LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა თბილისის აეროპორტი იბომბებოდა, იუშენკო რუსთაველის გამზირზე საქართველოს ჰიმნს მღეროდა – ეს არის „ვალის გადახდა“… ვიზიტი უკრაინაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს: თინათინ ხიდაშელი

1561
ხიდაშელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ეპატიჟება“. ზელენსკი აცხადებს, რომ „უკრაინაში ჩასვლა შეიძლება საშიში იყოს, რადგან მათი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფინავებისთვის დახურული არ არის.

ჩავა თუ არა უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი? – აღნიშნულ თემაზე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა, რომ „ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის განხორციელების საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს და ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ისაუბრა და თქვა რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ვიზიტი უკრაინაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან აღნიშნულ ვიზიტს მრავალმხრივად დადებითი შედეგები მოჰყვება არამხოლოდ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თვალსაზრისით, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

კობახიძე: ჩვენი პოზიცია უცვლელია, ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს მიაყენებს რუსეთს

„მე ვთვლი, რომ აქამდეც უნდა ჩასულიყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და არცერთი დღე არ არის გვიანი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იქნება ეს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტის წევრები.

ვფიქრობ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი პრინციპში, აზრს მოკლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით საქართველოს მთავრობის პოზიცია. პრემიერი ღარიბაშვილი არ თვლის საჭიროდ უკრაინაში ჩავიდეს, რადგან „თურმე ომი უკრაინაშია და არა საქართველოში“, როგორც აგვიხსნა რაც გაუგებარი იყო და გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდასხმა განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომ თითქოს ის აპირებდა უკრაინაში ჩასვლას, ამაზე აკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ქალბატონმა სალომემ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ არც ის არ გეგმავს მსგავს არაფერს. ამ წუთის მდგომარეობით, იმდენად მტკიცეა ეს პოზიციები, რომ მე არ მგონია მალე რამე რადიკალურად შეიცვალოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს. დაახლოებით იმ ფორმატში, როგორც დღეს ვნახეთ სამი პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. სასურველია და საუკეთესო შემთხვევა იქნება, თუ ის უკრაინაში გამოჩნდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. იქნება ეს ევროკავშირის სახელმწიფოები თუ სხვა. ამას ბუნებრივად მოჰყვება თავისი მრავალმხრივი დადებითი შედეგები, არამხოლოდ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თვალსაზრისით, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

“თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია”- ზელენსკი კიევში ჩასულ პრემიერ-მინისტრებს

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ გვჭირდება იმ მდგომარეობის შეცვლა, რომელიც ახლა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებშია. ამ მდგომარეობის შეცვლის ყველაზე საუკეთესო და სწრაფი შესაძლებლობაა, სწორედ სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი. იქნება პრეზიდენტი თუ პრემიერი.

ვის რა აზრიც არ უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ უკრაინასთან მიმართებაში, ყველას ერთმნიშვნელოვანი აზრი აქვს ამ ქვეყანაში. აუცილებელია რომ უკრაინა-საქართველოს შორის იყოს მეგობრობის და პარტნიორობის ფორმატი, რაც ამ წუთას შელახული და დარღვეულია. ნდობის და ურთიერთობების აღდგენას სჭირდება ეს ვიზიტი.

და მესამე – ეს არის „ვალის გადახდა“ უკრაინისთვის. მაშინ როდესაც თბილისის აეროპორტი იბომბებოდა და საქართველოშიც იდგა იმ ტიპის კრიზისი, როგორიც დღეს უკრაინაშია, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იუშენკო, რუსთაველის გამზირზე ქართველებთან ერთად მღეროდა საქართველოს ჰიმნს. საერთაშორისო და სახელმწიფო ურთიერთობებში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პოპულალურები