29 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ანუკა ცქვიტინიძე და ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი გელა დონაძე სტუმრობდნენ, რომელთაც შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრეს.
– გელა, რამდენად წარმატებული იყო თქვენი მესამე სტუმრობა ამერიკაში?
– ლინკოლ-ცენტრის ფესტივალის ფარგლებში მანამდეც არა ერთი გამოსვლა გვქონდა. მეტიც, ამერიკის 15 შტატი მოვიარეთ კონცერტებით, თუმცა Mostly Mozart Festival-ის ფესტივალში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. საინტერსო კონცერტი გამოვიდა, რადგან ერთმანეთის მონაცვლეობით იყო წარმოდგენილი ბახის ნაწარმოებები და ქართული ფოლკლორი. ამერიკელი კრიტიკოსების მტკიცებით ძალიან დიდი მსგავსებაა ბახის შემოქმედებასა და ქართულ პოლიფონიას შორის.
– თქვენ ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანის ფავორიტი მომღერალი იყავით,
– ბატონ ჯანსუღს ძალიან უყვარდა გურული კრიმანჭული, მე კი, ბავშვობაში სწორედ კრიმანჭულს და კახურ სიმღერებს ვმღეროდი. ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ბატონ ანზორ ერქომაიშვილის შეფასებით უნივერსალურად ვმღეროდი, რაც მხოლოდ სერიოზული მუშაობის შედეგი იყო. ერთ-ერთ კონცერტს, რომელზეც ახალგაზრდა თაობის მომღერლები უფროსებთან ერთად გამოვდიოთ, ბატონი ჯანსუღიც დაესწრო, კულისებში შემხვდა, შემაქო და ძალიან გამიხარდა.

– ანუკა, როგორ შეხვდით გელას და რამ მოგხიბლათ პირველ რიგში?
– ლიტვაში ვიყავით ფესტივალზე, სადაც „ბასიანს“ ჰქონდა კონცერტი. მაშინ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს შორიდან, თუმცა როცა ჩოხაში ჩაცმული გელა სცენაზე გამოვიდა, პირველად მივხვდი, რომ მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მქონდა.
– გელა, თქვენ როგორ გაიხსენებთ ამ ისტორიას?
– ვფიქრობ, პირველ რიგში მუსიკამ, ერთნაირმა გემოვნებამ და შეხედულებებმა გაგვაერთიანა.
– რამდენად მუსიკალურები არიან თქვენი შვილები?
– იკა 4 წლიდან დამოუკიდებლად არჩევდა ნაწარმოებს და სმენით უკრავდა. დედაჩემმა, რომელიც თავადაც პიანისტია მხოლოდ ახლა შეასწავლა ნოტები, რათა ეტაპობრივად მიიღოს მუსიკალური განათლება.
– გაქვთ თუ არა დღე, რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავთ?
– (გელა დონაძე) 12 ნოემბერი – ჩვენი ქორწინების დღეა, ამიტომ ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულად ვგეგმავ ამ დღის აღნიშვნას 2 წლის შემდეგ, როცა 12 ნოემბერს 12 წელი შეუსრულდება ჩვენს ქორწინებას.
– (ანუკა ცქვიტინიძე) გასულ წელს 10 წლის იუბილე ავღნიშნეთ. არაჩვეულებრივი სიურპრიზი მომიწყო გელამ, როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი „ბასიანის“კონცერტზე. ძალიან სასაცილო ქორწილის დღე გვქონდა, რადგან ყველაფერი ნაჩქარევად გავაკეთეთ. ერთდოულად ვემზადებოდი ქორწილისთვის და ფესტივალისთვის, ამიტომ კაბის მორგებაც ძლივს მოვასწარი.

– არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, თუმცა მაინც საინტერესოა, გაქვთ თუ არა რაიმე სიახლე?
– (ანუკი ცქვიტინიძე) პანდემიის ერთადერთი სიკეთე – თავისუფალი დრო იყო, რომელიც სიამოვნებით გავატარეთ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად. გარდა ამისა, რამდენიმე სიმღერა დავწერე ჩემი მეგობრის ქეთი ჭითანავას ლექსებზე. ვიქრობ, კარგი სიმღერები გამოვიდა, დინამიური და პოზიტიური.
– (გელა დონაძე) პრაქტიკულად ყველა სიმღერა ჩემთვის დაწერა, რითაც ძალიან გამახარა, რადგან ახალი ალბომის გამოშვებას ვგეგმავ და მასალას ვაგროვებ. კომპოზიციების არანჟირებაზე რომა გიორგაზე იზრუნებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, კარგი სიმღერები გამოვა.
– რას უსურვებთ ჩვენს მსმენელს საახალწლოდ?
– (ანუკი ცქვიტინიძე) რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას და მხოლოდ სიხარულს.
– (გელა დონაძე) ყველას წინასწარ მივულოცავ შობა-ახალი წლის დღესასწაულებს და პირველ რიგში ამ განსაცდელის გაძლებას, ერთმანეთის გატანას და სიყვარულს ვუსურვებ.
გადაცემის აუდიჩანაწერი



