26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.
პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გამოეხმაურა და თქვა, რომ „პრემიერის მაგივრად ქართული ჯარის წინაშე ბოდიშს იხდის“.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო.
„როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.