“მკაფიო დანაშაულია, როდესაც ადამიანებს უკანონოდ იწერენ, ამ საქმეზე აღძრულია საქმე და იმედი მაქვს, რომ დაისჯება კიდეც.” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან განმარტა, თუ რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის:
“მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზეც და არა მხოლოდ გუშინდელზეც, ვიტყვი რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის – არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა სიკვდილს ვალერი გელაშვილი; არაადამიანობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ კუდის მაღალჩინოსნებს, იტაცებენ, უკანონოდ უღკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს – ეს არის არაადამიანურობა. არაადამიანურობაა, როდესაც ამის შემდეგ სახელმწიფო მანქანები აყალბებენ ამ საქმეს, ამის შემდეგ გამოდის შსს-ს მაღალჩინოსანი და აცხადებს, თითქოს მოხდა არა უკანონო მოტაცება, არამედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორება.
ადამიანურობა იცით რა არის? როდესაც ახალგაზრდაზე და მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის ბავშვები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგი, შეტევა და მუქარა ხდება, ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში და მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება – აი ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, მართლა რამეს ხომ არ აპირებთ? ის ეუბნება, არაფერს და მაშინ, რად გინდა შვილო ასეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგები – ეს არის ადამიანურობა და განსხვავება ორ სამყაროს შორის.” – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა.
