„ჩვენ ისევ კრიზისში ვართ და ეს კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც არჩევნებში დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს“,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით “ხელისუფლების მოქმედებები პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კანდიდატები იმ კომისიის შემადგენელი ნაწილი იყო, შესაბამისად თუ თამარ ჟვანიასადმი ნდობა იყო დაბალი, იგივენაირად დაბალია ამ კანდიდატების მიმართაც. რის იმედად წარმართავს ხელისუფლება ამ პროცეს გაუგებარია. ან რატომ იჩენს ასეთ სიჯიუტეს, თუ აპირებს გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას, რატომ არ ჯდება დიალოგზე და რატომ არ არის მცდელობა, რომ კონსენსუსური ფიგურა წარმოადგინონ და არა ისევ თავისი კანდიდატები?“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ პოლიტიკურ კრიზისშია. ხუხაშვილი თვლის, რომ შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და ცესკოს ევროპელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს.
„ჩვენ ისევ კრიზისში ვართ.. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამ დოკუმენტით გამოვედით მდგომარეობიდან. უბრალოდ, ჩვენ მოგვეცა შანსი, რომ ეს კრიზისი დავასრულოთ. კრიზისი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩავატარებთ ისეთ არჩევნებს, სადაც მხარეებს არა თუ პრეტენზიები არ ექნებათ ერთმანეთთან, არამედ დამარცხებული მოულოცავს გამარჯვებულს. ამას მაღალი ნდობის პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.
სამწუხაროდ საქართველოში ისეთი ფიგურის პოვნა რომელზე მხარეები შეთანხმდებიან ძალიან რთულია. ერთადერთი, ნინო ლომჯარია ჩანდა, მაგრამ მას საკმაოდ სერიოზული კონსტიტუციური თანამდებობდა უჭირავს და არ აქვს სურვილი. სხვა კანდიდატურა, რომელიც ორივე მხარეს მეტნაკლებად მოეწონებოდა უბრალოდ არ არსებობს.
რადგან შარლ მიშელმა აიღო თავის თავზე პაუსხისმგებლობა მთლიანად პროცესზე და კრიზისის დასრულებაზე, ვფიქრობ რომ სხვა გამოსავალი არ არის. ეს იქნება შანსი გადავლახოთ კრიზისი. ეხლა მიდის ისეთი პროცესი, რომ რჩება რისკი ისევ გადავიჩეხოთ სერიოზულ კრიზისულ მოვლენებში“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – გიორგი სანტურიანი შეარჩია.
გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.