროს მოეწონებოდა, ასეთი მანქანაც არასდროს ეყოლებოდა. ძალიამ მარტივი და სადა ცხოვრების სტილი აქვს, რამდენადაც მე ვიცნობ.
პოპულარობა მოიტანა სერიალში მონაწილეობამ?
თამუნა:
მოაქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ბავშვები მცნობენ ყველაზე ხშირად და ფოტოებს იღებენ ჩემთან ერთად.
ქეთი:
პირადი ცხოვრება ნამდვილად არ შეუცვლია, მაგრამ მე რაღაც მომენტში ვიგრძენი და ეს ყურადღება სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, არ მომწონს-მეთქი. ქუჩაში რომ მიდიხარ, ვიღაც გაგიღიმებს, ვიღაც მეორეს გადაულაპარაკებს. ჩვენი სახელები სერიალში კარგად არ არის გამოკვეთილი, ამიტომაც გვეძახიან „ჩიკას დაქალებს“ ან „ჩიკებს“ (იცინიან).
ზუზუ:
მე ძალიან ბევრი ზედმეტსახელი მაქვს ზოგადად ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ახლა დამემატა „შანელის გოგო“, „ჩიკას გოგო“, „პუსკუნა“. ქუჩაში ანზორი რომ დაიძახონ, მგონი, ამაზეც მე შევტრიალდები (იცინის). ჩვენს მონაწილეობას „ჩემი ცოლის დაქალებში“ ორი მხარე აქვს – პირველია, ჩვენ რა მოგვიტანა ამან, ჩემ შემთხვევაში დამატებითი ყურადღება ხალხისგან, მეორე კი, ის რეიტიგი, რაც ჩვენმა გამოჩენამ მოუტანა სერიალს. მე თერთმეტივე სეზონი მაქვს ნანახი, ყველა სერია. ჩემ ირგვლივ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც არ უყურებდა სერიალს და ქუჩაში შემხვედრიან და უთქვამთ, თქვენ გამო დავიწყეთ ყურებაო.
ქეთი:
რეჟისორმაც აღნიშნა ეს ამბავი.
ქეთი, შენ გკითხავ პირველს, ოჯახის წევრები როგორ აფასებენ შენს მონაწილეობას სერიალში?
ვერ გეტყვი, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა განსაკუთრებულად შემაფასა. ერთადერთი, როცა კასტინგზე მივდიოდი, დედაჩემმა (მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე – ავტ.) ჩაილაპარაკა, ძალიან გადათამაშებული არ იყოო. როცა სახლში ხმამაღლა ვკითხულობდი ტექსტს, ძალიან დიდი აღშფოთება გამოვხატე, ეს გოგონები ვინ არიან-მეთქი და ეტყობა, მიხვდა, რომ შეიძლებოდა, ზემდეტი თამაში გამომსვლოდა. სერიებს რომ უყურებს, მეუბნება, კარგიაო. ამისთვის სამსახიობო დატვირთვა არ მიუცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ მოსწონდეს, არ მეტყოდა, კარგიაო.
ზუზუ:
ჩემ შემთხვევაში შვილები არიან აჟიტირებულები, 80% მათი ხათრითაა, რომ ამ სერიალში ვთამაშობ. ერთ-ერთი პირველი სერიის შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა მკითხა, ხელებს ასე შენ თვითონ შვრები, თუ რეჟისორმა გითხრაო. ეტყობა, ცოტა ეზედმეტა (იღიმის). დავპირდი, რომ ამის მერე გავაკონტროლებდი, მაგრამ მაინც ვერ ვაკონტროლებ.
ქეთი:
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს სერიალი. ორი შვილი მყავს და ორივეს ძალიან უხარია. უფროსი უფრო აქტიურად უყურებს და ბედნიერია, როცა ქუჩაში ვიღაც მცნობს. თვითონაც ჰგონია, რომ ამ ყველაფრის ნაწილია.
თამუნა:
ჩემი მეგობარი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ძალიან გახარებულია ამ ამბით, უყვარს ჩვენთან ერთად სიარული, რადგან ყველა გვცნობს და გვიღიმის. მისი გარდერობით ვსარგებლობთ, ძალიან ჩართულია ამ ამბავში.
რაც შეეხება ოჯახს, დადებით შეფასებებს ვიღებთ. ზოგადად, კრიტიკულები არიან ხოლმე ჩემ მიმართ, რადგან ჩემს დას მოეწონა, ე.ი. ნორმალური იყო.
სადაც მივდივარ, ყველა „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მელაპარაკება. ამას წინათ აუზზე შემხვდა ქეთის დედა, ნანა. არ ვიცი, რას ეუბნება ქეთის, მაგრამ მე მითხრა, ძალიან მომწონხართო (იღიმის) ყველაზე ამაყი ვიყავი მაშინ, როცა მერაბ ნინიძემ მომწერა, ძალიან კარგი ხარო. სხვები რომ მეუბნებოდნენ, ჩემი ახლობლები, მაინც არ მჯეროდა, მერაბის დავიჯერე. კი ვიცნობ და ვმეგობრობ, მაგრამ მისი კომპლიმენტი სხვაა, მეგონა, „ოსკარი“ ავიღე (იცინის).
ქეთი:
არ მიგრძნია უარყოფითი ემოციები ადამიანებისგან.
ზუზუ:
პერსონაჟების მიმართ ალბათ არის, რადგან გატუტუცებული, მატრაბაზი გოგონები არიან.
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“
ნინო მურღულია