სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს საპატიმროში და ამის შემდეგ თუ გადაწყვეტს მონასტერში წასვლას, შეუძლია წავიდეს.
ეს განცხადება სუბარმა, მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მეუფე აცხადებს, რომ აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.
„სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა მოუწევს საპატიმროში. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება, ეს ჯერ არ ვიცით. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს, მეუფე ნიკოლოზთან და სადაც უნდა, რომელ მონასტერშიც უნდა.
მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მელი მოძღვრად“ და რამდენად გამოდგება მოძღვრად ეს ადამიანი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.
