LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირი უდანაშაულოა”- ადვოკატები

274

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, მათგან სამი – უშუალოდ მკვლელობაში არიან ბრალდებული, ორს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ვინ არიან ავთანდილ ამირანაშვილი და დათა კვარაცხელია, რომლებმაც, პროკურატურის ინფორმაციით, იცოდნენ სასტიკი მკვლელობის შესახებ და პოლიციას არ შეატყობინეს.

რა იცოდა მკვლელობასთან დაკავშირებით ავთანდილ ამირანაშვილმა

ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას კლასელი (და არა მეგობარი) იყო. ბექამ ის სახლში დაპატიჟა, სტუმრად მისულ ავთანდილს კი ყოფილი კლასელის სახლში ირმა ყოჩიაშვილი დახვდა. ბექამ და ირმამ საუბრის დროს ახსენეს „ტრუპი“, ყოჩიაშვილმა კი იქვე აღნიშნა, რომ ის „დედამისი იყო“. მეტი დეტალები ადვოკატის, ქართლოს ვაშაკიძის ინფორმაციით, ამირანაშვილს მომხდართან დაკავშირებით არ გაუგია.

ახლა კი, როგორც ვაშაკიძე ამბობს, სამართალდამცველები მიიჩნევდნენ, რომ გაგონილი ორი სიტყვის შესახებ ამირანაშვილს პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა.

არის თუ არა დამნაშავე ბექა შენგელიას მამიდაშვილი, დათა კვარაცხელია

12243231_799825633472604_481870410818607708_n

რაც შეეხება მეორე ახალგაზრდას, რომელიც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, ის ბექა შენგელიას მამიდაშვილია. როგორც პორტალი „კვირა“ წერს, დათა კვარაცხელია დანაშაულის ჩადენის დღეს, 19 ოქტომბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში იმყოფებოდა და თბილისში 25 ოქტომბერს ჩამოვიდა.

დათა კვარაცხელიამ ბავშვობა სოფელ ჯგალში გაატარა. სკოლაც ამავე სოფელში დაამთავრა. ამის შემდეგ, მან სწავლა თბილისში, ხარისხის მართვის საზოგადოებრივ კოლეჯში გააგრძელა. პროფესიად სტომატოლოგია აირჩია.

„ჩემი შვილი სოფელში იყო, 25 ოქტომბერს ჩამოვიდა. მე, თბილისში, საკონდიტრო საცხობში ვმუშაობ. ჩემი ცვლა 3 საათზე დასრულდა. სახლში რომ მივედი, დათა სახლში დამხვდა. მამიდასთან აპირებდა წასვლას. სახლიდან გავიდა. 3 საათის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაკავებულია. ამის შემდეგ დათა აღარ მინახავს. უწესიერესი შვილი მყავს. ძალიან პატიოსანი. სკოლაში ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე იყო. სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდა. თავის ბიძაშვილს ბექას, სულ არიგებდა. ჩემს შვილს მისი ჩაცმულობა და მანერები არ მოსწონდა”, – ამბობს ნანა შენგელია.

სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია კი დათას ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ აფასებს.

„ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. ცეკვავდა. სკოლას ყოველთვის ასახელებდა. ბრწყინვალე მოსწავლე იყო. სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში წავიდა, სტომატოლოგიურზე ჩააბარა. ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახია. დათას პატარა და დღემდე სკოლაში სწავლობს. ბებია საბავშვო ბაღის აღმზრდელია,“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია.

დათა კვარაცხელიას ბებიამ, საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ზოია კვარაცხელიამ შვილიშვილის დაკავების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო. ბებია მომხდარით შოკირებულია.

„ჩემი შვილიშვილი აქ მყავდა. 25 -ში წავიდა თბილისში. რატომ წავიდა, არ ვიცი, მაგას მე ვინ მეტყვის. დათა სულ არიგებდა მის ბიძაშვილს, ბექას. არ მოსწონდა მისი საყურეები და ჩაცმულობა. უნდოდა წესიერად ეცხოვრა, მაგრამ ბექა არ ემორჩილებოდა. დათა სულ სხვანაირი ბიჭია. როგორ მოხვდა ციხეში. დღეს გავიგე ეს ამბავი, გუშინ ტელევიზიას გადმოუცია. ისეთი შვილიშვილი მყავს, სულ ფეხით ჩამოვალთ მთელი სოფელი და ყველას მოვუყვებით დათას შესახებ,“ – ამბობს “კვირასთან” ბრალდებულ დათა კვარაცხელიას ბებია.

კვარაცხელიას ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დღეს გაასაჩივრა.

”მკვლელობასთან მას არანაირი შეხება არ აქვს და პროკურატურის მხრიდან ისიც დასამტკიცებელია, რეალურად იცოდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის შესახებ რამე”, – აღნიშნა ადვოკატმა.